| სხდომის ოქმი #18 |
|
საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომის ოქმი #18 11 ივლისი 2013 წ.
15:00 საათი
საქართველოს პარლამენტის დარბაზი N308 სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი. სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ზურაბ ზვიადაური, თინათინ ხიდაშელი, თამაზ შიოშვილი, ვალერი გელაშვილი, იოსებ ჯაჭვლიანი, რევაზ შავლოხაშვილი, გიორგი თოფაძე, ელისო ჩაფიძე. სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის მუშაკები, მასმედიის წარმომადგენლები. სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 9 წევრის დასწრებით. სხდომის დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (07-2/74, 22.06.2013) განხილვა. /მომხსენებელი: ზვიად ოქროპირიძე - საქართველოს შინაგან საქმეთასამინისტროს იურიდიული სამმართველოს უფროსი/ კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. შოთა ხაბარელი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, განაცხადა, რომ მიმდინარე სხდომა მიეძღვნებოდა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე” I მოსმენით განხილვას და სიტყვა გადასცა მომხსენებელს. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს ზვიად ოქროპირიძის მოხსენება: მომხსენებლის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელი რიგი მუხლებით დაწესებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა საჭიროებს გადახედვას და წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რამოდენიმე მუხლში შედის ცვლილება, რომელიც ძირითადად ეხება აღნიშნული მუხლების სანქციის ნაწილებს, პასუხისმგებლობის შემსუბუქებისა ან გამკაცრების თვალსაზრისით. კანონპროექტის მიზანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აღნიშნულ სფეროში საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრაა. ამასთან გახშირდა ავტოსაგზაო შემთხვევები, რაც ხშირ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვით არის გამოწვეული. პასუხისმგებლობა მკაცრდება მართვის უფლების არმქონე პირთა ან იმ პირთა მიმართ, რომლებიც ნასვამ ან მართვის უფლების არმქონე პირს გადასცემენ სამართავად სატრანსპორტო საშუალებას, ასევე სატრანსპორტო საშუალების მინების დამუქებისათვის. ადმინისტრაციული სახდელი შემსუბუქდება რეგისტრაციის დადგენილი წესების დარღვევით სატრანსპორტო საშუალების მართვის, მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით ორგანიზებულად გზის გადაკეტვისა და ღერძულა ხაზის გადაკვეთისათვის. მკაცრი ადმინისტრაციული სახდელი დაწესდა ალკოჰოლური სასმელით ვაჭრობის წესების დარღვევის, არასრულწლოვანის დათრობის, საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლური სასმელის სმის ან მთვრალ მდგომარეობაში ყოფნისათვის, აგრეთვე არასრულწლოვანთა აღზრდისა და სწავლების მოვალეობათა შეუსრულებლობისათვის. კერძოდ, ცვლილებას განიცდის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-16 მუხლის პირველი და I1 ნაწილები,116-ე მუხლის 1-4-ე, 41-ე, 6-7-ე ნაწილები; 119-ე მუხლის 1-ლი, 5-ე, 71-ე, 72-ე, 8-ე ნაწილები; 122-ე მუხლის 2-ე ნაწილი; 125-ე მუხლის 3-ე, 4-ე, 61-ე, 71-ე, 72-ე; 127-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები; 1271-ე მუხლის 1-ლი, 5-ე, 7-8-ე ნაწილები; 155-ე მუხლის 1-5-ე ნაწილები; 170-ე მუხლი, 171-ე მუხლის 1-3-ე ნაწილები; 172-ე მუხლის 1-4-წ ნაწილები; 173-ე მუხლი; 208-ე მუხლი; 209-ე მუხლის 1-2-ე ნაწილები; 239-ე მუხლის 13-ე, 28-ე და 601-ე ნაწილები; 290-ე მუხლის 11-ლი და 300-ე მუხლის 1-3-ე ნაწილები. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს: თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ გვაქვს საბჭოთა დროინდელი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომელიც აუცილებლად საჭიროებს დახვეწას, წარმოდგენილი ინიციატივა არ უნდა განვიხილოთ, როგორც ახალი კოდექსის მიღება, რადგან ხდება მხოლოდ საჯარომო სანქციების გაზრდა ან შემცირება. არავინ დაობს იმის თაობაზე რომ ნასვამი მძღოლი არ უნდა მართავდეს სატრანსპორტო საშუალებას, რადგან გზებზე სიკვდილიანობა ძალიან მაღალია. თინა ხიდაშელი დაინტერესდა: 1) არის თუ არა შესაძლებელი მოხდეს კანონპროექტში გამოყენებული ტერმინოლოგიის დაზუსტება, კერძოდ რა იგულისხმება ,,საზოგადოებრივი ზნეობის“ ცნებაში? 2) იქნებ განმარტოთ კანონის 116-ე მუხლის 6-ე პუნქტის დისპოზიცია, კერძოდ, ,,თუ დაზარალებულმა არ გააასაჩივრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს ჯარიმით 1500 ლარის ოდენობით“. აღნიშნული ნორმა ხომ არ შეძლება ჩაითვალოს ერთგვარ ,, შანტაჟად“? ზვიად ოქროპირიძემ განმარტა, რომ აღნიშნული ტერმინოლოგია მოქმედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში გამოყენებულია და ,,საზოგადოებრივი ზნეობის“ ცნებაში იგულისხმება უხამსი საქციელი. მაგ: გაშიშვლება და ა.შ. რაც შეეხება კანონის 116-ე მუხლის 6-ე ნაწილის დათქმას, მეორე მოსმენისთვის გადაიხედება. შოთა ხაბარელმა მოუწოდა კომიტეტის წევრებს, ჩაეტარებინათ კენჭისყრა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე ,,ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტის გატანას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე I მოსმენით განსახილველად. შოთა ხაბარელმა მადლობა გადაუხადა მომხსენებელს და სხდომა დახურულად გამოაცხადა.
კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი
კომიტეტის აპარატის უფროსი ედიშერ მაჩაიძე
|






