პარლამენტის ბიუროს სხდომა | ბეჭდვა |
სამშაბათი, 06 აგვისტო 2013 15:35

პარლამენტი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონპროექტის განხილვას სექტემბერში მიუბრუნდება. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე მთავრობასა და პარლამენტს შორის კონსულტაციები გრძელდება. "საკითხის საბოლოოდ შეჯერებას დრო სჭირდება. საკითხი კომპლექსურია, ბევრი მიმართულება აქვს და მას ფართო შესწავლა და კონკრეტული ღონისძიებების გატარება სჭირდება. იუსტიციის სამინისტროში მუშავდება კანონპროექტი, რომელზეც ასევე ეროვნული ბანკიც მუშაობს. მთავრობის და პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ახალ პრობლემებს არ შექმნიან. ჩვენს გაჭირვებულ მოსახლეობას ისე უნდა დავეხმაროთ, რომ პრობლემები სხვა პირებს არ შევუქმნათ“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, პარლამენტისთვის პრიორიტეტულია როგორც მოქალაქეების საკუთრების დაცვა, ასევე საბანკო სისტემის გამართული საქმიანობა. 

ბიუროს სხდომაზე რიგგარეშე სესიის დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგი განისაზღვრა. საკითხებს შემდეგი თანმიმდევრობით განიხილავენ: საქართველოს კანონის პროექტი „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“; საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა; საქართველოს კანონის პროექტი „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა; საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ I მოსმენა; საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა; საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ III მოსმენა; საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“) I მოსმენა; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ I მოსმენა.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 06 აგვისტო 2013 15:49