საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მუშაობა და საკანონმდებლო ორგანოს პრიორიტეტები გააცნო პარლამენტის თვმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" შეკრებილ საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს. დავით უსუფაშვილმა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან და მომავალ არჩევნებთან დაკავშირებულ მოლოდინებზეც ისაუბრა და ამბასადორიალის მონაწილეებს იმ საკანონმდებლო ინიციატივებზეც მიაწოდა ინფორმაცია, რომლებზეც პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზეც. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტებს ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, მაგრამ ასეთი ფორმატის შეხვედრები, რაც წელიწადში ერთხელ იმართება აუცილებელია მეტი კოორდინაციისათვის და ეფექტური საგარეო პოლიტიკის წარმართვისათვის. დავით უსუფაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გუშინდელი მიმართვის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ "ძალიან დიდია ბიძინა ივანიშვილის დამსახურება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში და დარწმუნებული ვარ ასე იქნება მომავალშიც. პრემიერ-მინისტრი ასრულებს თავის ყველა დანაპირებს, მათ შორის ამ დანაპირებსაც, რომ ის 2-3 წელიწადში დატოვებდა პოლიტიკურ ცხოვრებას და სხვა ფორმით გააგრძელებდა ქვეყნის სამსახურს. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილების მთავრი მოტივაცია ის არის, რომ ერთ ადამიანზე აღარ ვიყოთ დამოკიდებული და ყველამ შევძლოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობის აღება, ქვეყნის სამსახური სხვისი მოიმედეობის გარეშე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და იქვე განმარტა, რომ პრემიერ-მინისტრი თავის მიმართვაში გარკვევით ამბობს, რომ წავა გარკვეული დროისა და ეტაპების შემდეგ, რაც ყველას აძლევს შესაძლებლობას მზად იყვნენ ამ პროცესისათვის.
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 12:17