საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების საფლავები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გვირგვინით შეამკო. „დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმ ტრაგედიის აღსანიშნავად, რომელიც წლების და დროის მდინარებას არ ექვემდებარება. დღეს სრულიად საქართველო ვგლოვობთ იმ დღეებს, რომლებიც შეიძლება არ მომხდარიყო. ჩვენ ჩვენი ინტერესების და ჩვენი სტრატეგიული ხედვის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. ეს ხედვა კი ნიშნავს იმას, რომ არც თავად უნდა ვიყოთ რაიმე მსგავსი ძალადობრივი საომარი ქმედების პირდაპირი თუ არაპირდაპირი ინიციატორი მომავალში და არც სხვის პროვოკაციას უნდა ავყვეთ. ამიტომ გვჭირდება ჩვენ საერთაშორისო სისტემა, საერთაშორისო თანამეგობრობა,რომელმაც სრულიად სხვა ხერხებით და ბერკეტებით უნდა დაიცვას ჩვენი ქვეყნის ინტერესები და აღარ უნდა დავუშვათ საქართველოში ომი, რასაც არ უნდა ამბობდნენ ამა თუ იმ მეზობელი ქვეყნის პოლიტიკოსები თუ პრეზიდენტები“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილმა დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ სამშობლოს დაცვა წმიდათაწმიდა მოვალეობაა და ყველა ჯარისკაცი მზადაა ამისთვის. ,,ჩვენ სახელმწიფო და ქვეყანა, ხელისუფლება გვჭირდება იმისთვის, რომ მინიმუმამდე დავიდეს ასეთი მსხვერპლი. საქართველოს გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით ძალიან დიდი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ შემდგომი გართულებები“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.