ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ერთობლივი სხდომა | ბეჭდვა |
სამშაბათი, 06 აგვისტო 2013 20:08

პარტიების საბიუჯეტო დაფინანსებასთან დაკავშირებით „ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს. 
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ინტერფრაქციული ჯგუფი კანონპროექტზე 3 თვის განმავლობაში მუშაობდა, რომლის შედეგადაც პარტიების დაფინანსების წესისა და ფორმულის განსაზღვრა მოხდა. მისივე განმარტებით, პარტიათა საბიუჯეტო დაფინანსების გაზრდის თაობაზე შემუშავებული ინიციატივა ჯამში 18 პარტიის ბიუჯეტზე აისახება. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საბაზისო დაფინანსების არსებული ოდენობა ორმაგდება. მოქმედი კანონით საბაზისო დაფინანსება წელიწადში 150 ათასი ლარია, პროექტის მიხედვით კი, ის 300 ათას ლარამდე იზრდება. ეს ზრდა 14 კვალიფიციურ სუბიექტს შეეხება.
პროექტის თანახმად, წელიწადში 300-300 ათასი ლარი ემატება პარტიას, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა და პარლამენტში ფრაქცია შექმნა. პარტიის მიერ მისაღები საბიუჯეტო დაფინანსების გაანგარიშების ფორმულაში პირდაპირ განისაზღვრება, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებას იღებს პარტია, რომელიც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკო-ში იყო რეგისტრირებული და პარლამენტში ფრაქცია შექმნა. ფრაქციის შექმნისთვის მისაღების დაფინანსება კი საბაზისო დაფინანსების ტოლია, ანუ ისიც 300 ათასს ლარს შეადგენს. დამატებით 300 ათასის მიმღები შვიდი პარტია: - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი ექვსი პოლიტიკური გაერთიანება იქნება. დაფინანსების ამ პრინციპის შემოღებით, მათთვის ბიუჯეტიდან დამატებით 2 მილიონ 100 ათასი ლარი უნდა გამოიყოს.
მოქმედი კანონით, თუ საარჩევნო სუბიექტი (პარტია/საარჩევნო ბლოკი) უკანასკნელ საპარლამენტო არჩევნებში 8%-იან ბარიერს ან უკანასკნელ ადგილობრივი თვითმმართველობის საერთო არჩევნებში – 6%-იან ბარიერს ლახავს, მისი საბაზო დაფინანსების ოდენობა წელიწადში 300 000 ლარია. მომზადებული პროექტის მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისთვის თავად ბარიერი მცირდება, ხოლო საბაზისო დაფინანსების ოდენობა აქაც ორმაგდება და ჯამში 600 000 ლარი ხდება.
რაც შეეხება არასაპარლამენტო პარტიებისთვის ბიუჯეტიდან ერთჯერადი სახით 150-150 ათასი ლარის გამოყოფის საკითხს, ამ მიმართულებით ცვლილება კანონის გარდამავალ დებულებებში შედის, რომლის თანახმად, 2012 წლის 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე შვიდი საუკეთესო შედეგის მქონე საარჩევნო სუბიექტს, რომლებიც პარლამენტში წარმოდგენილი არ არიან, ერთჯერადად პარტიების საბაზისო დაფინანსების ნახევარი უნდა მიეცეს, ანუ საუბარია 150 ათასს ლარზე. ასეთი საარჩევნო სუბიექტი დაფინანსებას მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე მიიღებს, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კანონის ამოქმედებიდან 20 დღის ვადაში უნდა წარედგინოს. თუკი პარტია აღნიშნულ ვადაში თანხმობას არ წარადგენს, დაფინანსების მიღების უფლებას კარგავს.
კანონპროექტში არსებული ფორმულირების გათვალისწინებით, ერთჯერად 150-150 ათასს ლარს მიიღებს: "ქრისტიან-დემოკრატებისა" და "ევროპელი-დემოკრატების კოალიცია, "ახალი მემარჯვენეები", "ქართული დასი", "თავისუფალი საქართველო", "ლეიბორისტები", "ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", პარტია "სამართლიანი საქართველოსთვის". ჯამში მათთვის 1 მილიონ 50 ათასი ლარი უნდა გამოიყოს. შვიდი არასაპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანება ერთჯერადი საბაზისო დაფინანსების სახით განსაზღვრულ 150-150 ათასს ლარს, კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში მიიღებს.
ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ დაფინანსების წესი და ფორმულა კიდევ უფრო დახვეწას მოითხოვს და აღნიშნულ საკითხს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე ისევ დაუბრუნდებიან.
სხდომაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა როგორც საპარლამენტო უმრავლესობამ, ასევე საპარლამენტო უმცირესობამ.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 06 აგვისტო 2013 20:44