|
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, საქართველოში, ლიტვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იონას პასლაუსკასთან, შეხვედრა გაიმართა, სადაც ელჩმა კომიტეტის წევრებს ლიტვის, როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ქვეყნის მომავალი ექვსი თვის პროგრამა გააცნო.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებასა და შემდგომ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ევროკავშირის პრეზიდენტი ქვეყნის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა. „ლიტვა საქართველოსთან მიმართებაში პროაქტიური ქვეყანაა. იონას პასლაუსკასი კი არა მხოლოდ ელჩი, არამედ ჩვენი ქვეყნის მეგობარია, რასაც დღევანდელი შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს“, - აღნიშნა მისასალმებელი სიტყვისას კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ. „საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი საყრდენია. ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები შეუქცევადი უნდა იყოს. საქართველო სწორ გზას ადგას. იგი დინამიურად ატარებს რეფორმებს და დაუღალავად მიდის რეფორმების გზაზე. ლიტვას სჯერა, რომ თქვენი ქვეყანა იქნება ერთ-ერთი მოწინავე, რადგან უკვე გაქვთ ამის რეალური შედეგები. საქართველო თავისი მიზნისკენ - ნატო-სა და ევროკავშირის წევრობისკენ თანმიმდევრულად მიიწევს, - უახლოეს მომავალში მოხდება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველოსთან. საქართველო უახლოვდება ევროკავშირს ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებში, რაც უდავოდ დიდი მიღწევაა“, - განაცხადა შეხვედრისას იონას პასლაუსკასმა. მანვე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. „გასული წლის საპარლამენტო არჩევნები გამორჩეული იყო იმ ნიშნით, რომ მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემა. საქართველო გახდა დემოკრატიის ნიმუში, მან კვლავაც უნდა განაგრძოს დემოკრატიის გზაზე სიარული“, - განაცხადა ელჩმა. ევროკავშირი მოტივირებული უნდა იყოს თანამშრომლობისთვის პარტნიორ ქვეყნებთან. ლიტველები მოვუწოდებთ ევროკავშირის სხვა ქვეყნებს, რაც შეიძლება მალე მოხდეს დაახლოება, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებმა იცხოვრონ სტანდარტებით და ფასეულობებით, დასძინა მან. |