განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა | ბეჭდვა |
ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2013 11:17

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უფლებამოსილი იქნება საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ კანონმდებლობის სფეროს განვითარების შესახებ წინადადებები საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგინოს, ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტისა. ამ მიზნით, ცვლილებები შედის საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში. ეს ცვლილებები გამოწვეულია 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონით, რომელიც პრეზიდენტისა და მთავრობის უფლებამოსილებების ცვლილებას ეხება. 

კანონპროექტი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ცეცხლაძემ გამოიტანა.
სწორედ 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონითაა გამოწვეული „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტების შემუშავებაც. საკითხი პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების ახლებურად გამიჯვნას ეხება. კანონპროექტები პარლამენტის წევრების ელისო ჩაფიძისა და ფრიდონ საყვარელიძის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს და ისინი კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად ფრიდონ საყვარელიძემ გამოიტანა.
პირველი მოსმენით განიხილეს ასევე პარლამენტის წევრის თამარ კორძაიას საკანონმდებლო ინიციატივა - კანონპროექტი „მაუწყებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. მის მიზანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იმ ნორმების მოყვანა, რომლებიც საქართველოს კომუნიკაციების ერვნული კომისიის წევრების შერჩევის და ანგარიშვალდებულების სფეროში საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებას განსაზღვრავს.
კომიტეტის წევრებმა ყველა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2013 14:20