ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა | Print |
Wednesday, 18 September 2013 17:48

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: “სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პირველი მოსმენით განიხილა.

პროექტის თანახმად 2013 წლის პირველ სექტემბრამდე ზედმეტად (არასწორად) გაცემული პენსია (მათ შორის პენსიაზე დანამატი) ექვემდებარება ლეგალიზაციას. მოქმედი კანონმდებლობით, თუ პირი სახელმწიფო პენსიის მიღების პარალელურად ახორციელებს საჯარო საქმიანობას, მის მიერ პენსიის სახით მიღებული თანხა ექვემდებარება დაქვითვას კომპეტენტური ორგანოს მიერ. იმის გამო, რომ აღნიშნული თანხების ამოღება ამ ეტაპზე გაძნელებულია ადმინისტრირების თვალსაზრისით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება სახელმწიფო პენსიისა და პენსიაზე დანამატის ლეგალიზაციის თაობაზე.
კანონპროექტის მიხედვით ახალი რედაქციით განიმარტება ტერმინი - საჯარო საქმიანობა, რომელიც წარმოადგენს საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში (გარდა, პოლიტიკური და რელიგიური ორგანიზაციებისა, ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიულ, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებისა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიისა, მუზეუმებისა, ბიბლიოთეკებისა, სკოლა-პანსიონებისა, სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებებისა და სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებლებისა) განხორციელებულ შრომით საქმიანობას. კანონპროექტის ავტორთა განცხადებით, ცვლილებების მიღება საჯარო საქმიანობის პარალელურად პენსიის მიმღებთა საპენსიო უზრუნველყოფის ადმინისტრირების პროცესს გააუმჯობესებს.
კომიტეტზე ასევე იმსჯელეს თანმდევ კანონპროექტზე “სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის მიხედვითაც 2013 წლის პირველ სექტემბრამდე ზედმეტად (არასწორად) გაცემული კომპენსაცია ლეგალიზაციას დაექვემდებარება.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

Last Updated on Wednesday, 18 September 2013 17:51