| "2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში |
| სამშაბათი, 13 აგვისტო 2013 12:25 |
|
“2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ” საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში მოიცავს უფლებათა და თავისუფლებათა ფართო სპექტრს, კერძოდ, ასახავს სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა დაცვის მდგომარეობას საქართველოში. ამ ანგარიშში საუბარია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სახელმწიფოში არსებულ ზოგად ტენდენციებზე, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევის ფაქტებზე. საქართველოს პარლამენტმა აღნიშნული ანგარიში მიიღო, როგორც უმნიშვნელოვანესი ფაქტობრივი ინფორმაცია 2012 წელს ადამიანის უფლებათა მასობრივი დარღვევის თაობაზე. ანგარიში შეეხება საპარლამენტო არჩევნებამდე და არჩევნების პერიოდში არაერთ სფეროში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის შემდეგ ფაქტებს:
საქართველოს პარლამენტი იზიარებს იმ რეკომენდაციებს, რომლებითაც საქართველოს სახალხო დამცველი მიმართავს სახელმწიფო უწყებებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, და ადგენს:
1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ: ა) უზრუნველყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა საყოფაცხოვრებო ნორმების და მათი უფლებების დაცვის მდგომარეობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა; ბ) შეიმუშაოს და აღასრულოს პატიმართა რესოციალიზაციის სამოქმედო გეგმა; გ) განახორციელოს ყველა შესაძლო ღონისძიება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, პატიმართა მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების საკითხის მოგვარების, თითოეული ფაქტის სტამბოლის ოქმის მიხედვით დოკუმენტირების, ობიექტური და ეფექტიანი გამოძიების ჩატარების მიზნით; დ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ სამსახურებრივი კონტროლის განხორციელების დროს განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს არაფორმალური დასჯის მეთოდებისა და კოლექტიური დასჯის შემთხვევების გამოვლენასა და აღმოფხვრაზე; ე) განახორციელოს პენიტენციარული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმირება ქვეყანაში არსებული ჯანმრთელობის დაცვის კანონმდებლობის მოთხოვნების და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, რითაც მიიღწევა პატიმრობაში მყოფ პირთა ადეკვატური და დროული სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა; ვ) მოამზადოს პატიმრობის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფს ყველა კატეგორიის მსჯავრდებულთა უფლებას ვიდეოპაემანზე; ზ) მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებისას გაითვალისწინოს მისი ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელი ადგილი; თ) უზრუნველყოს პატიმრის კანონით განსაზღვრულ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსება. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ: ა) დაკავებისა და დაპატიმრების შემთხვევებში დაიცვას ბრალდებულთა საპროცესო უფლებები და გამოიყენოს შესაბამისი გარანტიები; ბ) განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება 2012 წელს, მათ შორის, საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების ობიექტური და ეფექტიანი გამოძიების მიზნით; გ) განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება არასრულწლოვანთა მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების მხრიდან უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან დაცვის მიზნით და უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციების ამოქმედება ბავშვთა უფლებების დამრღვევ პირთა მიმართ; დ) განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება ქალთა ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მიზნით; ე) დაასრულოს დაწყებული გამოძიებები, რომლებიც პირთა რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის და მათ მიმართ რელიგიურ ნიადაგზე დისკრიმინაციის ნიშნების შემცველი მოპყრობის ფაქტებს უკავშირდება. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ გაითვალისწინოს, რომ, საქართველოს პარლამენტის მიერ 2012 წლის 28 დეკემბერს მიღებული „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 190 პატიმარი აღიარებულ იქნა პოლიტიკურ პატიმრად; შესაბამისად, დადგა ამ პირთა შემდგომი რეაბილიტაციის საკითხი. ვინაიდან საქართველოს პარლამენტს არ შეუძლია სასამართლო გადაწყვეტილებათა შეცვლა, მოხდა მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებულ და დევნილ პირთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება და ყველას მიეცა უფლება, ესარგებლა სამართლიანი სასამართლოს უფლებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია იუსტიციის სამინისტრომ იმსჯელოს პოლიტიკურ პატიმართა შემდგომი სამართლებრივი ან სხვა სახის რეაბილიტაციის მექანიზმის შემუშავებაზე. 4. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ: ა) უზრუნველყოს თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მომხდარი არასათანადო მოპყრობის ყველა ფაქტის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, დამნაშავეთა იდენტიფიცირება და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემა; ბ) შეაფასოს საჯარო მოხელის, პოლიციელის, გამომძიებლის, პროკურორის ქმედებათა კანონიერება, რეაგირება მოახდინოს საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის თითოეულ შემთხვევაში და კანონით დადგენილი წესით თავიდან აიცილოს მსგავსი ფაქტები; გ) ჩაატაროს სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება ლოპოტის ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან, სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილთა საქმეზე, აგრეთვე მათი ოჯახის წევრებზე განხორციელებული უკანონო ზემოქმედების ფაქტებზე; მიუკერძოებლობისა და მაღალი სანდოობის პრინციპიდან გამომდინარე, გამოძიების წარმოებაში არ უნდა მონაწილეობდნენ ის პირები (გამომძიებლები, პროკურორები), რომლებიც რაიმე ფორმით დაკავშირებული იყვნენ აღნიშნულ საქმესთან; დ) საზოგადოების დიდი დაინტერესებიდან გამომდინარე, საგამოძიებო ორგანოს მეშვეობით პერიოდულად მიაწოდოს საქართველოს პარლამენტს ინფორმაცია ლოპოტის ხეობაში, სოფელ ლაფანყურთან, 2012 წლის აგვისტოში მომხდარი მოვლენების გამოძიების მიმდინარეობის შესახებ; ე) უზრუნველყოს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების უკანონო შეზღუდვის, ამ უფლების რეალიზაციისათვის ხელის შეშლის ყველა ფაქტზე ეფექტიანი და ობიექტური ღონისძიებების განხორციელება, რათა არ შეიქმნას დაუსჯელობის პრეცედენტები; ვ) გამოიძიოს შეკრებისა და მანიფესტაციის დაშლის ყველა ფაქტი, რომლებთან დაკავშირებითაც წლების განმავლობაში გაიცემოდა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები (2007 წლის 7 ნოემბრის, 2009 წლის 6 მაისისა და 15 ივნისის და სხვა დარბევის ფაქტები); ზ) გამოიძიოს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ სახელმწიფოსთვის საეჭვო გარემოებებში ჩუქების ფორმით საკუთრების უკანონო გადაცემის, აგრეთვე კერძო საკუთრების უკანონო ხელყოფის ფაქტები. 5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: ა) განახორციელოს ყველა საჭირო ღონისძიება ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად; ბ) ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მდგომარეობის გაუმჯობესების, სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და პაციენტთა უფლებების დაცვის მიზნით განახორციელოს ადეკვატური რეფორმები და უზრუნველყოს მათში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა; გ) დანერგოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართ ძალადობისა და უგულებელყოფის თავიდან აცილების, ასეთი ფაქტების დროული გამოძიების და მათზე რეაგირების სისტემა; დ) განსაკუთრებული ყურადღება დაუთმოს ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვთა უფლებების დაცვას, მათ განათლებას, ჯანმრთელობის დაცვას და განვითარების პირობების უზრუნველყოფას, შრომითი ექსპლუატაციისაგან დაცვას; ე) ბავშვთა სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის გათვალისწინებით, შეიმუშაოს ბავშვებზე მეთვალყურეობის ერთიანი, პრაქტიკული და რეალურ პირობებთან ადაპტირებული სტანდარტი მცირე, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისათვის ბენეფიციართა ზრდა-განვითარებისა და ჯანმრთელობაზე მეთვალყურეობის გაუმჯობესების მიზნით და მცირე, საოჯახო ტიპის სახლების რაოდენობა შეუსაბამოს ბენეფიციართა საერთო რაოდენობას; ვ) უზრუნველყოს მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდება „ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებით“ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, მცირე, საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებისათვის შინაგანაწესის და მისი ყველა კომპონენტის სათანადო წესით შემუშავების სახით; სახელმწიფო ზრუნვისადმი დაქვემდებარებული ბავშვების მიმართ ძალადობისა და არაჰუმანური მოპყრობის თავიდან აცილების მიზნით განხორციელდეს ეფექტიანი ღონისძიებები და უზრუნველყოფილ იქნეს ამ ბავშვთა ოჯახების რეინტეგრაციის აქტიური ხელშეწყობა. 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ: ა) უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთათვის − დევნილთათვის საცხოვრებელი ფართობების განაწილება და მათთვის საკუთრების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის გადაცემა, ისე, რომ გამოირიცხოს არაერთგვაროვანი სტანდარტების გამოყენება; ე. წ. „კომპენსირებული კერძო სექტორის დევნილების“ მიმართ ჩამოაყალიბოს ერთიანი მიდგომა; ბ) დევნილთა განსახლების ადგილებზე განახორციელოს შემოსავლის მომტანი სხვადასხვა პროექტი; დევნილთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის ფარგლებში, სახელმწიფოსა და სამშენებლო კომპანიებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებში გაითვალისწინოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები; გ) ეროვნულ საკანონმდებლო დონეზე ჩამოაყალიბოს ეკომიგრანტის დეფინიცია და განსაზღვროს იმ პირთა წრე, რომლებზედაც გავრცელდება აღნიშნული სამართლებრივი სტატუსი; დ) სამართლებრივ დონეზე შეიმუშაოს ეკომიგრანტების განსახლების შემდგომი ადაპტაცია-ინტეგრაციის სტრატეგია და ეფექტიანად განახორციელოს იგი. 7. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ: ა) განახორციელოს სამართლებრივი, ადმინისტრაციული, სამეურნეო და საზოგადოებრივი ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს გარემოში არსებული ბუნებრივი წონასწორობის შენარჩუნებასა და აღდგენას; ბ) უზრუნველყოს ადამიანის ცხოვრების დონის ამაღლება მაქსიმალურად დაცული ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი, რათა ადამიანი ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი. 8. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდმა: ა) უზრუნველყონ ყველა დაწესებულებაში სამედიცინო და ფსიქოსოციალური დიაგნოსტიკისა და რეაბილიტაციის პროგრამის მულტიდისციპლინური გუნდური მიდგომის დანერგვა და ხელშეწყობა, მათ შორის, შესაბამისი ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყოფით; ბ) გამოასწორონ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და მულტიდისციპლინური გუნდების მუშაობის რეგულირების ხარვეზები; გ) გადაამზადონ დაწესებულების რეაბილიტაციის სპეციალისტები შესაბამისი ტრენინგებისა და საგანმანათლებლო კურსების ჩატარებით; დ) დაავალონ ყველა დაწესებულებას ბენეფიციართა რეაბილიტაციის ინდივიდუალური გეგმების შემუშავება და ჯეროვანი შესრულება; ე) უზრუნველყონ პანსიონური მომსახურების მქონე საჯარო სკოლების პერსონალის გადამზადება, რათა მან შეძლოს ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დაცვისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება; ვ) უზრუნველყონ ბავშვთა დაცვის რეფერალური სისტემის ამოქმედება, რათა ბავშვის მიმართ ძალადობის ან უგულებელყოფის შესახებ ნებისმიერი დასაბუთებული ეჭვის არსებობის შემთხვევაში ამის თაობაზე ეცნობოს პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს და განხორციელდეს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება ძალადობის აღკვეთისათვის; ზ) უზრუნველყონ კოორდინირებული მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის გაუმჯობესებისათვის; თ) უზრუნველყონ სათანადო ფორმით და დონეზე ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობა საჯარო სკოლებში, მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. 9. საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა ან დაწესებულებებმა: ა) დეტალურად შეისწავლონ კონკრეტული საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მათი შესაბამის აქტში ასახვისას მიუთითონ ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომლებიც ამგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველია; ბ) დაგეგმონ ღონისძიებები იმ პირთა მიახლოებითი რაოდენობის დადგენისათვის, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო ქუჩაში ან პერიოდულ თავშესაფრებში ცხოვრობენ. 10. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა: ა) უზრუნველყონ სათანადო ღონისძიებების განხორციელება უსახლკაროთა აღრიცხვისა და, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ამ მონაცემების სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის მიწოდების მიზნით; ბ) მხედველობაში მიიღონ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით მათთვის დაკისრებული ვალდებულებები და ბიუჯეტის ფორმირებისას გაითვალისწინონ სათანადო ხარჯები საბინაო ფონდის შესაქმნელად ან/და სხვა, ალტერნატიული პროექტის განსახორციელებლად, რაც უზრუნველყოფს უსახლკაროთათვის თავშესაფრის მიცემის შესაძლებლობას. 11. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: ა) შესაბამისი სამინისტროების მიერ ზემოთ მითითებული რეკომენდაციების შესრულება; ბ) უმცირესობათა უფლებების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა; გ) ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე საქართველოს პარლამენტის, მისი კომიტეტების რეკომენდაციებსა და განცხადებებზე რეაგირებისა და მონიტორინგის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების მექანიზმის შექმნა; დ) საქართველოს მოქალაქეების მიერ საცხოვრისის უფლების სათანადო რეალიზაციის მიზნით სპეციალური სახელმწიფო პროგრამისა და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება. 12. დაევალოს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, განახორციელოს მონიტორინგი „2012 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული ფაქტების თავიდან აცილებისა და რეკომენდაციების შესრულებისაკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებაზე.
13. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი
ქუთაისი, 2013 წლის 30 ივლისი. №912-რს
|






