საქართველოს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2013 16:38

„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პრეზიდენტის შენიშვნებით დაბრუნებულ კანონპროექტზე იმსჯელეს დღეს, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

პრეზიდენტის შენიშვნები კანონმდებლებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოადგილემ, ირაკლი გორდულაძემ გააცნო, რომლის მიხედვით, კანონპროექტი მესაკუთრისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მიზნობრივი დანიშნულების შეცვლის უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს. მომხსენებლის განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვა სცდება საკუთრების შეზღუდვისთვის კონსტიტუციით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რომლის მიხედვითაც, საკუთრების უფლების შეზღუდვა დასაშვებია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის“ (21-ე მუხლის II პუნქტი).

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები არ გაიზიარეს, თუმცა მის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ 2013 წლის 21 მარტს ხელმოწერილ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულებასა (სპეციალური ოპერაციები) (რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტი)“ და 2013 წლის 22 ივლისს ხელმოწერილ „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (სპეციალური ოპერაციები) (რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტი)“ ცვლილებას.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2013 18:50