ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა | Print |
Tuesday, 17 September 2013 17:54

ვეტერანთა სოციალურ/სამართლებრივი გარანტიების ხელშეწყობისა და საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტი საქართველოს მთავრობის მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე პირველი მოსმენით განიხილა.
კომიტეტის წევრებმა პირველი მოსმენით განიხილეს პარლამენტის წევრების ირინე იმერლიშვილისა და ზურაბ აბაშიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივა "საქართველოს ორგანულ კანონში “საქართველოს შრომის კოდექსი “ცვლილების შეტანის შესახებ. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საომარი მდგომარეობის დროს გაფიცვის ან ლოკაუტის უფლება შეიძლება შეიზღუდოს საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, ხოლო საგანგებო მდგომარეობის დროს -საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციას საჭიროებს.
ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, შემადგენლობა და საქმიანობის წესი საბჭოს დებულებით განისაზღვრება, რომელსაც , ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტისა, საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს. ამ ცვლილებას ითვალისწინებს კანონპროექტი “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, რომელიც კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

Last Updated on Tuesday, 17 September 2013 18:08