|

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ კოლეგებს ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების ევროპულ საკითხთა კომიტეტების + საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის შეხვედრის ანგარიშის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ამ შეხვედრის გადაწყვეტილება გააცნო.
როგორც ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, 8-10 სექტემბერს იგი მიწვეული იყო პოლონეთში, გდანსკში ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნების (ჩეხეთის რესპუბლიკა, უნგრეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი) პარლამენტების ევროპულ საკითხთა კომიტეტების შეხვედრაზე. მისი თქმით, ამ შეხვედრამ ცალსახად დაადასტურა, რომ საქართველოს სტუმრის სტატუსით მონაწილეობა აღნიშნულ ფორმატში მეტად მნიშვნელოვანი იყო. აღსანიშნავია, რომ მსგავს ფორმატში ვიშეგრადის ქვეყნებს არც ერთ ქვეყანასთან არ ჰქონია თანამშრომლობა. ვიქტორ დოლიძის ინფორმაციით, შეხვედრაზე სხვადასხვა საკითხები განიხილეს, მათ შორის: რეგიონული პოლიტიკა მრავალწლიანი ფინანსურ პერსპექტივაში 2014-2020 წლებისთვის; ტრანსატლანტიკური ვაჭრობა და საინვესტიციო პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან (TTIP) - ეკონონიმკური, ფინანსური და სოციალური შედეგები; ევროპარლამენტის არჩევნები. როგორც მან აღნიშნა, თავის მიმართვაში ყურადღება გაამახვილა აღმოსავლეთ პარტნიორობის მხარდაჭერის და განვითარების მნიშვნელობაზე, საქართველოს ეროპულ მისწრაფებებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით ქვეყნის მაღალ მზაობაზე, საქართველო-ევროკავშირს შორის ვილნიუსის სამიტზე ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებისა და ახლო მომავალში მისი ხელმოწერის მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე.
„ამ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დავადასტურე, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფებები არ არის მთავრობების არჩევანი, არამედ ეს ქართველი ხალხის არჩევანია. და რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი არის შეუქცევადი პროცესი და, რომ სწორედ ვიშეგრადის ქვეყნების დახმარებით ამას აუცილებლად მივაღწევთ “, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. მისი თქმით, ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია მეგობარ ქვეყნებთან და განსაკუთრებით, ვიშეგრადის ჯგუფის სახელმწიფოებთან პარტნიორული ურთიერთობები. ვიქტორ დოლიძემ კომიტეტის სხდომაზე ასევე წარმოადგინა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2012-2013 წლების საქმიანობის ანგარიში, რომელშიც გაანალიზებულია კომიტეტის მიერ როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო კუთხით განხორციელებული საქმიანობა. გარკვეული ყურადღება დათმობილი აქვს საერთაშორისო ურთიერთობებს, საზოგადოებასთან ურთიერთობას, საპარლამენტო დიპლომატიას და სხვა საკითხებს. კომიტეტის თავმჯდომარე ამ ანგარიშით პარლამენტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარდგება. |