დემოკრატიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა | ბეჭდვა |
კვირა, 15 სექტემბერი 2013 18:47

დემოკრატიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა "ქართული დემოკრატია“ გაიხსნა დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში. 

გამოფენა, რომელიც პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ინიციატივით გაიმართა, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა გახსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია როგორც ძველი, ისე ახალი თაობის თორმეტი ფოტორეპორტიორისა და ფოტოხელოვანის სხვადასხვა წლებში შექმნილი ნამუშევრები. აქ წარმოდგენილი 28 ფოტონამუშევარი ეხმიანება მე-20 საუკუნის დასასრულსა და 21-ე საუკუნის დასაწყისში საქართველოში განვითარებულ თითქმის ყველა მოვლენას და დამთვალიერებელს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოს აღმშენებლობისათვის დემოკრატიის გზით სიარულს, და ამასთანავე თუ რა იმ მძიმე შედეგების მოტანა შეუძლია დემოკრატიის უგულებელყოფას.
„ყველამ უნდა გაიგოს დემოკრატიის ხმა. ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია. ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების ხელყოფა არავის ეპატიება. მსგავს ფაქტებს დემოკრატიულ ქვეყნებში ადგილი არ უნდა ჰქონდეს“, - ასეთი წარწერა ახლავს ფოტორეპორტიორების ცნობილი საქმის ერთ-ერთი მონაწილის, ფოტორეპორტიორ გიორგი აბდალაძის ნამუშევრებს, რომლებიც გაფრთხილებაა მომავალი თაობებისათვის, თუ როგორი არადემოკრატიული არ უნდა იყოს ხელისუფლება.
დემოკრატიის საერთაშორისო დღედ 15 სექტემბერი გაერომ 2007 წელს გამოაცხადა და მოუწოდა სახელმწიფოებს, სამთავრობო და არასმთავრობო ორგანიზაციებს ამ დღის აღნიშვნა ტრადიციად ექციათ. ამგვარად, დემოკრატიის საერთაშორისო დღე 2008 წლიდან უკვე ყოველწლიურად აღინიშნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ეს დღე სხვადასხვა ღონისძიებებით საქართველოშიც არაერთგზის აღუნიშნავთ.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 16 სექტემბერი 2013 11:13