|

პარლამენტში „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)“ ინოვაციური პროექტის - ვებგვერდის www.factcheck.ge პრეზენტაცია გამართა, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე საქართველოს პარლამენტში დეპუტატებისა და სხვა პოლიტიკოსთა მიერ გაკეთებულ განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის, თუ უზუსტობების დადგენას. პირველ ეტაპზე FactCheck-ის გუნდი განახორციელებს მხოლოდ საპარლამენტო სხდომების მონიტორინგს და გამოვლენილ ფაქტობრივ სიზუსტეს, თუ უზუსტობებს ასახავს შესაბამის სტატიაში და განათავსებს ვებგვერდზე ფაქტ-მეტრის შესაბამისი გრადაციების მიხედვით.
პროექტის პრეზენტაციას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დაესწრო. მან საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები პროექტის ავტორებს გაუზიარა.
,,იმისთვის, რომ ამ პროექტის სანდოობა გაიზარდოს, ალბათ არა მარტო პოლიტიკოსები, არამედ ზოგადად საზოგადოება უკეთ უნდა იყოს გარკვეული კვლევების მეთოდოლოგიაში“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. პროექტის იდეა ეკუთვნის „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS)“ დირექტორს, სერგი კაპანაძეს და მას უშუალოდ ორგანიზაციის ვიცე-დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი ხელმძღვანელობს. მათი განცხადებით, FactCheck-ის მთავარი მიზნებია: ქართულ პოლიტიკაში საზოგადოებისთვის სიმართლის დადგენაში დახმარება; საზოგადოებისთვის სწორი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდების ხელშეწყობა; პოლიტიკოსთა საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულების ზრდის ხელშეწყობა და ფაქტებზე დამყარებული პოლიტიკური რიტორიკის განვითარების ხელშეწყობა. FactCheck მოიცავს საქართველოს საჯარო სივრცისთვის აქტუალურ საკითხებს, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, იქნება ეს: ეკონომიკა, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი, სამართალი, განათლება და სხვა.
პროექტი შეიქმნა მისი პოპულარული და წარმატებული საერთაშორისო ანალოგების (www.politifact.com, www.factcheck.org) შესაბამისად და ის ხორციელდება ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით. პროექტის ავტორებმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს. |