|

7-8 ივლისს, ქ. თბილისში, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და ასოციაციის "ევროპის დროით" ინიციატივით "სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო თანამშრომლობის" (SCPC) მეორე ფაზა გაიმართა. ღონისძიების მიზანი საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პარლამენტების იმ საჯარო მოხელეთა დაახლოება და ცოდნის ამაღლებაა, რომლებიც ევროინტეგრაციულ, კერძოდ, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის საკითხებზე მუშაობენ. "სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო თანამშრომლობის" მეორე ფაზა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა, ასოციაციის "ევროპის დროით" თავმჯდომარემ, ეკატერინე ქარდავამ და ადენაუერის ფონდის სამხრეთ კაკასიის წარმომადგენელმა, შორენა ღარიბაშვილმა გახსნეს. 2-დღიან ღონისძიებაზე საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პარლამენტების წარმომადგენლებმა გააკეთეს პრეზენტაციები "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ" არსებული მოლაპარაკებების მიმდინარეობისა და მთავარი გამოწვევების შესახებ. ეროვნული პრეზენტაციების გარდა მონაწილეემა მოისმინეს შემდეგი პრეზენტაციები: "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება-ევროკავშირის ქვეყნების პრაქტიკა და საკაკნონმდებლო ბაზა", რომელიც საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და საერთაშორისო სწავლებების ფონდის (GFSIS), ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა წარმოადგინა. მომხმარებელთა ფედერაციის პრეზიდენტმა, მადონა კოიძემ ისაუბრა საქართველოში მომხმარებელთა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მიხეილ კორძახიამ კი ყურადღება ბიზნესის სფეროში არსებულ მთავარ გამოწვევებზე გაამახვილა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ დოლიძის განცხადებით: "საჯარო მოხელეების დონეზე, რომლებიც პოლიტიკოსთა ძალიან მნიშვნელოვან დამხმარე ელემენტს წარმოადგენენ, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს კომუნიკაცია შედგეს და მოხდეს გაზიარება იმისა, თუ ვინ რა სტადიაზეა ევროინტეგრაციულ გზაზე". საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, ფილიპ დიმიტროვმა აღნიშნა, რომ "თუ საქართველო დასავლეთის ოჯახის წევრია, მაშინ ამ ქვეყანას საერთო ეკონომიკური ენით უნდა ვესაუბროთ. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება" ხელს შეუწყობს ქართველი ბიზნესმენების წინსვლას და მათ დაახლოებას უცხოელ პარტნიორებთან." SCPC ტარდება მეორედ. პირველი შეხვედრა გაიმართა შარშან, 2012 წლის აპრილში, სადაც საჯარო მოხელეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ინფორმაცია საკუთარ ქვეყნებში ევროინტეგრაციული პროცესების დინამიკისა და განვითარების შესახებ. წელს ღონისძიების მთავარი თემა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (DCFTA) და მასში შემავალი პრიორიტეტული სფეროები - კონკურენცია, სურსათის უვნებლობა, ტექნიკური რეგლამენტები და მომხმარებელთა უფლებების დაცვა იყო. ღონისძიების მხარდამჭერია კონრად ადენაუერის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური წარმომადგენლობის საქართველოს ოფისი. |