|
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2013 16:26 |
|

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ოცამდე კანონპროექტი განიხილა. პროექტების შემუშავების მიზეზი გახდა 2010 წელს საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებები, რომელთა თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის რიგი უფლებამოსილებები 2013 წლის ოქტომრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან გადაეცა საქართველოს მთვრობასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს. კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების ირაკლი ტრიპოლსკისა და გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი ,,პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე“. კანონპროექტის თანახმად, პირდაპირი მმართველობის შემოღება მოხდება არა საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, არამედ, მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მოცემული ცვლილებით, მთავრობა პარლამენტის თანხმობით გამოსცემს შესაბამის ნორმატიულ აქტს საკრებულოს დათხოვნის ან საქმიანობის შეჩერების და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების შესახებ. ასევე, პარლამენტისა და სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის, ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებში - შესაბამისი უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წარდგინებით, მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდება საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ასევე პირველი მოსმენისთვის განიხილა ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი. პროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნორმატიული აქტების გამოცემის უფლებამოსილება გადაეცემა სხვადასხვა ორგანოებსა და თანამდებობის პირებს იმ საკითხებზე, რომელთა მოწესრიგების უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტს აღარ ექნება 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. ცვლილებები შედის „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ კანონში. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების თამარ კორძაიას და გიორგი კახიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი, რომლითაც ზუსტდება ექსპროპრიაციისა და კომპენსაციის განმარტებანი, ასევე ექსპროპრიაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების წესი. პროექტის თანახმად, საკუთრების ჩამორთმევისას კომპენსაცია უნდა იყოს წინასწარი, სრული და სამართლიანი. ამასთანავე, ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან. სხდომაზე პირველი მოსმენისთვის იქნა განხილული საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ორგანული კანონის პროექტით განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებანი მოქალაქეობის საკითხთა გადაწყვეტისას, ასევე ამავე სფეროში საქართველოს პრემიერ–მინისტრის მიერ გადაწყვეტილებათა კონტრასიგნაციის წესი და პიროებები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას. |
|
ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2013 17:16 |