საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა | Print |
Wednesday, 07 August 2013 19:37

საპარლამენტო უმრავლესობა დღეს ფინანსთა მინისტრს, ნოდარ ხადურს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ნარმანიას დახურულ ფორმატში შეხვდა. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, შეხვედრაზე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმდინარე წლის 6 თვის შედეგებზე ეკონომიკაზე, ფინანსებზე და ზოგადად იმ პროექტებზე ისაუბრეს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, ეკონომიკური გუნდის მინისტრებისგან მივიღეთ სრული გარანტია იმისა, რომ მიმდინარე წლის მაჩვენებლები და საპროექტო ვალდებულებები წლის ბოლომდე შესრულდება.
„მივიღეთ დაპირება იმის თაობაზე, რომ ყველა ის პროექტი რაც წელს იყო დაგეგმილი აუცილებლად შესრულდება. ეს ეხება როგორც სასკოლო სახელმძღვანელოებს, ისე საყოვეთაო დაზღვევას და პენსიების მატებას“, - განმარტა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, შეხვედრაზე მოვისმინეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ახალი ინვესტიციები და პროექტები იგეგმება. ვისაუბრეთ კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და მათ მიმდინარეობაზე კონკრეტულ რაიონებში.
„იყო კითხვები იმის თაობაზე, თუ რას ეფუძნება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებელები, რაზეც მივიღეთ პასუხი, რომ ეკონომიკის კლება ქვეყანაში შარშან ივლისიდან დაფიქსირდა და წელს მარტის თვემდე, ყოველი მომდევნო თვე, კლების მიმართულებით აღინიშნებოდა. მარტიდან პირიქითი პროცესი დაიწყო და წლის ბოლომდე სერიოზული წინსვლა იქნება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
დავით უსუფაშვილის თქმით, შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი დამწყებ ბიზნესმენთათვის იაფი კრედიტის ხელმიუწვდომლობა იყო. „იაფი კრედიტის საკითხი დამწყები ბიზნესისთვის გადაუჭრელ პრობლემად რჩება. მთავრობა მუშაობს ამ მიმართულებით და ალბათ, მომავალი წლისთვის, სათანადო მექანიზმები იქნება შემუშავებული. დამწყები ბიზნესისთვის ძირითადად კრედიტი ხელმიუწვდომელია, არადა ახალი საწარმოების გახსით და ახალი ინიციატივებით უნდა მოხდეს ეკონომიკის სტიმულირება“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

Last Updated on Monday, 19 August 2013 13:14