|
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
სამშაბათი, 06 აგვისტო 2013 16:17 |
|

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების საბიუჯეტო დაფინანსება გაიზრდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა ორგანული კანონის პროექტი "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტის თანახმად, იმ 14 პოლიტიკური პარტიის წლიური საბაზისო დაფინანსება, რომელიც მოქმედი ,,საარჩევნო კოდექსით” ფინანსდება, 150 000 ლარიდან 300 000 ლარამდე გაიზრდება. ცვლილებების თანახმად, თუ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე პარტიას ან საარჩევნო ბლოკს ბოლო საპარლამენტო ან ბოლო ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში მიღებული აქვს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 6% ან მეტი, მისი საბაზისო დაფინანსება გაორმაგდება.
კანონპროექტით, იმ შვიდ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ვერ გადალახა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთვის დადგენილი ბარიერი, მაგრამ აჩვენა საუკეთესო შედეგები, მიიღებს ერთჯერად დაფინანსებას 150 000 ლარის ოდენობით. აღნიშნული ცვლილებები შეჯერებულია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის შექნილ ინტერფრაქციული ჯგუფის ფორმატში. როგორც პროექტის ინიციატორმა, პარლამენტის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნების წინ 18 პოლიტიკური პარტია დაფინანსდება. ,,დაფინანსების აღნიშნული წესი არ წარმოადგენს საბოლოო ფორმულას. ჩვენ განზრახული გვაქვს, რომ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად შევიმუშაოთ ახალი ფორმულა ადგილობრივი არჩევნების წინ“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.
|
|
ბოლოს განახლდა სამშაბათი, 06 აგვისტო 2013 16:37 |