სხდომის ოქმი #19

                                                  საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ

საქმეთა კომიტეტის  სხდომის

 ოქმი #19         

                                                                                                        23  ივლისი  2013 .

                                                                                                                  17:00 საათი

                                                          საქართველოს პარლამენტის დარბაზი  N306

 სხდომას უძღვებოდა: კომიტეტის თავმჯდომარე ლერი ხაბელოვი. 

 სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: შოთა ხაბარელი; თამაზ შიოშვილი; ზაზა პაპუაშვილი; ივანე კიღურაძე; ალექსანდრე ქანთარია; ფრიდონ საყვარელიძე; გიორგი კახიანი; გიორგი ფეიქრიშვილი.

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის აპარატის მუშაკები, მასმედიის წარმომადგენლები. 

სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის 9 წევრის დასწრებით.     

 სხდომის დღის წესრიგი (პროექტი):                                           

საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების: მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე განხილვა  (07-3/117, 20.06.2013).

            /მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი კობა დავითაშვილი/

  კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. 

ლერი ხაბელოვი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და სიტყვა გადასცა მომხსენებელს. 

 წესრიგით გათვალისწინებულ  საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს კობა დავითაშვილის მოხსენება:

მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველოს კანონის პროექტით ,,მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ, ინტელექტუალურ ან სულიერ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მოხდენა პროგრამების განთავსება ან საჯარო ინფორმაციის მიწოდება იმ დროს, როცა მათ მიერ ამ პროგრამების ან ინფორმირების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს. კანონპროექტში მოცემულია ჩამონათვალი, თუ რა სახის ინფორმაცია მიიჩნევა მოზარდების მიმართ მავნე ზეგავლენის მქონედ. კანონპროექტს დაემატა პუნქტი, სადაც ზემოაღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ მისი შინაარსი მოიცავს მხოლოდ მოვლენების ამსახველ პოლიტიკური, სოციალური, რელიგიური ან მიმოხილვით ხასიათის ინფორმაციას; ინფორმაცია მნიშვნელოვანია სამეცნიერო ან ხელოვნების თვალსაზრისით ან აუცილებელია კვლევითი ან საგანმანათლებლო მიზნებისათვის და არსებობს საზოგადოების დიდი ინტერესი ასეთი ინფორმაციის გავრცელების მიმართ ან იგი საჭიროა ძებნილი პირის იდენთიფიკაციისათვის. კანონპროექტის თანახმად იკრძალება არასრულწლოვანთათვის ისეთი ჟურნალ-გაზეთებისა და მსგავსი სახის ნაბეჭდი პროდუქციის მიყიდვა და სარეალიზაციოდ გადაცემა, რომელიც შეიცავს მათზე მავნე ზეგავლენის ამსახველ მასალას.

,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტით წესდება სახდელი არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ, ინტელექტუალურ ან სულიერ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების განთავსების წესების დარღვევისთვის და განსაზღვრულია ადმინისტრირების მწარმოებელი ორგანო - საქართველოს კომუნიკაცების ეროვნული კომისია. კანონპროექტში გამყარებულია აქამდე დაურეგულირებელი სფერო არასრულწლოვანთათვის მავნე ზეგავლენის მქონე ნაბეჭდი პროდუქციის მიყიდვა და სარეალიზაციოდ გადაცემა, ალკოჰოლური სასმელების, ლუდისა და თამბაქოს მიყიდვა. აგრეთვე კანონპროექტს დაემატა 21 წლამდე ასაკის პირის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში სათამაშოდ დაშვება ან 18 წლამდე ასაკის პირის სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ დაშვება ან/და მომგებიან თამაშობებში  (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ან/და სისტემურ-ელექრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობებში მონაწილეობის დაშვება ან/და აზარტულ სათამაშო დაწესებულებებში დარღვევის წესს არასრულწლოვანთა მუშაობისთვის საჯარიმო სანქციის გამოყენება.

,,რეკლამის შესახებ“ წარმოდგენილი კანონპროექტით ზუსტდება აკრძალვა - სექსუალური ხასიათის ან/და ისეთი პროდუქციის რეკლამის გავრცელება რადიოსა და ტელევიზიის საშუალებით, გაზეთების კაბადონებსა და ჟურნალების გარეკანებზე, რომელსაც მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია არასრულწლოვანთა ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ, ინტელექტუალურ ან სულიერ განვითარებაზე, იგი შესაბამისობაში მოდის ერთიანი პაკეტის სახით კანონპროექტის წარდგენილ ნორმებთან.

,,მაუწყებლობის შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ წარმოდგენილი კანონპროექტით იკრძალება ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ, ინტელექტუალურ ან სულიერ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების განთავსება ან საჯარო ინფორმაციის მიწოდება. განსაზღვრულია პერიოდი არსებული სახით - როცა მათ მიერ ამ პროგრამების ან ინფორმირების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს. კანონპროექტში მოცემულია ჩამონათვალი თუ რა სახის ინფორმაცია მიიჩნევა მოზარდების მიმართ მავნე ზეგავლენის მქონედ. კანონპროექტს დაემატა პუნქტი, სადაც ზემოაღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ მისი შინაარსი მოიცავს მხოლოდ მოვლენების ამსახველ პოლიტიკური, სოციალური, რელიგიური ან მიმოხილვით ხასიათის ინფორმაციას; ინფორმაცია მნიშვნელოვანია სამეცნიერო ან ხელოვნების თვალსაზრისით ან აუცილებელია კვლევითი ან საგანმანათლებლო მიზნებისათვის და არსებობს საზოგადოების დიდი ინტერესი ასეთი ინფორმაციის გავრცელების მიმართ ან იგი საჭიროა ძებნილი პირის იდეიფიკაციისთვის. 

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს: 

შოთა ხაბარელმა მადლობა გადაუხადა მოხსენებელს  და დაინტერესდა:

იქნებ დაკონკრეტდეს, წარმოდგენილ კანონპროექტში რა თამაშები მოიაზრება აზარტულ თამაშებში, ვინაიდან სპორტის გარკვეული სახეობები შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც აზარტული თამაშები? 

კობა დავითაშვილმა განმარტა, რომ აქ არის საუბარი 21 წლამდე ასაკის პირის სამორინეში ან/და აზარტულ კლუბში სათამაშოდ დაშვებაზე ან 18 წლამდე ასაკის პირის სათამაშო აპარატების სალონში სათამაშოდ დაშვებაზე. 

ლერი ხაბელოვმა მოუწოდა კომიტეტის წევრებს, ჩაეტარებინათ კენჭისყრა საქართველოს პარლამენტის წევრის კობა დავითაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტებისათვის: მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ და ,,რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. 

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა, ჩატარებული კენჭისყრის შედეგად, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კანონის პროექტების გატანას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად. 

ლერი ხაბელოვმა  მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას და სხდომა დახურულად გამოაცხადა.

 

 

კომიტეტის თავმჯდომარე                                              ლერი ხაბელოვი

 

კომიტეტის აპარატის უფროსი                                                  ედიშერ მაჩაიძე