საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
სამშაბათი, 03 სექტემბერი 2013 19:53

პარლამენტის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტები განიხილეს კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე. ცვლილებები შედის ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ცხოველთა სამყაროს, დაცული ტერიტორიების სისტემის, გარემოს დაცვის, საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის, ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის, წიაღის, წყლის, საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ კანონებსა და ტყის კოდექსში. 

როგორც გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ კანონებში ცვლილებების შეტანა გამოწვეულია „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ 2010 წლის 15 ოქტომბრის საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომლის ზოგიერთი ნორმა ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების განხორციელების საჭიროება, რომლებიც ითვალისწინებენ საქართველოს პრეზიდენტის ისეთ უფლებამოსილებებს, რომლებსაც კონსტიტუციური საფუძველი არ გააჩნიათ.
მოქმედ კანონებში არსობრივი ხასიათის ცვლილებები არ შედის. საუბარი, ძირითადად, ტექნიკური ხასიათის ცვლილებებზეა, რომლის მიხედვით, კონსტიტუციური კანონის საფუძველზე, სამართლებრივ ურთიერთობებში გადაწყვეტილების მიმღებად საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს მთავრობა განისაზღვრა. კომიტეტის წევრებმა გიორგი ცაგარეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ ათივე კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირეს.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 12:11