|
საქართველომ დღეს მსოფლიოში ცნობილი ქართველი ავიაკონსტრუქტორის, ამერიკის სამხედრო ავიაციის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ალექსანდრე ქართველიშვილის (ქართველის) დაბადების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს უმასპინძლა, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.
ალექსანდრე ქართველიშვილის (ქართველის) სახელი დღეიდან ოფიციალურად ეწოდა თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანას. ამ თარიღის აღსანიშნავად, პირველად საქართველოს ავიაციის ისტორიაში ავიაშოუ მოეწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ სამხედროები, ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატები. ქართველი ავიაკონსტრუქტორის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, რომელმაც შეკრებილთ სიტყვით მიმართა. 
„დღეს ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ეს მნიშვნელოვანი ღონისძიება აღგვენიშნა. დღეს ჩვენ ყველამ ერთად რაც ვიხილეთ, ეს არის სიამყე ისტორიით და სიამაყე ჩვენი თანამემამულით.
საამაყოა, რომ სწორედ ქართველი „ქართველი“ იყო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისა და ჩვენი დიდი მეგობრის ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ავიაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ის სიმბოლიზმი, დღევანდელ დღეს რომ ახლავს თან, იმიტომ რომ ის ბომბდამშენები, რომლებსაც ქართველი ქმნიდა, ქმნიდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომისათვის და სიმბოლურია, რომ დღეს ეს სამხედრო ხომალდები, ტექნიკა, ტექნოლოგია ქართველების სამსახუშია ავღანეთში.
„ჩვენ ყველანი ასევე სიამაყით ვართ სავსე, რომ საქართველოში შედგა პირველი ავიაშოუ და ვიხილეთ ჩვენი სამხედრო პოტენციალის დემონსტრირება“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
მან მადლობა გადაუხადა ყველა ოფიცერსა და ჯარისკაცს, ვინც ეს შესაძლებელი გახადა და უსურვა, რომ მათ არ დასჭირვებოდეს საბრძოლო გაფრენის შესრულება.
ალექსანდრე ქართველიშვილი (ქართველი) თბილისში, 1896 წლის 9 სექტემბერს დაიბადა და 1974 წელს ნიუ-იორკში გარდაიცვალა. დღესვე ალექსანდრე ქართველიშვილის იუბილის ფარგლებში მემორიალური დაფა გაიხსნა იმ სახლში, სადაც ის დაიბადა და გაიზარდა. |