საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა | Print |
Wednesday, 18 September 2013 18:00

საკუთრების ჩამორთმევისათვის გადახდილი ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი მოსაკრებლისაგან და დაუშვებელია მასზე რაიმე სახის მოსაკრებლის დაწესება, ამას ითვალისწინებს „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დღეს გამართულ სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილა. 

კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის თანახმადაც სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებაზე საჯარიმო სანქცია იზრდება 5 000 ლარამდე. კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებას და მიზანშეწონილად ჩათვალა საკითხთან დაკავშირებით მთავრობასთან დამატებითი კონსულტაციების გაიმართვა, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი მისი პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანა.
საკითხი კომიტეტს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მჭედლიშვილმა წარუდგინა.
კანონპროექტი „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო კომპენსაციის და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა, ითვალისწინებს საჯარო საქმიანობის პარალელურად პენსიის მიმღებთა საპენსიო უზრუნველყოფის ადმინისტრირების პროცესს, კერძოდ 2013 წლის 1 სექტემბრამდე ზედმეტად (არასწორად) გაცემული პენსიის (მათ შორის დანამატის) ლეგალიზაცებას თუ პირი სახელმწიფო პენსიის მიღების პარალელურად ახორციელებს საჯარო საქმიანობას. კანონპროექტი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით ლომიძემ წარადგინა.
მთავრობის დაქვემდებარებაში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნას ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.
ასევე პირველი მოსმენით განიხილეს „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები. წარმოდგენილი დოკუმენტები არეგულირებს სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ბრუნვის ეროვნული კონტროლის განხორციელების საფუძვლებს და წესს.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის გარდა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.

Last Updated on Wednesday, 18 September 2013 21:36