საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა | Print |
Wednesday, 04 September 2013 16:44

„გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები შედის. პარლამენტის წევრების დავით ონოფრიშვილისა და ნოდარ ებანოიძის მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიზანია „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის შეაბამისობაში მოყვანა 2010 წლის 15 ოქტომბრის N3710 კონსტიტუციურ კანონთან.

მოქმედი რედაქციით, გრანტის მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს სახელმწიფო, პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილი ორგანოს სახით. კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებიდან გამომდინარე კი, გრანტის მიმღები შეიძლება იყოს საქართველოს სახელმწიფო, პრემიერ-მინისტრის მიერ უფლებამოსილი ორგანოს სახით. ცვლილებები შედის ასევე, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“; „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონებში, რომელიც დღეს კანონმდებლებმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს .
მოქმედ კანონმდებლობებში ცვლილებების შეტანა კი, საქართველოს კონსტიტუციის იმ ცვლილებებმა გამოიწვია, რომლებიც 2013 წლის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების შემდეგ უნდა ამოქმედდეს. კომიტეტის წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს აღნიშნული საკითხების პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.