|

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საჯარო სხდომა მთლიანად ტელეკომპანია „ობიექტივის“ საკითხს დაეთმო. ტელეკომპანიის დირექტორმა, მიხეილ აგლაძემ და მედიაკავშირი „ობიექტივის“ ხელმძღვანელმა ირმა ინაშვილმა კომისიის წევრებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან ტელევიზიაზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს. მათი ინფორმაციით, ტელეკომპანია, რომელსაც ამ დროისთვის სამაუწყებლო სიხშირე არ გააჩნია, 2001 წელს ლიცენზიის უფლების მოპოვების შემდეგ შეიქმნა. ტელევიზიის სარედაქციო ბადეს ძირითადად ეროვნულ-შემეცნებითი თემატიკა წარმოადგენდა და 2004 წლამდე იგი უპრობლემოდ ფუნქციონირებდა. მიხეილ აგლაძის განცხადებით, ტელეკომპანიაზე პირველი შეტევები „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაიწყო, იმ მომენტიდან, როდესაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, დიმიტრი ქიტოშვილმა საკუთარ კაბინეტში დაიბარა და ტელეკომპანიის დათმობა მოსთხოვა. მისივე ინფორმაციით, ტელეკომპანიის მფლობელებზე ზეწოლა და მათი დაპატიმრების მუქარა 2004 წლის თებერვლიდან გაგრძელდა, რასაც მიხეილ აგლაძეზე თავდასხმა და ფიზიკური ძალადობა მოჰყვა, რის შედეგადაც მას სმენის პრობლემა შეექმნა. მომხდარი ფაქტების შემდეგ ტელეკომპანიამ 50% წილი პროფესიით სტომატოლოგს, დავით კაკაურიძეს გადაუფორმა, რომელიც ამავდროულად ტელეკომპანია „იბერიის“ მეწილეც იყო. აღნიშნული წილის უსასყიდლოდ გადაფორმება ერთ-ერთ სანოტარო კანტორაში ღამის საათებში მოხდა. ირმა ინაშვილის განცხადებით, საზოგადოების ინფორმირებისთვის მან აღნიშნული საკითხის გასაჯაროება დაიწყო, თუმცა ამას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია. უფრო მეტიც, ამის შემდეგ დაიწყო ზეწოლა 1% -ის დათმობაზე, რათა კაკაურიძეს ტელევიზიის საკონტროლო პაკეტი ჰქონოდა, რასაც მიაღწია კიდეც.
ტელეკომპანია „ობიექტივის“ საქმეზე მომჩივანთა განცხადებით, საკონტროლო პაკეტის ხელში ჩაგდების შემდეგ მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა - კაკაურიძემ აღნიშნული წილი ჭარხალაშვილს გადასცა, რომელმაც თავის მხრივ ეს წილი გარკვეული დროის შემდეგ ბიზნესმენ გურამ კვირიკაშვილს გადაუფორმა, მან კი 2008 წელს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა და „ობიექტივის“ კუთვნილი ლიცენზია სახელმწიფოს აჩუქა. პარალელურად, ამ დროის განმავლობაში „ობიექტივის“ სიხშირეზე მაუწყებლობა ტელეკომპანია „ალანიამ“ დაიწყო, რომელიც 3 წლის მანძილზე ლიცენზიის და ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე უკანონოდ მაუწყებლობდა. როგორც მომჩივარმა მხარემ განმარტა, მათ არაერთი სარჩელი შეიტანეს სასამართლოში ლიცენზიის და სიხშირის დაბრუნების მოთხოვნით, თუმცა სასამართლოს არცერთმა ინსტანციამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ხიდაშელის შეფასებით, „ობიექტივის“ თემა მედიაზე მასიური შეტევის ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია, რომელიც 2004-2008 წლებში ხდებოდა. მისივე განცხადებით, საკითხის გარკვევის მიზნით კომისია დიმიტრი ქიტოშვილს, დავით კაკაურიძეს, გურამ კვირიკაშვილს და ჭარხალაშვილს საჯარო სხდომაზე აუცილებლად დაკითხავს და ტელეკომპანიის დამფუძნებლებს საშუალება მიეცემათ თავადაც დასვან შეკითხვები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა ორშაბათს, 23 სექტემბერს დილის 11 საათზე გაიმართება და იგი GLOBAL MEDIA GROUP (GMG) საკითხის მოსმენას დაეთმობა. |