სხდომის ოქმი #13

      საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის  სხდომის 

ოქმი #13

                                                                                                      18  აპრილი  2013 .

                                                                                                                     14:00 საათი

 

                                                         საქართველოს პარლამენტის დარბაზი  N303

  სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი.

 სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: შოთა ხაბარელი; ზურაბ ზვიადაური; გიორგი თოფაძე; ნინო გოგუაძე; თინათინ ხიდაშელი; ვალერი გელაშვილი; იოსებ ჯაჭვლიანი; რევაზ შავლოხაშვილი; გიორგი ფეიქრიშვილი.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:

ბესიკ ლიპარტელიანი - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი;

მერაბ რატიშვილი - საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი;

თამაზ თევზაძე - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის მუშაკები, მასმედიის წარმომადგენლები. 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 10 წევრის დასწრებით.  

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): 

საქართველოს კალათბურთის  ეროვნული ფედერაციის სამომავლო გეგმების მოსმენა /მომხსენებელი: საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანი/ 

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. 

ლერი ხაბელოვი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, განაცხადა, რომ მიმდინარე სხდომა მიეძღვნებოდა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სამომავლო გეგემების მოსმენას და სიტყვა გადასცა მომხსენებელს. 

წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს ბესიკ ლიპარტელიანის მოხსენება: მომხსენებელის ინფორმაციით, 2013 წლის განმავლობაში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრიორიტეტები იქნება შემდეგი ქვეპროექტების წარმატებით განხორციელება: 1)  ეროვნული ნაკრები; 2) ასაკობრივი ნაკრებები; 3) საქართველოს ჩემპიონატები - საკლუბო სპორტი; 4) ვეტერანები.

ეროვნული ნაკრები - 2013 წლის მთავარი საკალათბურთო მოვლენა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპია, რომელიც 4-22 სექტემბერს სლოვენიაში გაიმართება. ევროპის ჩემპიონატს ეროვნული ნაკრები საუკეთესო კონდიციებში უნდა შეხვდეს, ამისთვის აუცილებელია ხარისხიანი მოსამზადებელი შეკრებების ორგანიზება და მოსამზადებელ საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობა. ასევე ყველა ლოჯისტიკური და ორგანიზაციული საკითხის ხარისხიანად მოგვარება, რომლებიც აუცილებელია ნაკრების მომზადებისათვის.

ასაკობრივი ნაკრებები - ფედერაციის მხრიდან დიდი ყურადღება ექცევა ასაკობრივ ნაკრებებს, როგორც ეროვნული ნაკრებისათვის მოთამაშეების მომზადების ძირითად ბაზას. ყველა ასაკობრივ ნაკრებს ჰყავს სამწვრთნელო შტაბი და სამედიცინო პერსონალი, რომლებსაც ფედერაციასთან არსებული ხელშეკრულების საფუძველზე ეძლევა ანაზღაურება მთელი წლის განმავლობაში. ფედერაციის მხრიდან ასაკობრივი ნაკრებების მიმართ დასახული მიზანი ყოველთვის იყო და არის ეროვნული ნაკრებისათვის რეზერვის მომზადება და არა კონკრეტულ ტურნირში რომელიმე ადგილის დაკავება.

ვეტერანები - ფედერაცია მაქსიმალურად ცდილობს შეძლებისდაგვარად დახმარება გაუწიოს ვეტერან კალათბურთელებს. მსგავსი სტრატეგია ექნება ფედერაციას 2013 წელსაც.

მომხსენებელი აგრეთვე შეეხო წლების განმავლობაში არსებულ და დღევანდელ პრობლემებს: 1) საკანონმდებლო ბაზა; 2) ინფრასტრუქტურა; 3) კლუბები; 4) საგანმანათლებლო პროგრამები.

საკანონმდებლო ბაზა - საჭიროებამ და დრომ მოიტანა  სპორტში საკანონმდებლო სისტემის შეცვლა-განახლება. დღეს მოქმედი საქართველოს კანონი ,,სპორტის შესახებ“ მიღებულია 1996 წელს და საჭიროებს მოდერნიზებას და თანამედროვე რეალობასთან მაქსიმალურ შესაბამისობაში ყოფნას. მნიშვნელოვანია, რომ ახალ კანონში გათვალისწინებულ იქნას სპორტის დაფინანსების და სპორტში ფინანსების მოზიდვის მასტიმულირებელი ასპექტები. ,,სპორტის შესახებ“ კანონის შეძლებისდაგვარად სწრაფად მიღება და ამოქმედება სპორტის განვითარების და სტრუქტურული დახვეწის პირდაპირპროპორციული იქნება. 

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს: 

ლერი ხაბელოვმა  მადლობა გადაუხადა მომხსენებელს საინტერესო მოხსენებისთვის და განაცხადა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციისათვის გათვალისწინებულია 2,5 მილიონი ლარი, საინტერესოა ეს არის ფედერაციის მოთხოვნა თუ როგორ მოხდა ამ თანხის გამოყოფა? 

ბესიკ ლიპარტელიანმა განმარტა, რომ ეს არის ფედერაციის მოთხოვა, აქედან 20% მიაქვს იჯარას, 60%  ხმარდება ნაკრებ გუნდებს, ხოლო დანარჩენი თანხა გათვალისწინებულია ღონისძიებებისათვის. 

შოთა ხაბარელმა განაცხადა, რომ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მხრიდან, კარგი ინიციატივაა წარმატებული სპორტული ფედერაციების ეტაპობრივად მოსმენის ტრადიციის დამკვიდრება, კალათბურთის ფედერაციაც მიეკუთვნება წარმატებული ფედერაციების რიცხვს, ჩვენთვის ცნობილია ფედერაციის მიღწევების შესახებ, რომ მათ ჰყავთ ძლიერი სპორტსმენები და აქვთ კარგი სტრატეგია. შოთა ხაბრელი აგრეთვე დაინტერესდა ფედერაციამ უკვე მოიძია თუ არა სპორტსმენი, რომელიც საქართველოს ნაკრებში ჩაანაცვლებს ზაზა ფაჩულიას? 

ბესიკ ლიპარტელიანმა განმარტა, რომ სპორტსმენი, რომელიც საქართველოს ნაკრებში ჩაანაცვლებს ზაზა ფაჩულიას ძალიან ძლიერი უნდა იყოს და ამ ეტაპზე ხდება მოთამაშის შერჩევა.  პრობლემის მოგვარებაში ჩართულია  მწვრთნელთა შტაბი   და ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები. 

თინა ხიდაშელი დაინტერესდა აქვს თუ არა ფედერაციას რაიმე პროგრამა შემუშავებული, რათა მოხდეს ბავშვების სპორტში ჩართვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების და ნარკოტიკების ალტერნატივის თვალსაზრისით? 

ბესიკ ლიპარტელიანმა განმარტა, რომ ამისათვის მხოლოდ კალათბურთის ფედერაციის აქტიურობა არაა საკმარისი, აუცილებელია მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან.

 რევაზ შავლოხაშვილმა განაცხადა, რომ კალათბურთის ფედერაცია მიეკუთვნება წარმატებული ფედერაციების რიცხვს, აგრეთვე აღნიშნა, რომ ადრე აქტუალური იყო ,,ქუჩის კალათბურთი“, რაც ხელს უწყობდა სპორტის მასობრიობას და დაინტერესდა ამ ეტაპზე ხომ არ აქვს ფედერაციას რაიმე მსგავსი პროგრამა შემუშავებული? 

ბესიკ ლიპარტელიანმა განმარტა, რომ საქართველოში არსებობს ,,ქუჩის კალათბურთის ასოციაცია“, რაც შეეხება მასობრიობას, ამასთან დაკავშირებით ფედერაციას  რაიმე ცალკეული პროგრამა არ აქვს შემუშავებული. 

ნინო გოგუაძე დაინტერესდა, თუ არსებობს საქართველოში სპეციალიზირებული კალათბურთის სკოლა და საჯარო სკოლებიდან თუ ხდება ბავშვების შერჩევა? 

 

ბესიკ ლიპარტელიანმა  განმარტა, რომ საქართველოში სპეციალიზირებული კალათბურთის სკოლები უკვე აღარ არსებობს, ხოლო რაც შეეხება  ბავშვების შერჩევას, ეს საჯარო სკოლებიდანაც ხდება. 

იოსებ ჯაჭვლიანი დაინტერესდა, თუ რა ასაკიდან შეიძლება ბავშვის მიყვანა კალათბურთზე? 

ბესიკ ლიპარტელიანმა  განმარტა, რომ ბავშვის კალათბურთზე მიყვანა სასურველია დაახლოებით 6-7 წლის ასაკიდან.  

ლერი ხაბელოვმა  წარმატებები უსურვა კალათბურთის ეროვნულ ფედერაციას და მადლობა გადაუხადა სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას აქტიური მსჯელობისა და დამოკიდებულებისათვის.

   

 

კომიტეტის თავმჯდომარე                                                      ლერი ხაბელოვი

   კომიტეტის აპარატის უფროსი                                                ედიშერ მაჩაიძე