იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ერთობლივი სხდომა | ბეჭდვა |
პარასკევი, 06 სექტემბერი 2013 13:48

საპარლამენტო კომიტეტებმა პირველი მოსმენისთვის განიხილეს კანონპროექტი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პროექტის თანახმად, ვიზის გაცემის, გაგრძელებისა და მოქმედების შეწყვეტის წესს, უცხოელთა საქართველოდან გაძევების წესს, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მინიჭების საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესს და მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესს ადგენს საქართველოს მთავრობა, ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტისა, ვინაიდან კონსტიტუციის ახალი რედაქციით, საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებს მხოლოდ კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. ცვლილებების თანხმად, კანონს ემატება გარდამავალი დებულების მუხლი, რომლის საფუძველზეც გათვალისწინებულია, რომ პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს მთავრობის მიერ შესაბამისი დადგენილების მიღებამდე, რათა უზრუნველყოფილი იყოს სამართლებრივი რეგულაცია გარდამავალ პერიოდში. 

კომიტეტებმა ასევე პირველი მოსმენისთვის განიხილეს კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პროექტის მიხედვით, საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა გაიცემა მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად, ვინაიდან კონსტიტუციის ახალი რედაქციით, საქართველოს პრეზიდენტი ახორციელებს მხოლოდ კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს. ასევე, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება საქართველოდან გასვლის შეზღუდვის საკითხები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.
საპარლამენტო კომიტეტების ერთობლივი სხდომის დასრულების შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კიდევ თოთხმეტი კანონპროექტი განიხილა, მათ შორის კანონპროექტები: „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“; „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“; ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე; ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სასაზღვრო პოლიციის“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.
კანონპროექტებით, პრეზიდენტის გარკვეული უფლებამოსილებების გადანაწილება ხდება პრემიერ-მინისტრზე, მთავრობაზე და პარლამენტზე. ცვლილებების შემუშავების მიზეზია 2010 წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის თანახმად, 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტი ფიცის დადების მომენტიდან ვეღარ შეძლებს მთელი რიგი უფლებამოსილებების აღსრულებას.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 06 სექტემბერი 2013 13:53