| ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საპარლამენტო უმცირესობას შეხვდა | | ბეჭდვა | |
| სამშაბათი, 17 სექტემბერი 2013 23:10 |
|
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე, რანკო კრივოკაპიჩი საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ვიცე–სპიკერმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრის მთავარი თემა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები იყო. „ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და დასავლური კურსის შენარჩუნება არის ერთ–ერთი მთავარი წინაპირობა საქართველოს გამთლიანებისათვის და მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს ქვეყანაში უნდა იყოს კიდევ ერთი, წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. ყველა მოქალაქის ინტერესშია საპრეზიდენტო არჩევნები ცივილიზებულ გარემოში ჩატარდეს“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ, თუმცა აღნიშნა, რომ არასოდეს ყოფილა საქართველოში არჩევნები იმ ფონზე ჩატარებულიყოს, როცა მთავარი ოპოზიციური პარტიის გენერალური მდივანი და სხვა პოლიტიკური ლიდერები დაპატიმრებულნი არიან. „ეს არაჯანსაღ ვითარებას ქმნის. ყველაფრის მიუხედავად, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თანამშრომლობის შესაძლებლობა იყოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, რათა ქვეყანამ გააგრძელოს დასავლური ორიენტაცია და დასავლური კურსით სვლა“, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ. |
| ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2013 09:51 |






