პარლამენტის ბიუროს სხდომა | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 07 აგვისტო 2013 13:26

პარლამენტი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონპროექტს“ მეორე და მესამე მოსმენით განიხილავს. აღნიშნული გადაწყვეტილება სხდომაზე ბიუროს წევრებმა მიიღეს. 
დღესვე, კანონმდებლები ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2013 წლის ივლისში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს მოისმენენ.
პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ზურაბ ჟვანიას 9 დეკემბერს, 50 წელი უსრულდება. „პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის ვალდებულებაა სათანადოდ აღვნიშნოთ ეს დღე და პატივი მივაგოთ მის ხსოვნას“, - განაცხადა ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა. მან დეპუტატებს სამუშაო ჯგუფის შექმნა შესთავაზა, რომელიც სექტემბრამდე მოიფიქრებს და დაგეგმავს თუ რა ფორმით და ღონისძიებით შეიძლება აღინიშნოს ზურაბ ჟვანიას იუბილე. „გთავაზობთ, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც სექტემბრამდე მოიფიქრებს თუ რა ფორმით აღინიშნოს იუბილე. კონსულტაციები მქონდა როგორც უმცირესობის, ისე უმრავლესობის წარმომადგენლებთან. გთავაზობთ, რომ სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს მიხეილ მაჭავარიანმა, ხათუნა გოგორიშვილმა, დავით ბერძენიშვილმა, ირინა იმერლიშვილმა, ზურაბ ტყემალაძემ და საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა ზურაბ მარაქველიძემ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, ამ ჯგუფში მუშაობის სურვილი გამოთქვა დავით ონოფრიშვილმა.
სამუშაო ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე სპეციალურ აქტს გამოსცემს.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი პარლამენტში დღეს აღარ გამოცხადდება. მისი თქმით, გვიან ღამით მას მთავარმა პროკურორმა თავად დაურეკა და მოუბოდიშა იმის გამო, რომ დღეს უმრავლესობას გადაუდებელი საქმის გამო ვერ შეხვდება.
პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, უმრავლესობის წევრები დღეს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ნარმანიას შეხვდებიან.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 13 აგვისტო 2013 21:21