საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
პარასკევი, 06 სექტემბერი 2013 21:41

საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტურმა ცვლილებებმა, რომელიც 2013 წლის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან უნდა ამოქმედდეს, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანა განაპირობა.

პარლამენტის წევრმა, თამარ კორძაიამ ცვლილებები დღეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს წარუდგინა. ცვლილების თანახმად, ინტერესთა კონფლიქტისა და კანონის დარღვევის ფაქტის დამტკიცების შემთხვევაში, კომისიის წევრს თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პარლამენტი. აღნიშნული შემთხვევისას პარლამენტი იხელმძღვანელებს პარლამენტის წევრისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისთვის რეგლამენტით დადგენილი პროცედურებით. დღესვე კომიტეტის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტის თანახმად, „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირების ჩამონათვალი იზრდება. კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომელიც აღნიშნულ კანონის ძალის მქონე საკანონმდებლო აქტს „საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ“ კანონთან შესაბამისობაში მოიყვანს. სხდომაზე პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ტექნიკური ხასიათის ცვლილებაც განიხილეს, რომელიც 37-ე მუხლის პირველ პუნქტში საკანონმდებლო ხარვეზს გაასწორებს.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 09 სექტემბერი 2013 12:41