აგრარულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 15 აგვისტო 2013 18:08

საქართველოს მეცხოველეობის სექტორის განვითარების შესახებ იმსჯელეს დღეს საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებმა. შეხვედრისას მიმოიხილეს ის ფაქტორები,რომელიც ხელს უშლის დარგის განვითარებას. ასეთად რძისა და ხორცის წარმოების თანამედროვე მეთოდებში კვებასთან დაკავშირებული საკითხების, დაავადებათა პრევენციის და დიაგნოზის დასმის დაბალი გამოცდილება დასახელდა.

როგორც აღინიშნა, სუსტია გამოცდილება პირუტყვისთვის საკვების წარმოებაში და საკვების რაციონის გათვლაში. სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს რძისა და ხორცის წარმოებასთან დაკავშირებულ სირთულეებზეც. შეხვედრაზე ასევე, ისაუბრეს იმ შესაძლებლობებზე რომელიც რეალურად არსებობს. წარმოდგენილი იყო თბილისის ნატურალური რძით მომარაგების გეგმა. დისკუსიის დროს გამოიკვეთა გლეხებისთვის და მეწარმეთათვის ტრენინგების ჩატარების აუცილებლობა.
„ვცდილობთ კომიტეტში ტრადიციად დამკვიდრდეს დარგის სპეციალისტებთან შეკრება, ვისთან ერთადაც ვახდენთ პრობლემების იდენტიფიცირებას და ვსახავთ მათი მოგვარების გზებს. გამოიკვეთა, რომ ხარვეზებია საკანონმდებლო ბაზაში, არ არსებობს საინფორმაციო ბაზა, მოშლილია ვეტერინარიის სისტემა, არის განათლების დაბალი დონე. აქ შევიკრიბეთ სწორედ იმიტომ, რომ ვიმსჯელოთ იმ პრობლემებზე, რომელიც დღეს ამ მიმართულებით არსებობს, რათა შემდგომ ჩვენ, როგორც საკანონმდებლო ორგანომ და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, როგორც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ერთობლივად მივაღწიოთ წარმატებას“, – აღნიშნა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 19 აგვისტო 2013 13:06