სხდომის ოქმი #16

                                          საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ

საქმეთა კომიტეტის  სხდომის

 ოქმი #16         

                                                                                                          11 ივნისი 2013 .

                                                                                                   14:00 საათი

 

                                                         საქართველოს პარლამენტის დარბაზი  N305

სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი. 

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: შოთა ხაბარელი; ელისო ჩაფიძე; თამაზ შიოშვილი; თინათინ ხიდაშელი; გიორგი ქავთარაძე; იოსებ ჯაჭვლიანი; პაატა კვიჟინაძე; გიორგი ფეიქრიშვილი; გიორგი თევდორაძე.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:

დავით ლომიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა სა სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის მუშაკები, მასმედიის წარმომადგენლები. 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 10  წევრის დასწრებით. 

სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):           

 საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2006 წლის 13 დეკემბერის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ და კონვენციის  ფაკულტატური ოქმის განხილვა. (07-1/54,13.05.13)                                                                /მომხსენებელი: დავით ლომიძე - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე/

კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. 

სხდომის თავმჯდომარე მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და სიტყვა გადასცა მომხსენებელს. 

წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს დავით ლომიძის მოხსენება: მომხსენებელის ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის 30-ე მუხლი ეხება კულტურულ ცხოვრებაში, გამაჯანსაღებელ, გასართობ და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობას. აღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის გამაჯანსაღებელ, გასართობ და სპორტულ ღონისძიებებში ჩართულობის მიზნით, სხვებთან თანაბარ პირობებში, წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მიიღონ შემდეგი ზომები:

ა) მაქსიმალურად წაახალისონ და ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობას ნებისმიერი სახის სპორტულ ღონისძიებებში;

ბ) უზრუნველყონ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა შეძლონ, ორგანიზება გაუკეთონ, განავითარონ და მონაწილეობა მიიღონ სპეციალურად მათთვის განკუთვნილ გამაჯანსაღებელ და სპორტულ ღონისძიებებში; ამ მიზნით და სხვებთან თანაბარ პირობებში, ხელი შეუწყონ ამ პირთა სათანადო ინსტრუქციებით, მომზადებითა და რესურსებით უზრუნველყოფას;

გ) უზრუნველყონ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ხელი მიუწვდებოდეთ სპორტულ, გამაჯანსაღებელ და ტურისტულ ადგილებზე;

დ) უზრუნველყონ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, სხვა ბავშვების მსგავსად, მონაწილეობდნენ სათამაშო, გამაჯანსაღებელ, გასართობ და სპორტულ ღონისძიებებში, მათ შორის სასკოლო სისტემის ფარგლებში;

ე) უზრუნველყონ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ხელი მიუწვდებოდეთ ისეთ მომსახურებაზე, რომლითაც ხდება გამაჯანსაღებელი, ტურისტული, გასართობი და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება. 

სხდომის თავმჯდომარემ მოუწოდა კომიტეტის წევრებს, ჩაეტარებინათ კენჭისყრა  „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციისა“ და კონვენციის  ფაკულტატური ოქმისათვის.          

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა,  ჩატარებული კენჭისყრის შედეგად,  მხარი დაუჭირა აღნიშნულ კონვენციასა და ფაკულტატურ ოქმს და  მიზანშეწონილად მიიჩნია  მისი  რატიფიცირება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 

სხდომის თავმჯდომარემ         მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს აქტიური მსჯელობისა და დამოკიდებულებისათვის.

 

 

კომიტეტის თავმჯდომარე                                              ლერი ხაბელოვი

 

 კომიტეტის აპარატის უფროსი                                                        ედიშერ მაჩაიძე