პარლამენტის პლენარული სხდომა | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 19:08

საქართველოს პარლამენტის 2013 წლის საშემოდგომო სესია დღეს საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. მიმდინარე სესიაზე დეპუტატები მსჯელობას იმ საკანონმდებლო პროექტებზე იწყებენ, რომელთა მიღებაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასამოქმედებელ ახალ კონსტიტუციურ ნორმებს უკავშირდება.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანილია კანონპროექტები, რომლთა განხილვაც რიგგარეშე სესიაზე დაიწყო და ასევე არის საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე, დაჩქარებული წესით განსახილველი საკითხები, რომლთაც პარლამენტი ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებამდე მიიღებს. „ წინასწარი მონაცემებით, 160-მდე აქტშია შესატანი ცვლილება, ზოგან წმინდა ტექნიკური ხასიათის , რომელიც პირდაპირ და ცალსახად კონსტიტიციური ჩანაწერებიდან გამომდინარეობს, ზოგი პროექტი უფრო სერიოზული მსჯელობის საგანი იქნება, რადგან კონსტიტუციური ცვლილებები ინსტიტუციურ ცვლილებებს იწვევს სახელმწიფო ორგანოებს შორის უფლებამოსილებების ნაწილში“,-განმარტა დავით უსუფაშვილმა. საშემოდგო სესიის გახსნის პირველი დღიდანვე პარლამენტი კომიტეტების მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს მოისმენს, თუმცა განსახილველი საკითხების სიმრავლიდან გამომდინარე კომიტეტების მოსმენა რამდენიმე პლენარულ სხდომაზე გადანაწილდება
ოთხშაბათის პლენარული სხდომის განცხადებების ნაწილი დეპუტატებმა ძირითადად პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე გამოთქმულ მოსაზრებების განხილვას დაუთმეს.
უმცირესობის წარმომადგენელი, გიორგი გაბაშვილი ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
„იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა არ სწავლობს ამ შესაძლებლობას“,-განაცხადა გაბაშვილმა. მისივე თქმით, პრემიერს აქვს საზოგადოების წინაშე გარკვეული ვალდებულებები. „ეს ვალდებულებები არსებობს და პრემიერი არსად უნდა წავიდეს. ეს ვალდებულებები არის დაპირებული დასაქმება, ახალი საწარმოები, ეს ვალდებულებაა 250 ლარამდე გაზრდილი პენსია, უფასო ჯანდაცვა და განათლება, ტარიფების განახევრება და ა.შ.“,- განაცხადა უმცირესობის წარმომადგენელმა.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, ირმა ნადირაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ თბილისში ჩატარებული რეიდები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს ჟურნალისტებისგან შეიტყო.
რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირებაზე ისაუბრა უმცირესობის წარმომადგენელმა შოთა მალაშხიამ. მისი ვარაუდით, ამ დაპირისპირებაში ჩართულები არიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებიც.
„დღევანდელ დღეს ჩვენ მივიღეთ ის, რაც საქართველოში არასდროს არ ყოფილა. ეს არის დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. ჩვენ ყოველთვის თავმომწონედ ვსაუბრობდით ტოლერანტობაზე და ახლა, ამ ეტაპზე, სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა სოფელში, ეს რელიგიური დაპირისპირება გვაქვს და როგორც იკვეთება, ამაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები“, - აღნიშნა მალაშხიამ.
უმარვლესობის წარმომადგენელმა, ელისო ჩაფიძემ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პარლამენტის ბიუროდან შესული განცხადებების განხილვისკენ მოუწოდა. მისი თქმით, მიმდინარე წლის თებერვალში ჯანდაცვის სამინისტროში 150-მდე განცხადებაა გაგზავნილი. „მინდა, მივმართო ჯანდაცვის სამინისტროს, ისეთ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა უფასო მშობიარობა ეს ერთ-ერთი სიამაყის საგანია „ქართული ოცნებისათვის“, რადგან სახელმწიფო გამოხატავს კეთილ ნებას მოსახლეობის მიმართ, დემოგრაფიული და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. ტყიბულის სამშობიარო საავადმყოფოში 26 აგვისტოს იმშობიარა მოქალაქე კვანტალიანმა, რომლისგანაც ითხოვენ თანხის გადახდას იმის გამო, რომ კომპანიას აქვს სერიოზული პრობლემები. მე ამოვწურე ყველა საშუალება, დაწყებული მინისტრისთვის ინფორმაციის მიწოდებით, დასრულებული განცხადებით მიმართვით. მოვუწოდებ ჯანდაცვის სამინისტროს, ჩაერიოს და მეშახტის ოჯახზე , რომელსაც არ აქვს გადახდის საშუალება, კომპანიის მხრიდან შეწყდეს ასეთი ტიპის ზეწოლა,“ – აღნიშნა ელისო ჩაფიძემ. ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა ასევე ისაუბრა სოფელ მუხურაში მცხოვრობი მოქალაქის მარინე ყვავაძის პრობლემაზე, რომლის მეუღლეს- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს - დახმარება მოეხსნა. „კანონდებლობით და სოციალური პოლიტიკით, რომელსაც ჩვენი მთავრობა ატარებს, ამ ოჯახს გადაუდებელი დახმარება უკუთვნის, არადა მოუხსნეს. მოვითხოვ, შესაბამისმა სამსახურებმა მეტი დრო და ყურადღება დაუთმონ იმ წერილებს, რომელიც არის გადაგზავნილი პარლამენტის ბიუროდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაგვიჭირდება კონკრეტულ მოქალაქეებამდე მივიტანოთ ის სიკეთეები, რომელსაც „ქართული ოცნება“ აკეთებს“, – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ მთავრობასა და უმრავლესობას იპოთეკით დატვირთული ქონების აღსრულებაზე მორატორიუმის გამოცხადების ინიციატივით და შესაბამისი კანონპროექტის მხარდაჭერის წინადადებით მიმართა. „მორატორიუმი გამოცხადდეს იმ ადამიანების გამოსახლებებზე, რომელთა ქონებაც სესხის გამო, შესაძლოა, გასხვისდეს და უკანასკნელი საცხოვრებლის გარეშე დარჩნენ. მიმაჩნია, რომ ჩვენი პოზიცია სწორი იყო და სახელმწიფომ ეს ნაბიჯი დროულად უნდა გადადგას. მიმაჩნია, რომ უნდა დაიწყოს პროცესი, რაზეც პოლიტიკური პოზიციების თანხვედრაა საჭირო, რაც დაამთავრებდა ქვეყანაში ბანკებისა და მევახშეების ყაჩაღურ პოლიტიკას. მგონია, რომ ბიზნესი არ უნდა იყოს თავისუფალი მორალისგან და კანონის მორჩილებისგან. რეალობა არის ის, რომ ბიზნესი, რომელიც აქამდე ეკონომიკის ზრდას განაპირობებდა, იყო ნომენკლატურული, ხშირ შემთხვევაში კლანების მიერ დასაკუთრებული. შეგვეძლო ეს ყველაფერი ბოლომდე შეგვესწავლა და კლანების მონოპოლებისთვის შესაბამისი პასუხი მოგვეთხოვა. ბანკები რეალურად იყვნენ გადაქცეული მოსახლეობის დამყაჩაღებელ ორგანიზაციებად. ეს ის ბანკებია, რომელიც მდუმარედ უყურებდა „ქართუ ბანკის“ მიმართ მიღებულ კანონს, რომლის მიხედვით, „ქართუ ბანკი“ უნდა გაკოტრებულიყო“, - განაცხადა ფოფხაძემ. 

პარლამენტის წევრის, კობა დავითაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო სადაზღვევო კომპანია „არქიმედეს გლობალ ჯორჯიაში“ თანხების გადარიცხვას განაგრძობს, ხოლო კომპანიის საშუალო და ქვედა რგოლი უარს აცხადებს პაციენტების მომსახურეობასა და სამედიცინო დაწესებულების მუშაკებისთვის ანაზღაურების გადახდაზე. „ ეს ვითარება მოუთმენელია და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად უნდა იქნას მიღებული. საჭიროა, შეიქმნას ერთიანი სადაზღვევო ფონდი, რომელმაც ადმინისტრირება საკუთარ თავზე უნდა აიღოს იმ სადაზღვევო კომპანიების ნაცვლად, რომლებიც საკუთარ მოვალეობას არ ასრულებენ“, - განაცხადა კობა დავითაშვილმა.
სხდომაზე განიხილეს პარლამენტის წევრის, თამარ კორძაიას ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საქართველოს კანონში „თავისუფლების ქარტია“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ . წარმოდგენილი კანონის პროექტით „საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში – სახელმწიფო რწმუნებულების – გუბერნატორების“ ნაცვლად ჩაიწერა „აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლ

ები ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში – სახელმწიფო რწმუნებულები – გუბერნატორები“. უმცირესობის წარმომადგენელმა, პავლე კუბლაშვილმა მმართველ გუნდს სპეციალური სახელმწიფო კომისიის ამოქმედების საკითხი შეახსენა, რომლის შექმნასაც სწორედ აღნიშნული კანონი ითვალისწინებს და, რომლის ერთ-ერთ ძირითად მიზანს სსრკ-ის სპეცსამსახურების საიდუმლო თანამშრომლების, ყოფილი სსრკ-ის და „კომუნისტური პარტიის“ ცენტრალური კომიტეტების წევრების, რაიონული და საქალაქო კომიტეტების მდივნების, ლენინური კომკავშირის ცეკა-ს ბიუროს წევრთა მონაცემების დადგენა და მისი რეესტრი წარმოადგენს. იმის მიუხედავად, რომ კანონი დაახლოებით სამი წლის წინ არის მიღებული, კომისია ამ დრომდე არ შექმნილა. „უმრავლესობა „თავისუფლების ქარტიის“ დებულებებთან დაკავშირებით მუშაობს. კანონის ჩანაწერი, რომელიც შსს-თან სპეციალური ორგანოს შექმნას ეხება და, რომელიც ამ კანონის აღსრულების საკითხს გააკონტროლებს, დღემდე რეალიზიბული არ არის. საკითხი წინა ხელისუფლების დროსაც ღიად დარჩა და დღესაც ასეა. თუ რაიმე შესაცვლელია კანონში, შევცვალოთ და ეს ორგანო არ შეიქმნას, ხოლო თუ კანონი შესაცვლელი არ არის, მაშინ წარმოდგენილი უნდა იქნას ხედვები, რა ვადებში, რანაირად შეიქმნება აღნიშნული სტუქტურა“, - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.
აღნიშნულ თემას პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა, „თავისუფლების ქარტია“ თავიდან არის დასაწერი და, რაც უფრო სწაფად იქნება, უკეთესია ამ დოკუმენტისთვისაც და ბევრი სხვა რამისთვისაც“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
"თავისუფლების ქარტიაში" ამჟამად მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებები შედის - ის ერთ-ერთია იმ კანონებს შორის, რომელშიც ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედებული ახალი საკონსტიტუციო დებულებებიდან გამომდინარე უნდა შევიდეს.
საქართველოს კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ II მოსმენით განიხილეს. პარლამენტის წევრის გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, კანონპროექტით განისაზღვრება ეროვნული პარკის, აღკვეთილის ცალკეულ უბნებსა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსების საკითხი, ზუსტდება დაცული ტერიტორიების სააგენტოს შემოსავლის წყარო; კანონპროექტით რეგულირდება ასევე სააგენტოს თანამშრომლის მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენებასა და მათი სოციალური დაცვის გარანტიებთან დაკავშრებული საკითხები.
მეორე მოსმენით განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლითაც დაცულ ტერიტორიებზე ჩადენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე დაწესებული ჯარიმის ოდენობები იზრდება, ასევე კანონპროექტით კოდექსს ემატება მუხლი, რომელიც ითვალისწინებს დაცული ტერიტორიების მიწების დანაგვიანება, დაზიანებისათვის ჯარიმის დაწესებას
დღესვე განიხილეს საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განიხილეს, რომელიც იმპიჩმენტის საკითხის განხილვის მარეგულირებელ ნორმებს ცვლის
პლენარულ სხდომაზე განიხილეს საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პარლამენტის წევრის, შალვა შავგულიძის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი აქტის საფუძვლეზე სააგენტოს უფლებამისლება ან უფლებამოსილების განსახორციელებლად საჭირო ცალკეული მოქმედებები შეიძლება შეასრულოს სხვა ადმინისტრაციულმა ორგანომ.
ვახტანგ ხმალაძის ინიციატივით წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტი „რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ , რომელიც დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილეს, რეფერენდუმის მოწყობისა და ინიცირების, ასევე პლებისციტის დანიშვნისა და მოწყობის საკითხებს განსაზღვრავს.
პლენარულ სხდომაზე განიხილეს ასევე „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც ეხება საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნების თარიღის განსაზღვრის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოსა და ქალაქ თბილისის მერის არჩევნების დანიშვნის საკითხს, ასევე რეფერენდუმისა და პლებისციტის ინიცირებისა და დანიშვნის საკითხებს.
„საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის კანონპროექტი, რომელიც დღევანდელ სხდომაზე განიხილეს, საგანგებო სიტუაციის გამოცხადებისას საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტის საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიერ კონტრასიგნაციისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის საკითხს განსაზღვრავს.
დღესვე პლენარულ სხდომაზე მოისმინეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, ასევე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წლიური ანგარიში გაწეული სამუშაოს შესახებ. დავით უსუფაშვილის განცხადებით, პლენარული სხდომა, განსახილველი საკითხების სიმრავლიდან გამომდინარე, ხუთშაბათს, 14 საათზე გაიმართება, პლენარულ სხდომამდე, 13:30 სთ-ზე ბიუროს სხდომა ჩატარდება.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2013 19:15