საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
სამშაბათი, 17 სექტემბერი 2013 19:49

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის წევრების თამარ კორძაიასა და ფრიდონ საყვარელიძის საკანონმდებლო ინიციატივაზე იმსჯელეს. მათ მიერ პირველი მოსმენით განხილვისათვის წარმოდგენილ იქნა კანონპროექტი „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

კანონპროექტის ზოგად პრინციპებზე საუბრისას ერთ-ერთმა თანაავტორმა თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიღების მიზეზი ქვეყნის კონსტიტუციაში 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით განხორციელებული ის ცვლილებებია, რომლებიც ძალაში 2013 წლის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან შევა ძალაში. სხვა ცვლილებებთან ერთად, წარმოდგენილი კანონპროექტით კანონში გამოყენებული ტერმინები შესაბამისობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან.
კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
სხდომაზე ასევე განიხილეს მოქალაქე აკაკი ჩარგეიშვილის ლობისტად რეგისტრაციის საკითხი. კომიტეტის გადაწყვეტილებით, აკაკი ჩარგეიშვილს ლობისტად რეგისტრაციაზე უარი უნდა ეთქვას იმის გამო, რომ მან დოკუმენტები კანონის შესაბამისად ვერ წარმოადგინა. თუმცა როგორც სხდომაზე აღინიშნა, მას შეუძლია განცხადებით პარლამენტს ხელახლა მიმართოს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დავალებული ჰქონდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კარლო კვიტაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმება.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კარლო კვიტაშვილის გათავისუფლების მოთხოვნასთან დაკავშირებულ განცხადებაზე პარლამენტის 58 წევრის ხელმოწერაა დაფიქსირებული. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა 53 ხელმოწერის ნამდვილობა უკვე დაადასტურა, რაც სხდომის წამყვანის, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ფრიდონ საყვარელიძის ინფორმაციით სრულიად საკმარისია პროცედურის დასაწყებად.
ფრიდონ საყვარელიძემ კომიტეტის წევრებს საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის განცხადება გააცნო, რომელშიც ის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურისას დარღვევებზე საუბრობს და ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს. მისი თქმით, პარლამენტის წევრი მარიკა ვერულაშვილი არ იმყოფებოდა დარბაზში, რეგისტრაციაც არ გაუვლია, კენჭისყრისას კი მისი გვარი მომხრეთა შორის არის დაფიქსირებული.
როგორც ფრიდონ საყვარელიძემ განაცხადა, მოპოვებული მასალებით დეპუტატის დარბაზში ყოფნა-არყოფნა არ დასტურდება, ხოლო ხელახალი კენჭისყრა მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩატარდეს, თუ მას შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია, აღნიშნულ შემთხვევაში კი ვეტო საკმარისზე მეტი ხმებით დაიძლია.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2013 11:59