ვიქტორ დოლიძე ქალაქ გდანსკში ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების შეხვედრას დაესწრო | ბეჭდვა |
ორშაბათი, 09 სექტემბერი 2013 12:49

გუშინ ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების (ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) პარლამენტთა ევროპის კავშირის საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების არაოფიციალური შეხვედრა შედგა.

საღამოს ოფიციალურ ვახშამზე ქ. გდანსკის მერმა, ასევე, პოლონეთის პარლამენტის სენატის და სეიმის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეებმა აგნიეშკა პომასკამ და ედმუნდ ვიტბროდტმა აღნიშნეს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებზე სასაუბროდ საქართველოს სტუმრის სტატუსით მონაწილეობა ამ ფორმატში მეტად მნიშვნელოვანია. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ვიქტორ დოლიძემ მადლობა გადაუხადა პოლონელ კოლეგებს მოწვევისათვის და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია მეგობარ ქვეყნებთან და განსაკუთრებით, ვიშეგრადის ჯგუფის სახელმწიფოებთან პარტნიორული ურთიერთობები.

დღეს ოფიციალურად დაიწყო მუშაობა ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების შეხვედრამ.

სტუმრებს სიტყვით მიმართა პოლონეთის სენატის მარშალმა ბოგდან ბორუშევიჩმა, რომელმაც ისაუბრა თემაზე - „აღმოსავლეთ პარტნიორობა ვილნიუსამდე“. შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა რეგიონული პოლიტიკა მრავალწლიანი ფინანსურ პერსპექტივაში 2014-2020 წლებისთვის; ტრანსატლანტიკური ვაჭრობა და საინვესტიციო პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან (TTIP) - ეკონონიმკური, ფინანსური და სოციალური შედეგები; ევროპარლამენტის არჩევნები.
ოფიციალურ მიმართვაში ვიშეგრადის ქვეყნების წარმომადგენლების წინაშე ვიქტორ დოლიძემ ისაუბრა აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერის და განვითარების მნიშვნელობაზე, საქართველოს ეროპულ მისწრაფებებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით ქვეყნის მაღალ მზაობაზე, საქართველო-ევროკავშირს შორის ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებისა და ახლო მომავალში მისი ხელმოწერის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე, საქართველოში ამჟამად მიმდინარე პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებზე. მისი განცხადებით: „საქართველოს ევროპული მისწრაფებები არ არის მთავრობების არჩევანი, არამედ ეს ქართველი ხალხის არჩევანია.“
დოლიძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი არის შეუქცევადი პროცესი და სწორედ ვიშეგრადის ქვეყნების დახმარებით ამას აუცილებლად მივაღწევთ.
აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველად მონაწილეობს ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების პარლამენტთა შეკრებაში. ვიქტორ დოლიძე აღნიშნულ შეხვედრაზე პოლონეთის რესპუბლიკის სენატის ევროპის კავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ედმუნდ ვიტბროდტის მოწვევით იმყოფება.