პარლამენტის პლენარული სხდომა | Print |
Friday, 06 September 2013 22:36

საქართველოს პარლამენტმა დღეს, მორიგ პლენარულ სხდომაზე, რამდენიმე კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის კიდევ ერთი ვეტო დაძლია. საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის შენიშვნები პარლამენტის მიერ უკვე მიღებულ კანონპროექტებზე: „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების  შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ არ გაიზიარა და კვლავ მხარი დაუჭირა კანონპროექტების თავდაპირველ ვარიანტებს. საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები  კანონპროექტებთან დაკავშირებით პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ნინო კალანდაძემ გააცნო.
ვეტოდადებული კანონპროექტების განხილვამდე, პლენარული სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, სხდომაზე თავდაპირველად მეორე მოსმენით განსახილველი ოცამდე კანონპროექტები განიხილეს, რომელთა შემუშავება დაკავშირებულია  2010 წელს მიღებული კონსტიტუციური კანონთან, რომლის მთელი რიგი ნორმები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე უნდა ამოქმედდეს.
სხდომაზე მოისმინეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ანგარიში, რომელიც ამავე კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ხიდაშელმა წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, ანგარიში მოიცავს აგვისტოში კომისიის მიერ გაწეულ საქმიანობას, რომლის შედეგადაც უკვე მოპოვებული ინფორმაციების დაზუსტება მოხდა. გასული ერთი თვის განმავლობაში პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ, ძირითადად, ტელეკომპანია „საქართველოსთან“ დაკავშირებული თემატიკა შეისწავლა და დამაფიქრებელი ფაქტებიც გამოავლინა. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, ამ ტელეკომპანიას სახელმწიფო ბიუჯეტიდან სრულიად უკანონოდ მიღებული აქვს 26 მლნ. ლარი. მან ტელეკომპანიების "რუსთავი 2"-ისა და "საქართველოს" ფინანსურ სქემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა ფინანსური ნაბიჯი, რომელსაც ტელეკომპანია "საქართველო" ახორციელებდა, "რუსთავი 2"-სთვის არაპირდაპირი სიკეთის მიღებით იყო მოტივირებული.  
პარლამენტის საგამოძიებო კომისია ასევე აგრძელებს ძიებას ტელეკომპანია „ალანიასთან“ დაკავშირებით. თინათინ ხიდაშელის განცხადებით, სექტემბერში გაიმართება საგამოძიებო კომისიის საჯარო სხდომები, სადაც სხვადასხვა პირების დაკითხვა მოხდება.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ მოპოვებული ინფორმაციების საფუძველზე, სახეზეა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხელმძღვანელობის მხრიდან მოქმედი კანონმდებლობის აშკარა დარღვევა, საგამოძიებო კომისია დღეიდან საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კარლო კვიტაიშვილის თანამდებობიდან გადაყენების პროცედურას იწყებს.
საქართველოს პარლამენტმა დამაკმაყოფილებლად მიიჩნია  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ წარმოდგენილი გაწეული საქმიანობის ანგარიში და პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას 80 ხმით, ერთხმად, ერთი თვით გაუგრძელა უფლებამოსილების ვადა.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, პარლამენტის წევრ გიორგი ცაგარეიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით განხილვისათვის დაბრუნდა.
პარლამენტმა შესვენებამდე კენჭი უყარა დილის სხდომაზე მეორე მოსმენით განხილულ საკითხებს და კომიტეტებს ამ კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გამოცხადებული შესვენების დროს მესამე მოსმენით განხილვა დაავალა. დილის სხდომაზე პარლამენტმა ასევე კენჭი უყარა წინა დღის პლენარულ სხდომაზე განხილულ საკითხებს.
კანონმდებლებმა კანონპროექტების განხილვა საღამოს სხდომაზეც გააგრძელეს, დასასრულ კი, კენჭი უყარეს განხილულ საკითხებს. პარლამენტმა სამ ათეულზე მეტი კანონპროექტი საბოლოო მოსმენით მიიღო.
დღესვე, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პლენარულ სხდომაზე მოისმინეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საქმიანობის წლიური ანგარიში, რომელიც ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ წარმოადგინა და რომელიც 2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს. პარლამენტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.
ამით, პარლამენტის 2013 წლის საშემოდგომო სესიის 4–6 სექტემბრის პლენარულმა სხდომამ მუშაობა დაასრულა. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მომავალი კვირა კომიტეტების მუშაობას დაეთმობა, გაიმართება პარლამენტის ბიუროს სხდომაც, რომელიც შემდგომ დღეებში უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას დაგეგმავს.

Last Updated on Friday, 06 September 2013 22:48