|
ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის სისხლის სამართლებრივი სანქციები მკაცრდება და „112“-ის არამიზნობრივი გამოყენებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა დგინდება. „სისხლის სამართლის კოდექსსა“ და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. თუ აღნიშნული ქმედება ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში, სანქცია თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე იზრდება.
კანონპროექტით დგინდება აგრეთვე „112“-ის არამიზნობრივი გამოყენებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომაც. „112“-ის გამოყენება შეტყობინების მიმღები პირისთვის შეურაცხყოფის მიყენების მიზნით ან სხვა შეურაცხმყოფელი განცხადებების გასაკეთებლად, ასევე აღნიშნული ნომრის არამიზნობრივი სისტემატური გამოყენება გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის ერთსა და იმავე მოვლენასთან დაკავშირებით, გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
ამას გარდა, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებებით, „112“-ის გამოყენება გადაუდებელი დახმარების მოთხოვნის მიზნით, ცრუ შეტყობინების განსახორციელებლად, რომელსაც შედეგად მოჰყვა შესაბამისი ექსტრემალური სამსახურის მიერ შემთხვევის ადგილზე გასვლა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. წლის განმავლობაში აღნიშნული ქმედების განმეორება კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღე-ღამემდე ვადით.
კანონმდებლობით სანქციების გამკაცრების პარალელურად, ზუსტდება, რომ „112“-ის არამიზნობრივი სისტემატური გამოყენება გულისხმობს ერთი და იმავე პირის მიერ აღნიშნულ ნომერზე უწყვეტი ერთი საათის განმავლობაში ათი ან მეტი შეტყობინების განხორციელებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შეტყობინების ინიციატორი აზუსტებს, ავსებს ან აკონკრეტებს გადაუდებელი დახმარების საჭიროებასთან დაკავშირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
როგორც ეკა ბესელიამ განმარტა, აღნიშნულ სამართალდარღვევათა საქმეებს შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები განიხილავენ, განმეორების შემთხვევაში კი - სასამართლო. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს აღნიშნული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას. კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. |