| სხდომის ოქმი #4 |
|
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი #4 2012 წლის 22 ნოემბერი
სხდომის თავმჯდომარე: გიგლა აგულაშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გ. აგულაშვილი - კომიტეტის თავმჯდომარე, გ. სამხარაული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თ. ყაჭეიშვილი, გ. ღვინიაშვილი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები, მ. კაჭახიძე (გ. ბუკიას ადგილმონაცვლე), გ.გელაშვილი, ვ. ლემონჯავა, გ. ქავთარაძე, ლ. ქარდავა, რ. ხალვაში, ნ. ჯანაშია. სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა: პ. ცისკარიშვილი სხდომას არასაპატიო მიზეზით არ ესწრებოდნენ: გ. ჟვანია, რ. შავლოხაშვილი. აპარატის თანამშრომლები: ი. ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, მოწვეული სტუმრები: დ. შერვაშიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ზ. ჩეკურაშვილი - სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ უფროსი, თ. კალანდაძე, ზ. ლიპარტია, მ. სოხაძე - „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ უფროსის მოადგილეები, ვ. ქობალაძე - „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი“, მ. კოიძე - საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, შ. მელქაძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „XXI საუკუნე“, ნ. აგიაშვილი - ვეტექიმი, ო. ნიშნიანიძე - საქართველოს პარლამენტის წევრი,რ.კობახიძე - „გარემო, რისკი, საზოგადოებრივი უფლებები“, ზ. კიკალია, ი. ურიდია შემოსავლების სამსახური, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დღის წესრიგი 1.ინფორმაცია - „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ“. (მომხსენებელი: დ. კირვალიძე - საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი). 2.ინფორმაცია: ა. ქვეყანაში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისათვის გაწეული საქმიანობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“; ბ. „ქვეყანაში შექმნილი ეპიზოოტიური მდგომარეობის შესახებ“; გ. „მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ“. (მომხსენებელი: ზ. ჩეკურაშვილი - საჯარო სამართლის იურიდიული პირი „სურსათის ეროვნული სააგენტო“-ს უფროსი). I.მოისმინეს: დ. შერვაშიძის ინფორმაცია „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ“. მან დეტალურად ისაუბრა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კომიტეტის წევრებს გააცნო საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობა თანმიმდევრულად, თითოეული კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის დარგის უფრო ეფექტურად განვითარების მიზნით, დღის წესრიგში დადგა დარგის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა. სამინისტრომ აქტიურად დაიწყო თანამშრომლობაევროკავშირის ექსპერტებთან, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან - სურსათის და ღვინის ეროვნულ სააგენტოებთან. მინისტრის ბრძანებით ზემოაღნიშნული ყველა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემის და მოქმედი ნორმატიული აქტების განხილვა/ანალიზის უზრუნველსაყოფად შეიქმნება შესაბამისი სამუშაო ჯგუფები,რომლის მუშაობაში ჩართულები იქნებიან დარგის სპეციალისტები და საჭიროების შემთხვევაში საერთაშორისო ექსპერტები. /სრული ინფორმაცია - „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროზე, საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ“ - ოქმს თან ერთვის/. აზრი გამოთქვეს: 1.გ. აგულაშვილი: „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა დამცენარეთა დაცვის კოდექსი“-ს საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს მთავრობას კოდექსის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უნდა მიეღო „ბიოწარმოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება. რას გვეტყვით ამ საკითხზე? რეალურად ეს ვადა გასულია. სამინისტრომ ვერ მოახერხა ამის მიღება. მე მესმის,გარდამავალ ვითარებაში ვიმყოფებით და თუ, ამ მიმართულებით მუშაობა არ არის დაწყებული, იქნებ გვითხრათ ამის თაობაზე რამე?დ. შერვაშიძე: ჩვენს ქვეყანაში ბიოწარმოების მიმართულებას აქვს სერიოზული მომავალი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება შესაბამისი კანონმდებლობა. ამიტომ, ამ 3 კვირის განმავლობაში, პირველ რიგში, შევქმენით სამუშაო ჯგუფი, გავწერეთ სამუშაო გეგმა, რა პერიოდის განმავლობაში, რა სახის სამუშაოები უნდა ჩატარდეს. უნდა გამოვიყენოთ დარგში დასაქმებული ყველა იმ ადამიანის გამოცდილება, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა, ეს ეხება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო, თუ არასამთავრობო სექტორს. ჩვენ აქტიურად ვაპირებთ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ ევროკავშირთან. ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში ვეცდებით, რომ კომისიის მიერ წარმოდგენილი გრაფიკი, მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ და მზად ვართ, ის ნებისმიერ ფორმატში განვიხილოთ. 2.გ. აგულაშვილი: სასურველი იქნებოდა ამ პროცესში ჩართულობა მეტი იყოს არასამთავრობო სექტორის მხრიდანაც. მე ყოველთვის თანამშრომლობის იმ ფორმატს ვუჭერ მხარს, როდესაც კომიტეტიც, არასამთავრობო სექტორიც, მთავრობაც თანამშრომლობენ ერთმანეთთან. კიდევ ერთი, იყო მელიორაციის საკითხი. „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებს კანონით დადგენილი წესით უნდა მოეხდინათ სამელიორაციო ასოციაციების ლიკვიდაციის პროცესის წარმართვა. ეკონომიკის სამინისტროს - უზრუნველეყო ბალანსზე აღრიცხული ქონების პირველადი წყალმოსარგებლეებისათვის გადაცემა საქართველოს „სამოქალაქო კოდექსით“ გათვალისწინებული ფორმით. იქნებ, ჯერ არ არის დამთავრებული ქონების გადაცემის პროცესი? ვფიქრობ, ამ პროცესის დაჩქარება მნიშვნელოვანია. როგორია თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით? 3.დ. შერვაშიძე: ჩვენ გვქონდა სამუშაო შეხვედრა, გავწერეთ პროცედურები, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულია ამ ქონების გადაცემის დაჩქარებისათვის გასაწევ სამუშაოებთან. ზოგადად, ამ სექტორში სავალალო მდგომარეობა შეიქმნა იმ თვალსაზრისით, რომ პირველადი მაგისტრალური არხებიდან განშტოებები, რომლებიც გარკვეული პერიოდი იყო საბჭოთა მეურნეობების ბალანსზე, ლიკვიდაციის შემდეგ აღმოჩნდა ადგილობრივი თვითმმართველობის ბალანსზე და დღეს, შიდა სამეურნეო ქსელს, პრაქტიკულად პატრონის არ ყავს. ამიტომ, მაქსიმალურად სწრაფ ვადებში უნდა მოხდეს აღნიშნული ქონების გადაცემა, რათა შიდა სამეურნეო ქსელს რეალურად გაუჩნდეს პატრონი. 4.ვ. ქობალაძე: მე წარმოვადგენ არასამთავრობო ორგანიზაციების და ექსპერტების ჯგუფს, რომლებიც დიდი ხანია მუშაობენ სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების საკითხებზე. როგორც ვიცი, სამინისტრო აპირებს საქართველოს კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებების შეტანას. ჩვენც გვაქვს ვრცელი რეკომენდაციები კოდექსთან დაკავშირებით. ჩნდება კითხვა, თუ კოდექსი შესაცვლელია, აზრი აქვს დეტალურად ამის განხილვას? ომ არ ჯობს, კონცენტრაცია მოხდეს კოდექსის შეცვლაზე და დახვეწაზე? 5.გ. ქავთარაძე: მაინტერესებს ძველი საცდელი სადგურების ბედი. მაგ: ზესტაფონის რაიონში არის ასეთი სადგური, რომელიც გაჩანაგებულია. შესაძლებელია თუ არა მისი აღდგენა? 6.დ. შერვაშიძე: ჩვენ ამ მიმართულებით მიზნობრივი პროგრამა გვაქვს შემუშავებული. ასეთი სადგურები ქვეყნის მასშტაბით არის რამდენიმე ადგილას. ეს პროგრამები მაქსიმალურად იქნება მხარდაჭერილი ჩვენი ბიუჯეტის ფარგლებში. 8.დ. შერვაშიძე: ჩემი და სამინისტროს პოზიციას მოგახსენებთ, რომ ზოგადად ჰიბრიდული თესლი საჭიროა და მისი პოპულარიზაცია უნდა მოხდეს. ეს არავისთვის არის საეჭვო, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს არაინფორმირებულობასთან. იქ იყო დარღვეული ნორმები, ვადები. ცალკეული შემთხვევები დეტალურ შესწავლას მოითხოვს. ამ პროგრამას ზოგ რაიონში ქონდა ძალიან კარგი შედეგი, ზოგან - ძალიან ცუდი. ისე, რომ ერთგვაროვანი შეფასება დღევანდელი მდგომარეობით საკითხისა, საკმაოდ რთულია. კიდევ ერთხელ უნდა გაკეთდეს ანალიზი იმ სათესლე მასალისა, რაც არის დღეს საქართველოში, შედეგები გავაგზავნოთ საერთაშორისო ლაბორატორიაში და დაიდოს მათი დასკვნა, რომელიც გარკვეულწილად ნათელს მოჰფენს ამ საკითხს. 9.გ. ღვინიაშვილი: „ნიადაგის კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მინდა გითხრათ კახეთის მაგალითზე, რომ მიწების რაოდენობების უმრავლესობამ ფაქტიურად ამოწურა თავისი რესურსი. ხშირად, ეს არცოდნით და შესაძლებლობების არქონით ხდება, როდესაც ადამიანს არ აქვს საშუალება, ან არ იცის, რითი გააუმჯობესოს თავისი მიწა. მსხვილი ფერმერები ახერხებენ მიწების განაყოფიერებას. გლეხებს კი, ისევ კახეთის მაგალითზე გეტყვით, ამოჩემებული აქვთ გვარჯილა, საჭიროა თუ არა. მაინტერესებს, თუ არსებობს რაიმე პროგრამა, რომ ხალხს დავეხმაროთ ამ საკითხების მოგვარებაში? თუ არის გათვალისწინებული თანხები ბიუჯეტში ან 1 მილიარდიან ფონდში, რომელზეც ვსაუბრობდით. არ ვიცით, ეს კონკრეტულად რა არის. ფინანსთა მინისტრმა ახსენა, რომ ეს იქნება კერძო ინვესტიციებით შევსებული ფონდი, თუმცა რა გარანტია გვაქვს, რომ 1 მილიარდიან კერძო ინვესტიციებს მოვიტანთ საქართველოში? 10.დ. შერვაშიძე: მოგახსენებთ, რომ ჩვენს ახალ ბიუჯეტში გავითვალისწინეთ გარკვეული სტრუქტურების ჩამოყალიბება, ზოგ რაიონში 5, ზოგში - 4, სამსახურების, რომელთა პირდაპირი ფუნქცია იქნება ნიადაგის ნაყოფიერების განსაზღვრა. ეს ჯგუფები დახმარებას გაუწევენ გლეხებს, მათი ნაკვეთებიდან აღებული ნიმუშების ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით რეკომენდაციებს გაუწევენ ყველა იმ მიწათმოსარგებლეებს, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ. სასუქებით უზრუნველყოფაც ძალიან მნიშვნელოვანია. წლების განმავლობაში აზოტოვანი სასუქებით ნიადაგის მომარაგებამ კარგი შედეგი ვერ გამოიღო. ამიტომ, ეს ჯგუფები მაქსიმალურ ინფორმაციას მიაწვდიან გლეხებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია კომპლექსური სასუქების გამოყენება. ფოსფოროვანის, კალიუმიანის და ა.შ. 11.გ. ღვინიაშვილი: პრემიერ-მინისტრი და სოფლის მეურნეობის მინისტრი შეგვპირდნენ, რომ გაზაფხულიდან უფასო ხვნა-თესვა იქნება. სასუქებთან დაკავშირებულ ხარჯებს რაც შეეხება, შეღავათები იქნება თუ უფასოდ მიეწოდებათ ისინი გლეხებს? 12.დ. შერვაშიძე: ჩვენ ვამზადებთ სერიოზულ საგაზაფხულო პროგრამას. მიწათმოსარგებლეების იდენტიფიცირება დღეს არ არის. 3 მილიონზე მეტი მიწის ნაკვეთი გვაქვს ქვეყანაში. მათი დეფინიცია, გრადაცია უნდა მოხდეს. სასოფლო-სამეურნეო სავარგული რამდენია, რამდენია პროცენტულად სახნავი, სათესი, ხეხილის ბაღი, საძოვარი და ა.შ. ეს მონაცემები არ არსებობს. რაიონების გამგებლებს ვთხოვეთ წარმოგვიდგინონ ინფორმაციები, ვადად განვსაზღვრეთ 10 დეკემბერი, ვფიქრობთ, 15 დეკემბრისთვის ეს გვექნება. ამის გარეშე ვერ შევძლებთ ბიუჯეტის გაკეთებას. როგორც კი გარკვეული მონაცემთა ბაზა იქნება შექმნილი, ამაზე დაყრდნობით მალე ყველა შეიტყობთ და გამოვაცხადებთ საგაზაფხულო პროგრამას, მისი მიმდინარეობის ვადებს და მასთან დაკავშირებულ სრულ ინფორმაციას. 13.დ. ჩაჩანიძე: ჩვენ გვაქვს მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური ცენტრი. ვაწარმოებთ ბიოსასუქებს და ბიოდაცვის საშუალებებს. სიმინდს რაც შეეხება: გვაქვს ურთიერთობა ევროპელ პარტნიორებთან და გვაქვს კატეგორიული რეკომენდაცია, არ გამოვიტანოთ „Dupont“ შვილობილი მონსანტოს თესლი. მაგ: ერთი აწარმოებს ბიოლოგიურად სუფთა სიმინდს და აპირებს მის ექსპორტს საზღვარგარეთ. რამდენად იქნება დაცული ბიოსისუფთავე, თუ მეზობელი ფერმერი დათესავს პიონერის ჯიშის თესლს? ეს ჯიში ჰიბრიდულია თუ გენმოდიფიცირებული, ამაზე პასუხი არ არსებობს. 2. რაც შეეხება ნიადაგის დაბინძურებას, ჩვენ ვაწარმოებთ რამდენიმე ბიოლოგიურ პროდუქტს, მაგ სასუქი „ორგანიკა“, რომლის ექსპორტი ხდება სომხეთში. დამტკიცებულია, რომ ბიოლოგიური, ორგანული მეთოდები ნიადაგს აუმჯობესებს. საჭიროა აქ კომპლექსური მიდგომა. ვიყენებთ ბიოპესტიციდებს სასუქებთან ერთად, ფუნგიციდებს და სხვ. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი იმისა, რომ ბიომეურნეობა განვითარდეს. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროზე საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ“. II.მოისმინეს: ზ. ჩეკურაშვილის ინფორმაცია „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე, ასევე წარმოადგინა ინფორმაცია სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისთვის გაწეული საქმიანობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და მიზნობრივი პროგრამის ეფექტურობის შესახებ 2012 წლის 1 ნოემბრისთვის, გეგმიური და არაგეგმიური ინსპექტირების მონაცემები ამ პერიოდისათვის, მიღწეული შედეგების, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტების შესახებ: საქართველოში ეპიზოოტიური მდგომარეობისა და მიზნობრივი პროგრამის ეფექტურობის შესახებ 2012 წლის 1 ნოემბერისთვის, 2012 წელს მცენარეთა მავნებლების საწინააღმდეგოდ ჩატარებული სამუშაოებისა და მიზნობრივი პროგრამის ეფექტურობის შესახებ. /სრული ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით - ოქმს თან ერთვის/. აზრი გამოთქვეს: 1.გ. აგულაშვილი: როგორც აღნიშნეთ, ახალი შემადგენლობაა სამინისტროში ამ სეგმენტშიც. გულახდილად რომ გითხრათ, დასახელებული ციფრები არ არის შთამბეჭდავი. თქვენ თვითონ, როგორ შეაფასებდით სააგენტოს საქმიანობას, არა როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი, არამედ, როგორც გარეშე პირი? როგორია პოტენციალი მომავლისთვის? 2.ზ. ჩეკურაშვილი: საქმე იმაშია, რომ სურსათის უვნებლობის საკითხი, ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის საკითხები ზოგადად, პრიორიტეტული იყო ვერბალურად. რეალურად, საკანონმდებლო ბაზა, ნორმატიული აქტები, რითაც უნდა გვემოქმედა, საშინელ მდგომარეობაშია. მეორე, ინსპექციის დეპარტამენტში გვყავს 13 ინსპექტორი. დარეგისტრირებული ბიზნესოპერატორების რაოდენობა, ანუ საწარმოები, რომელთაც სურსათთან აქვთ შეხება, არის 44 000. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სამსახურის ინსპექტორი არის ძალიან მაღალკვალიფიციური პროფესიონალი, ეს რაოდენობა არ არის საკმარისი. ამიტომაც არის ეს ციფრები არაშთამბეჭდავი. 3.გ. ღვინიაშვილი: როგორც აღნიშნეთ, გეგმიური ინსპექტირება განხორციელდა 272 საწარმოში, არაგეგმიური 20-ში. ქვეყანაში, სადაც რამოდენიმე ათასი საწარმოა, ეს საკმარისი არ არის. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, წლის განმავლობაში რამდენი საწარმო უნდა შემოწმდეს, რომ მაქსიმალურად დაცულები ვიყოთ? მეორე: დასავლეთ საქართველოში გასულ წლებში თეთრი პეპელა იყო გავრცელებული, კახეთში - კალია, თაგვი. ამისთვის სამინისტრო ყოველთვის მზად უნდა იყოს და გათვალისწინებული იყოს მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებები. 4.გ. სამხარაული: მაინტერესებს, რა ფორმით ხდება საწარმოების შერჩევა, რომელსაც ამოწმებთ? 5.თ. კალანდაძე: როდესაც ჩვენი სამსახური შეიქმნა 2005 წელს და მასში გაერთიანდა 3 დარგი, დაიწერა ახალი კანონი ევრორეგულაციების საფუძველზე, ეს ყველაფერი გაჩერებული იყო დიდი ხნით. არ ხდებოდა კონტროლი. შარშან დავიწყეთ შემოწმება, პირველი ნაბიჯები გადაიდგა, საწარმოთა რაოდენობის განსაზღვრა წინასწარ ძალიან ძნელია. ერთხელ მაინც ყველა საწარმოში უნდა მივიდეთ. საწარმო გადის რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, როგორც ბიზნესოპერატორი. ჩვენ გვაწვდიან მონაცემთა ბაზას. შერჩევა ხდება გარკვეული კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომლებიც შემუშავებულია ჩვენს მიერ სამინისტროსთან და ევროექსპერტებთან შეთანხმებით. დღეისათვის 2-3 წლის განმავლობაში სულ შემოწმებულია 1000-მდე საწარმო. მომავლისთვის ეს ციფრები, რაც დღეს შთამბეჭდავი არ არის, იქნება შთამბეჭდავი, თუმცა ეს დამოკიდებულია ფინანსურ და ადამიანურ რესურსებზე. ევროექსპერტები გვირჩევენ, რა ნაბიჯით ვიაროთ, რომელი საწარმო რამდენჯერ შემოწმდეს. არაგეგმიური ინსპექტირება კი უნდა ხდებოდეს საჭიროებისამებრ. 6.მ. კოიძე: ჩემი გამოსვლა უფრო არის ინფორმაციის მოწოდება. სურსათის უვნებლობის სამსახურის მიერ შემოწმებული იქნა რამდენიმე საწარმო, ერთი არის შპს „ფასანაური“ და მასთან ახლოს მდებარე შპს „თბილისური“, ამ საწარმოებმა გაიარეს კონტროლი და მიიღეს მხოლოდ რეკომენდაციები, მაგრამ დღეს იქ არსებული სანიტარული მდგომარეობა კატასტროფულია. ასეთი საწარმოები, რომ არსებობს, ეს მომხმარებლის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. ჩვენმა და სტრატეგიული კვლევების ცენტრმა დაადასტურეს, რომ იქაური პროდუქცია არის მავნებელი. ვიზუალური მხარეც გვაძლევს ამის თქმის უფლებას. პურთან დაკავშირებით არის საშინელი მდგომარეობა, განსაკუთრებით ქუთაისში. სანიტარული მდგომარეობა ბევრ საწარმოში ძალიან მძიმეა. რაც შეეხება, აგრარულ ბაზრებს, არაერთი სიუჟეტი გვქონდა იქიდან გაკეთებული. ბაზრებში სავალალო მდგომარეობაა და იქ ნაყიდი პროდუქციაც ჯანმრთელობისთვის საშიშია. ჩვენთან, ფედერაციაში შემოდის უამრავი ზარი, კოდექსში არ არის ჩადებული, რომ თქვენ გქონდეთ სწრაფი რეაგირების საშუალება. ეს არის სურსათის სამსახურის აქილევსის ქუსლი, თქვენ არ გაქვთ მომხმარებლის საჩივარზე რეალურად რეაგირების და მოქმედების საშუალება, რაც დროულად არის შესაცვლელი. 7.ვ. ლემონჯავა: სამინისტროს დამოკიდებულება სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით ასიგნებების გახარჯვიდან ჩანს. 165000 ლარიდან გახარჯულია 52 000 ლარი, ე.ი. კონტროლი მოიკოჭლებდა საქართველოში და შესაბამისად მომხმარებელთა უფლებები ირღვეოდა. თქვენი დამოკიდებულება როგორია საკვები პროდუქტების რეალიზაციასთან გარე ვაჭრობაში? და მეორე, ქვეყანაში ეპიზოოტიურ მდგომარეობასთან დაკავშირებული სამუშაოები, როგორც ჩანს, შედარებით ნორმალურად მიმდინარეობდა, მაგრამ მაინტერესებს თქვენი აზრი ვაქცინების სამამულო წარმოებასთან, ტაბახმელის ბიოკომბინატთან დაკავშირებით. მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლას რაც შეეხება, მომავალ წელს რა ინტენსივობით მოხდება მომარაგება პრეპარატებისა? სუპერჰექტამეტრინი არის პრეპარატი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ამ სფეროში ეფექტური საშუალებაა. 8.გ. აგულაშვილი: სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისთვის საბაჟო გამშვებ ზონებში შემოსავლების სამსახური ახორციელებს კონტროლის ღონისძიებებს, ფიტოსანიტარიულ ღონისძიებებსაც ისინი ატარებენ. მინდა თქვენი მოსაზრება მოვისმინო. ასევე, აქ დამსწრე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების კომენტარებიც მაინტერესებს, რამდენად თანამშრომლობთ, რამდენად კოორდინირებულია თქვენი საქმიანობა? იმის გამო, რომ 2 სამსახური აკონტროლებს სურსათის უვნებლობას სასაზღვრო ზოლზე და შემდეგ უკვე ქვეყანაში, ხომ არ იკარგება პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაცია. შეთანხმებული პოლიტიკაა, თუ შეიძლება რამე იყოს შესაცვლელი? 9.ლ. თოდუა: უკვე ერთი წელია, ჩვენ გვაქვს მომხმარებლის ინფორმირებისათვის ვებ-გვერდი - „მომხმარებელი.ჯე“ და იმის საშუალებით ხდება მომხმარებლის ინფორმირება. მომხმარებელი, რომ დაგვისახელებს კონკრეტულ სურსათს, კონკრეტულ მაღაზიას, ვყიდულობთ იმავე სურსათს, მიგვაქვს ლაბორატორიაში, ვამოწმებთ, შედეგებს ვაწვდით სურსათის სააგენტოს და იდება ვებ-გვერდზე. გვქონდა შემთხვევა, როდესაც სააგენტოს ვაცნობეთ და ერთი კვირა გავაჩერეთ ინფორმაცია სააგენტოს რეაგირებისათვის. მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა. ამიტომ, მივხვდით, რომ მომხმარებელთა დაცვის ერთადერთი საშუალებაა ვაცნობოთ, რომ არ შეიძინოს ესა თუ ის პროდუქტი. ჩვენ ყველა შემთხვევაში ვთხოვთ სააგენტოს, ამოიღონ სურსათი რეალიზაციიდან. პასუხი ყოველთვის იყო ცინიკური, ხან ამბობდნენ, რომ მომავალი წლის მონიტორინგის გეგმაში გავითვალისწინებთო, მერე პასუხი შეიცვალა და კანონი, რომ იქნება, მერეო. მერე ამბობდნენ, ჯერ შეჭამეთ ეს დაბინძურებული პროდუქტი და მერე მოვახდენთ რეაგირებასო. მე სამინისტროსაც, პარლამენტსაც მივწერე, კიდევ ერთხელ, სააგენტოსაც მივწერე. სააგენტოსგან იყო პასუხი, გადაამოწმეთო ხელახლა, გადავამოწმეთ და ისევ ისეთი ბინძური იყო. რა ვუთხრათ მომხმარებელს, რომელიც გვეკითხება რა ვჭამოთო? როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა? უნდა შეიცვალოს პრინციპი. შემოწმება უნდა იყოს პრინციპულად მოულოდნელი, ეს არის ევროპული მიდგომა. იქ არ არის გეგმიური შემოწმება, მეწარმემ უნდა იცოდეს, რომ ნებისმიერ მომენტში შეიძლება შემოწმდეს და სხვა დამოკიდებულება იქნება. როგორ უნდა დაიცვას მომხმარებელმა თავი, როცა აღმოჩნდება მავნე პროდუქტი? 10.შ. მელქაძე: არსებობს საქართველოში საღებავები, საკვებდანამატები, გენმოდიფიცირებული პროდუქცია. ყველაფერი უნდა იქნას შემოწმებული, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ლაბორატორია, რომელიც ამას გააკეთებს. მაინტერესებს, თუ მიდის ამ საკითხებზე მუშაობა? 11.მ. ქობალაძე: ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, წინა ხელისუფლება გვეუბნებოდა, რომ კოდექსის პროექტი შეთანხმებული იყო ევროკავშირთან, როდესაც მათ წარმომადგენლებს ვკითხეთ, აღმოჩნდა, რომ ასე სრულიადაც არ იყო. თქვენ თქვით, რომ ევროკავშირმა მოგაწოდათ ვრცელი რეკომენდაციები და იქნებ გადმოგვიგზავნოთ. მეორე: თითქოს 44 000 სურსათის ოპერატორი არსებობს რეალურად, მე არ მაქვს ზუსტი მონაცემები, მაგრამ ჩატარებული კვლევების შედეგებით, 100 000 ზე მეტია. ანუ, თქვენს მიერ მოყვანილი ციფრები არ არის ზუსტი. 12.ო. ნიშნიანიძე: 13.რ. კობახიძე: აპირებთ, თუ არა მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, გადახვიდეთ ბოშის სისტემაზე, როდესაც ბიუჯეტი ორიენტირებულია შედეგზე. ერთი წლის შემდეგ კი მოხდეს მისი კრიტიკული და სერიოზული რევიზია. აუცილებლად უნდა იყოს ჩადებული შედარება წინა წლებთან, რომ არაფრისმომცემი, მშრალი ციფრები არ იყოს გაწერილი. 14.დ. შერვაშიძე: მოგეხსენებათ, რეალურად სამსახურებმა 3 კვირაა დაიწყეს ფუნქციონირება და ამ პერიოდის განმავლობაში ამდენი ხნის დაგროვილი პრობლემების გადაწყვეტა, ასე იოლი არ არის, თუმცა ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისათვის. მე დიდ მადლობას ვუხდი ყველა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც დღეს გვესწრებიან. მომავალში, სამინისტრო და კერძოდ, სურსათის უვნებლობის სამსახური, ღიაა ნებისმიერი თანამშრომლობისთვის, მზად ვართ, ყოველდღიურ რეჟიმში ვიმუშაოთ, რომ მომხმარებელი იყოს ინფორმირებული. ჩვენ უნდა გამოვიდეთ მეწარმეების ინეტერსებიდანაც, რადგან მეწარმეებზე დგას ქვეყნის ეკონომიკა. 15.ზ. ჩეკურაშვილი: მცენარეთა მავნებლებთან დაკავშირებით - გაგრძელდება აუცილებლად მუშაობა მომავალში. შევეცდებით ნელ-ნელა გადავიდეთ ბიოლოგიურ პრეპარატებზე, რომლებიც საკმაოდ ეფექტურია. ჩვენ ქიმიური პრეპარატებიც უნდა გვქონდეს, რომ ვიყოთ დაზღვეულები, იმ შემთხვევისაგან, თუ ბიოპრეპარატმა არ იმუშავა. ევროკავშირთან და კოდექსთან მიმართებაში - მაისში კანონი მიიღეს, მათ წარმომადგენლებს უთხრეს, რომ შენიშვნები გაითვალისწინეს. სექტემბრისთვის გაუგზავნეს კოდექსის ინგლისურენოვანი თარგმანი, სადაც არ იყო სწორედ ჩაწერილი ბევრი რამ, მოატყუეს ფაქტიურად. ძალიან მალე, (ევროკავშირი გვიფინანსებს) პროექტის ფარგლებში, ჩვენ გვეყოლება მუდმივი მრჩეველი, რომელიც იყო ესტონეთში ასეთივე სააგენტოს უფროსი. შემდეგი კითხვა იყო, ტაბახმელაზე, ვაქცინაციაზე: ტაბახმელა აღარ ფუნქციონირებს. ჩემი ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინების დამამზადებელი არის მხოლოდ ბაქტერიოფაგი. ეს პროცედურები ხდება ტენდერების შესაბამისად და მასში შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ყველას. ბაღები, სკოლები და ა.შ ჩვენი პირადი კონტროლის ქვეშ იქნება. იმ ტენდერებში, რომელიც ცხადდება მერიით, მათი საკვების მომარაგებასთან დაკავშირებით, უპირატესობა უნდა მიენიჭოს იმ საწარმოს, რომელსაც აქვს ჩვენი სამსახურისა და სამინისტროსგან კეთილსაიმედოობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 21-ე საუკუნის ორგანიზაციის ლაბორატორიასთან დაკავშირებით - ეს ძალიან სერიოზული თემაა. საქართველოში უნდა იყოს რეფერენს- ლაბორატორია, სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს ლაბორატორია, სადაც ვეტერინარია ძალიან კარგადაა წარმოდგენილი, დანარჩენი დარგები - არა. რეფერენს, ანუ ეტალონური ლაბორატორია, უნდა იყოს სახელმწიფო ბალანსზე აუცილებლად. ექსპერტიზა, ფალსიფიკაცია, ხარისხი, კოდექსიდან საერთოდ ამოღებულია, ამაზე უნდა ვიფიქროთ.
16.თ. კალანდაძე: ინფორმირებულობას რაც შეეხება, ჩვენ არ ვწერთ კანონებს, ჩვენ აღვასრულებთ მათ და რაც წერია კანონში, ამ შემთხვევაში კოდექსში, ამის თანახმად ვმოქმედებთ და გავცემთ ინფორმაციას. ერთ შემთხვევაში ინფორმაცია საჯაროა, რომელიც ყველას მიეწოდება, ხოლო არის ნაწილი, სადაც ინფორმაცია კონფედენციალურია და მისი გაცემა არ შეიძლება. 17.მ. შუბლაძე: „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ ზოგად ნორმებს აყალიბებს და შესაბამისად, არ შეიძლება სხვა რომელიმე ნორმატიული აქტი ამ ნაწილში ეწინააღმდეგებოდეს მას. ჩვენი კოდექსიც შესაბამისობაშია მასთან. უბრალოდ, ის აკონკრეტებს რომ ინფორმაცია, რომელიც ეხება ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მაღალი საფრთხის შემცველ პროდუქციას, საჯარო უნდა იყოს. 18.გ. აგულაშვილი: საქმე ეხება ისეთ საკითხს, როდესაც არ ახდენს სააგენტო რეაგირებას კონკრეტულ შემთხვევაზე, ან ახდენს, მაგრამ არასათანადოდ. ის, რომ არსებობს კონფიდენციალური ინფორმაცია, შეგიძლიათ აღნიშნოთ თქვენს წერილში, და მიუთითოთ, რომ კანონის ამა და ამ მუხლის თანახმად ვერ აწვდით შესაბამის ინფორმაციას. 19.თ. კალანდაძე: რაც შეეხება საწარმოს ერთხელ შემოწმებას, მოგახსენებთ, რომ 44000-ზე მეტი მეწარმეა დარეგისტრირებული. მათი რეგისტრაცია ჩვენთან არ წარმოებს, ეს ხდება საჯარო რეესტრში და ჩვენ უფლება გვაქვს შევამოწმოთ ბიზნესოპერატორად დარეგისტრირებული მეწარმეები, ჩვენ სხვა ინფორმაცია არ გაგვაჩნია. არარეგისტრირებულ საწარმოებზე, რომლებიც აწარმოებენ ბიზნესოპერირებას სურსათის წარმოების სახით, გათვალისწინებულია საჯარიმო სანქციები. ასეთი რამდენიმე საჯარიმო სანქცია ჩვენ განვახორციელეთ. თუ ყველა საწარმო დარეგიტრირდება საჯარო რეესტრში, ჩვენ გვექნება ზუსტი ციფრი,თუ რამდენი საწარმოა სურსათის ბაზარზე. ბაღებს რაც შეეხება, მოწამვლის ფაქტების შემდეგ ჩვენ დავიწყეთ ამ ბაღების შემოწმება, 5-მდე ობიექტია შემოწმებული და მივეცით სათანადო რეკომენდაციები. 20.მ. სოხაძე: ვაქცინებზე მოგახსენებთ, იმ სახით, რითაც არსებობდა ტაბახმელის ბიოკომბინატი, აკრძალულია ფუნქციონირება მსოფლიოში. საკმაოდ რთული ტექნოლოგიური პროცესია ვაქცინების დამზადება. ჯილეხის ვაქცინას ბიოკომბინატი ამზადებს, მაგრამ მცირე რაოდენობით. შესაბამისად, გარკვეული რისკის ფაქტორებიც არის, ეს ფაქტიურად ბიოლოგიური იარაღია. არ გამოირიცხება ის, რომ საქართველოში ამის წარმოება შესაძლებელი იყოს. პროგნოზირება იმისა, რაც ხდება მეცხოველეობაში ეპიზოოტიური კუთხით, რთულია, თუმცა შესაძლებელი. მაგ: აცრამ, პრევენციამ, შეიძლება გაზარდოს პროდუქტიულობა და თავიდან ავიცილოთ ზოონოზოური დაავადებები. დაკვლისწინა და დაკვლისშემდგომი პროცედურები, ჩვენი საზრუნავია. იმ ადგილებიდან, სადაც არ ესწრება ვეტერინარი, ჩვენ არ ვიცით, რა ხორცი მიდის ბაზარში და დიდი შესაძლებლობაა, რომ არ ვყიდულობთ საქონლის ხორცს. სასაკლაოზე აუცილებლად უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ დანიშნული ვეტექიმი. ნებისმიერ რეგიონში გაძლიერდება სამსახურის წარმომადგენლობა. ინსპექტორები აღარ ივლიან თბილისიდან, არამედ, იქნებიან ადგილობრივი მუშაკები. ჩვენს მთავარ გამოწვევებს, რაც შეეხება, ეს არის, იდენტიფიკაცია, პასპორტიზაცია, ევროკავშირს აქვს მოთხოვნა, რომ ყველა ცხოველი იყოს იდენტიფიცირებული. 21.ი. ურიდია: არსებული მდგომარეობით: ის ნორმატიული ბაზა, რომლის მიხედვითაც უნდა განხორციელდეს კონტროლი საბაჟო გამშვებ პუნქტებზე, იყო ფორმალიზებული და კარგად იყო ქაღალდზე ჩამოყალიბებული, არსებობდა მონიტორინგის გეგმა. 2006 წელს სამსახურს დაეკისრა ეს ფუნქცია, არ იყო არც კადრები, არც ნორმატიული ბაზა, ევროკომისიის დახმარებით შემუშავდა წესები, ერთობლივი ბრძანება. 2010 წლისთვის ფიტოსანიტარების და ვეტერინარების რაოდენობა 80 საშტატო ერთეული გახდა, ეხლა 30 ფიტოსანიტარი და 26 ვეტერინარია შემოსავლების სამსახურში, რომლების საბაჟო კონტროლის ზონებში გამშვებ პუნქტებში განახორციელებენ შესაბამის სამუშაოებს. ეს არის დოკუმენტური შემოწმება, რომელიც ხორციელდება 100%-ით და არის ფიზიკური შემოწმება, სინჯების აღება ლაბორატორიული კვლევებისათვის. თანამშრომლობას რაც შეეხება, სოფლის მეურნეობის სამინისტრო წარმოადგენს პოლიტიკის განმსაზღვრელ ორგანოს, ნებისმიერი პროცედურა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნორმატიული აქტების მიხედვით ხორციელდება. 22.დ. შერვაშიძე: ამ პროცესებში უნდა ჩაერთოს კერძო ლაბორატორიები. არსებული ლაბორატორიების გადაიარაღება და კონკურენციის გაზრდა აუცილებელია. კერძო ლაბორატორიების ჩართულობის იდეას, მე მხარს დავუჭერდი.
23.გ. აგულაშვილი: კომიტეტი მომავალში დაინტერესდება, რა ხდება სასაზღვრო კონტროლის ზონებში, რომ შემდეგ შესაბამისი რეკომენდაციები მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად შევიმუშაოთ, საჭიროების შემთხვევაში, იქნებ საკანონმდებლო ცვლილებებზეც ვიფიქროთ. ბიუჯეტში შიძლება რაიმე რესურსების გამონახვა. 2 ლაბორატორია და 12 სასაზღვრო გამშვები პუნქტი გვაქვს. თეორიულად 2 ლაბორატორია ვერ მოემსახურება სათანადოდ, ამიტომ დაფიქრება გვმართებს ამ საკითხებზე და ჩვენ ამას დავუბრუნდებით. მე, როგორც მახსოვს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები ამ ტიპის კვლევებს ატარებდნენ საბაჟო გამშვებ ზონებში, შემდეგ ეს ფუნქცია მთლიანად გადაეცა შემოსავლების სამსახურს. რატომ, რა იყო მიზეზი, არ ვიცი. შესაძლოა, ეს იყო პასუხისმგებლობის თავიდან აცილება. მომხმარებლის ინფორმირებაზე არ არის გამახვილებული ყურადღება, ჩვენ, ყველა მომხმარებელი ვართ, შესაბამისად, ეს უმნიშვნელოვანესია, როგორ მოვახერხოთ მომხმარებლამდე მივიდეს ინფორმაცია, რათა მან თვითონ გააკეთოს არჩევანი. მას აქვს სრული უფლება იცოდეს, რას იძენს. განათლების დეფიციტზეც უნდა ვისაუბროთ. ამ კუთხით, შესაძლებელია, ჩავატაროთ საკომიტეტო მოსმენა. დღეს მივიღეთ დაპირება სამინისტროსგან გარკვეული ხარვეზების აღმოსაფხვრელად. მინდა მიიღოთ ჩემი მხარდაჭერა და როგორც ჩანს, არასამთავრობო სექტორიც თანამშრომლობისთვის მზად არის. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაციები - ა. ქვეყანაში სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფისათვის გაწეული საქმიანობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის“, ბ. „ქვეყანაში შექმნილი ეპიზოოტიური მდგომარეობის“ და გ. „მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებების შესახებ“.
სხდომის თავმჯდომარე: გ. აგულაშვილი სხდომის მდივანი: ი. ქიტიაშვილი |






