|
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 17:00 |
|

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კანონპროექტის თანახმად, სასამართლოში საპროცესო მოვალეობათა შეუსრულებლობისა და წესრიგის დარღვევისათვის სასამართლოს მიერ განკარგულების გასაჩივრების უფლება ასევე მიცემათ პირებს, რომელთაც პასუხისმგებლობა დაეკისრათ ჯარიმისა და გაძევების სახით. წარმოდგენილი ცვლილებით, განკარგულების გამოტანა სასამართლოს კვლავ შეუძლია ზეპირი მოსმენის გარეშე, თუმცა გათვალისწინებულია მისი ერთჯერადი გასაჩივრების შესაძლებლობა. ამ საკითხთან დაკავშირებულ საჩივარს სასამართლო განიხილავს დაპატიმრების შესახებ განკარგულების გასაჩივრებისთვის გათვალისწინებული პროცედურით.
კომიტეტის წევრებმა პირველი მოსმენისთვის განიხილეს პარლამენტის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის მიერ შეჯერებული კანონპროექტი: საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“. პროექტის თანხმად , გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურა არ ჩატარდება კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლებისათვის, ასევე იკრძალება კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში წინასაარჩევნო აგიტაცია. წარმოდგენილი ცვლილებებით, ამომრჩეველთა ბიომეტრიული რეგისტრაცია დაუბრკოლებლად განხორციელდება 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებისთვის.
პარლამენტის წევრის, ვახტანგ ხმალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი საქართველოს სახალხო დამცველის კანდიდატურის წარმდგენ სუბიექტთა წრეს ახლებურად განსაზღვრავს. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი: „სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმად, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში არჩეულ პრეზიდენტს ფიცის დადების მომენტიდან სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლება აღარ ექნება. აღნიშნული უფლება დარჩება მხოლოდ საპარლამენტო ფრაქციას და პარლამენტის წევრთა სულ ცოტა ექვსკაციან ჯგუფს, რომლებიც არ შედიან არც ერთ ფრაქციაში. პროექტის თანახმად, სახალხო დამცველს მის განკარგულებაში არსებული რეაგირების საშუალებათა არასაკმარისობის შემთხვევაში საშუალება ექნება წერილობით მიმართოს არა მხოლოდ პრეზიდენტს, არამედ პრემიერ-მინისტრსაც. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების თამარ კორძაიას და გიორგი კახიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლითაც ზუსტდება ექსპროპრიაციისა და კომპენსაციის განმარტებანი, ასევე ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი. პროექტის თანახმად, საკუთრების ჩამორთმევისას კომპენსაცია უნდა იყოს წინასწარი, სრული და სამართლიანი. ამასთანავე, ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას. |
|
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 19:28 |