| სხდომის ოქმი #15 |
|
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი #15 16 მაისი 2013 წ. 14:00 საათი
საქართველოს პარლამენტის დარბაზი N307
სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი. სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: შოთა ხაბარელი, ზურაბ ზვიადაური, თინათინ ხიდაშელი, თამაზ შიოშვილი, ვალერი გელაშვილი, იოსებ ჯაჭვლიანი, რევაზ შავლოხაშვილი, გიორგი მელაძე, კობა სუბელიანი, გიორგი ფეიქრიშვილი, კახა ბუცხრიკიძე, გიორგი თევდორაძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: გიორგი ნიჟარაძე - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი; თამაზ თევზაძე - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე; ირაკლი დოლაბერიძე - საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი; სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის მუშაკები, მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 13 წევრის დასწრებით. სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს რაგბის კავშირის სამომავლო გეგმების მოსმენა. /მომხსენებელი: საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე/ კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. ლერი ხაბელოვი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, განაცხადა, რომ მიმდინარე სხდომა მიეძღვნებოდა საქართველოს რაგბის კავშირის სამომავლო გეგმების მოსმენას და სიტყვა გადასცა მომხსენებელს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს გიორგი ნიჟარაძის მოხსენება: მომხსენებლის განმარტებით, საქართველოში რაგბი ერთ-ერთი წარმატებული სპორტის სახეობაა და მას ღირსეული ადგილი უჭირავს მსოფლიო სარაგბო თანამეგობრობაში. ამდენად, რაგბის განვითარება საქართველოში უნდა იყოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის, კერძო სექტორისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის. საქართველოს რაგბის კავშირმა შეიმუშავა 2008-2011 წწ. რაგბის განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომლის ძირითადი პრიორიტეტები, პირველ ყოვლისა, შიდა სარაგბო მეურნეობის განვითარება და აქედან გამომდინარე - საერთაშორისო არენაზე მიღწეული შედეგების გამყარება და გაუმჯობესება გახლდათ. შედეგად, განვლილ 4-წლიან ციკლში შესამჩნევი გახდა პოზიტიური დინამიკა სტრატეგიული გეგმის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით: სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლება, პოპულარიზაციის პროგრამები, სოციალური პროექტები, სანაკრებო რაგბი, ინფრასტრუქტურა, შიდა რაგბი. ახალ ოთხწლიან ციკლში საქართველოში რაგბის განვითარების სტრატეგიული გეგმის უმთავრეს პრიორიტეტად კვლავ დარჩება შიდა რაგბის განვითარება. ქვეყნის შიგნით მწყობრი, მოწესრიგებული, მატერიალურად უზრუნველყოფილი და მეცნიერულად დასაბუთებული სისტემის შექმნის გარეშე გამორიცხულია მეორე პრიორიტეტული მიმართულების - სანაკრებო რაგბის წინსვლა. აშკარაა კლუბების (გუნდების) რაოდენობის ზრდის ტენდენცია, რაც ძირითადად რაგბის მზარდი პოპულარობითა და სანაკრებო დონეზე მიღწეული წარმატებებით არის განპირობებული. ქართული რაგბი დიდ ამოცანებს არის შეჭიდებული და მისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არის მსოფლიოს საუკეთესო, ელიტარულ 12 გუნდს შორის მოხვედრა. ამასთან, სავარჯიშო და სათამაშო ინფრასტრუქტურის არქონა ქართული რაგბის ძირძველი უბედურებაა. თაობები იზრდებოდნენ და, სამწუხაროდ, ახლაც იზრდებიან აბსოლუტურად არასტანდარტულ, უხარისხო და ზოგჯერ ჯანმრთელობისთვის სახიფათო მოედნებზე, სკვერებში, პარკებში, იპოდრომზე და ა.შ. სრკ-ს განვითარების გეგმის მნიშვნელოვან მიმართულებებს წარმოადგენს ბავშვთა და მოზარდთა რაგბი, სასკოლო რაგბი, სტუდენტური რაგბი, შვიდკაცა რაგბი, ქალთა რაგბი, სამოყვარულო რაგბი და მასობრიობა. რაც შეეხება სპორტული მედიცინასა და სპორტის მეცნიერებას, ორივე ეს მიმართულება საქართველოში იმდენად ჩამორჩება საერთაშორისო სტანდარტებს, რომ სახელმწიფოს სასწრაფო ჩარევის გარეშე კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდებით. უნდა დაიწყოს დისკუსიები გამოსავლის მოსაძებნად და ამას უცხოელი სპეციალისტების გარეშე ჩვენ ვერ შევძლებთ. ქართული რაგბის განვითარებაში სარაგბო აკადემიის როლი ძალიან დიდია. აქ თავმოყრილნი არიან საუკეთესო სპეციალისტები და მწვრთნელები, რომლებიც გამოცდილი უცხოელი პროფესიონალების ხელმძღვანელობით მუშაობენ ასაკობრივ ნაკრებ გუნდებთან, იღებენ და გადასცემენ თანამედროვე სარაგბო ცოდნას, ეწევიან სალექციო მუშაობას. რაგბის კავშირის სტრუქტურა და მენეჯმენტი წლების განმავლობაში იხვეწებოდა და ეს პროცესი ჯერაც არ დასრულებულა, თუმცა რაგბის საერთაშორისო საბჭოს მიერ ის მოწონებულია და მეტიც, ბოლო მსოფლიო სარაგბო კონგრესზე, რომელიც ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მოეწყო, საქართველოს რაგბის კავშირი აღიარებულ იქნა ყველაზე სწრაფად განვითარებად ფედერაციად. საქართველოს რაგბის კავშირმა ახალ ოთხწლიან ციკლში რიგი პრობლემის მოგვარებას უნდა დაუთმოს დიდი დრო. მათ შორის მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრი იქნება სამუშაო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაზე. კერძოდ, გადასახედია საგადასახადო დაბეგრვის რეჟიმი სპორტის მიმართებით, რადგანაც, ჩვენი ღრმა რწმენით, სპორტი არ უნდა იბეგრებოდეს კომერციული სტრუქტურების ანალოგიურად (მაგ. ქონების, წყლის, მიწის, კომუნალური გადასახადები). ძალზედ მნიშვნელოვანია კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებების შეტანაც, რაც ბიზნესს გაუჩენს ქველმოქმედების მოტივაციას. ამის თაობაზე, ჩვენ უკვე მივმართეთ ვრცელი წერილით საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინიტროს. უმნიშვნელოვანესია სპონსორობის საკითხი - ერთის მხრივ ეს ბიზნესის სწორი მოტივაციის მეშვეობით უნდა მოხდეს, მეორეს მხრივ კი, უახლოეს წლებში (და შემდგომაც) სახელმწიფომ აუცილებლად უნდა გააგრძელოს სპორტის სერიოზული სუბსიდირება. სპონსორებისთვის რეალური ინტერესის გაჩენა შეუძლებელია მედია - დაფარვის გაუმჯობესების გარეშე. ის წარმატებები, რასაც ქართულმა რაგბიმ მიაღწია, უდიდესწილად განაპირობა რაგბიში მოზიდულმა უპრეცედენტო დაფინანსებამ. რომ არა საქართველოში რაგბის განვითარების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა (2008-2011 წწ.), საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტი და ფინანსური მხარდაჭერა, რაგბის საერთაშორისო საბჭოს უმაგალითო პოლიტიკური მხარდაჭერა და გაზრდილი გრანტები, რაგბის ერთგული სპონსორების დახმარება - ვერცერთი პროგრამა, რომელმაც ქართული რაგბის ასეთი პროგრესი გამოიწვია, უბრალოდ ვერ განხორციელდებოდა. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს: ლერი ხაბელოვმა მადლობა გადაუხადა მომხსენებელს საინტერესო მოხსენებისთვის და განაცხადა, რომ სათამაშო სახეობების განვითარებისათვის აუცილებელია ფინანსური პრობლემების მოგვარება, მით უფრო რაგბის განვითარებისათვის, რომელიც სპორტულ თამაშებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სახეობაა. პირველ რიგში, უნდა მოხდეს კლუბების დაფინანსება, რადგან ეროვნული ნაკრების შევსება ხდება სპორტული კლუბებიდან. ამასთან, აუცილებელია სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს მიერ განისაზღვროს სპორტის სახეობათა პრიორიტეტები. თამაზ თევზაძემ აღნიშნა, რომ მოესალმება საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის ინიციატივას სპორტული ფედერაციების ანგარიშის მოსმენის თაობაზე. რაგბის განვითარების დინამიკა საგრძნობლად გაიზარდა. მნიშვნელოვანი პრიორიტეტები უნდა იყოს სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება, სოციალური პროექტების განხორციელება ( შეზღუდული შესაძლებლობისა პირთა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პირთა ჩართვა სპორტში), კლუბური სისტემის განვითარება და ფინანსური მხარდაჭერა. შოთა ხაბარელმა დადებითად შეაფასა რაგბის კავშირის მიერ წარმოდგენილი პროგრამა და დაინტერესდა აქვს თუ არა რაგბის კავშირს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან ურთიერთობა ,,სპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით? ასევე რა მდგომარეობა საჯარო სკოლებში რაგბის, როგორც სპორტის სახეობის, სწავლებასთან დაკავშირებით? მომხსენებელმა განმარტა, რომ კანონი ,,სპორტის შესახებ“ მაქსიმალურად მოკლე დროში უნდა შევიდეს ცვლილება და ამ საკითხთან დაკავშირებით, სხვა ფედერაციებთან ერთად, თანამშრომლობენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან. ამ მიმართულებით აუცილებელია შეიცვალოს სპორტის დაბეგვრის რეჟიმი და დარეგულირდეს სპონსორობის საკითხები. რაც შეეხება, საჯარო სკოლებში რაგბის სწავლებას, ხდება შეთავაზება ფედერაციის მიერ და გადაწყვეტილებას თავად სკოლის ადმინისტრაცია იღებს, თუმცა სკოლებში არსებობს სპორტული ინფრასტრუქტურის პრობლემა. ლერი ხაბელოვმა წარმატებები უსურვა რაგბის კავშირს და მადლობა გადაუხადა სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას აქტიური მსჯელობისა და დამოკიდებულებისათვის.
კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი
კომიტეტის აპარატის უფროსი ედიშერ მაჩაიძე |






