აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა | Print |
Friday, 06 September 2013 14:37

„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილეს დღეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტის წევრების, ირინე იმერლიშვილისა და ზურაბ აბაშიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პროექტის მიზანია, კანონის ნორმების შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს კონსტიტუციაში შესულ იმ ცვლილებებთან, რომლებიც 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება და რომელთა ამოქმედების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებამოსილებები ექნება. მომხსენებლის და ერთ-ერთი ინიციატორის, ზურაბ აბაშიძის განმარტებით, ცვლილებების განხორციელების შემდგომ პრეზიდენტს კანონში მითითებული სფეროების რეგულირების კომპეტენცია აღარ ექნება, აღნიშნული უფლება საქართველოს მთავრობას გადაეცემა. მთავრობის მიერ შესაბამისი ნორმატიული აქტების მიღებამდე კი, იურიდიულ ძალას საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ბრძანებულებები შეინარჩუნებს. კომიტეტმა წარმოდგენილ ინიციატივას მხარი დაუჭირა.

Last Updated on Friday, 06 September 2013 17:30