საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის დელეგაციასთან | ბეჭდვა |
ორშაბათი, 09 სექტემბერი 2013 13:34

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი დღეს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წინასაარჩევნო ოფიციალური დელეგაციის წევრებს შეხვდა. 

შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხო. სტუმრებმა პარლამენტის თავმჯდომარისაგან მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე, დღეს არსებულ ვითარებასა და წინასაარჩევნო გარემოზე.
საუბარი შეეხო აგრეთვე საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო, სასამართლო და ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით ხორციელდება. სტუმრებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია მართლმსაჯულების რეფორმის ახალ ეტაპზე, რომლის დაწყების შესახებ იუსტიციის მინისტრმა საზოგადოებრიობას ამ დღეებში აცნობა.
დავით უსუფაშვილმა სტუმრებს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზეც მიაწოდა ინფორმაცია, რომლებიც ამ ეტაპზე პარლამენტში განიხილება. შეხვედრაზე ყურადღება საარჩევნო რეფორმასაც დაეთმო. პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაზე უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მომუშავე ინტერფრაქციული ჯგუფის საქმიანობაზე გაამახვილა ყურადღება და ამ ჯგუფის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წინასაარჩევნო გარემო ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობებს იძლევა.
სტუმრების შეფასებით, უდავოდ შეიმჩნევა პროგრესი როგორც წინასაარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით, ასევე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის წინასაარჩევნო ოფიციალური დელეგაციის წევრები საქართველოში არჩევნების პროცესს დააკვირდებიან.
შეხვედრა ორგანიზებული იყო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ და მას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი ესწრებოდა.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 10 სექტემბერი 2013 11:10