|
დეპუტატებმა დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ პლენარულ სხდომაზე განცხადებები გააკეთეს. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნის საფუძველზე მომავალ კვირაში პარლამენტში პოლიტიკური დებატები გაიმართება. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბარამიძე თავის გამოსვლაში 17 სექტემბერს, გორის რაიონის სოფელ დიცში რუსული საოკუპაციო ძალის მხრიდან მავთულხლართების და ღობეების მონტაჟის პროცესის გაგრძელებას გამოეხმაურა და ფაქტს მორიგი პროვოკაცია უწოდა. ,,ეს ყველაფერი ძალიან შემაშფოთენებელია და ჩვენს ერთობლივ მოქმედებას საჭიროებს. როგორც ოპოზიცია, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, როდესაც ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან გვაქვს საქმე, როცა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება საქმე ქართული სახელმწიფო უნდა იყოს ერთად და განსხვავება არ უნდა იყოს ვინ არის ხელისუფლებაში და ვინ ოპოზიციაში“,-აღნიშნა გიორგი ბარამიძემ. საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ზურაბ მელიქიშვილი თავის გამოვლაში ეკონომიკურ საკითხებს შეეხო. მისი თქმით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში სერიოზული დანაკლისია და ის 350 მილიონ ლარს შეადგენს. ზურაბ მელიქიშვილის შეფასებით ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გაჩერებული პროექტებია . "მსოფლიოში ბევრი მაგალითია იმის, რომ ქვეყნები თვითონ იგონებდნენ პროექტებს იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკური რეცესიიდან გამოეყვანათ და მიმზიდველობა გაეზარდათ ბიზნესმენებისთვის. რომელი ბიზნესმენი შემოვა და ჩადებს თანხას იმ ქვეყანაში, სადაც ქვეყანა თვითონ ამბობს უარს თავისი სტრატეგიული პროექტების განხორციელებაზე", - განაცხადა დეპუტატმა. ზურაბ მელიქიშვილმა აღნიშნა, რომ ზუსტად 27 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ერთი თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობა პარლამენტში შემოვა ბიუჯეტის ცვლილების პროექტით, რომლის მიხედვით მთლიანი პარამეტრი 8 მილიარდ 600 მილიონიდან დაახლოებით 400 მილიონი ლარით შემცირდება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა, დეპუტატ ირინე იმერლიშვილს მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო ბოდიში მოუხადოს. დეპუტატის შეფასებით ბოლო დღეებში ქვეყნის პირველი პირი განსაკუთრებით უკონტროლო განცხადებებს აკეთებს. "მესმის, რომ ძალაუფლების დასრულებას მტკივნეულად აღიქვამს, მაგრამ ყოველგვარ ზღვარს სცდება ის განცხადებები და შეფასებები, რომელსაც ის აკეთებს. არ მგონია, რომ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია შეურაცხყოფა მიაყენოს პრემიერ-მინისტრს, როცა მას მნგრეველს უწოდებს და სხვადასხვა ეპითეტებით მოიხსენიებს. ამ შეფასებების ადრესატი ივანიშვილი ვერ იქნება, რომლის ქველმოქმედების წყალობით სხვადასხვა ობიექტებს ხსნიდა და ლენტებს ჭრიდა ორჯერ და სამჯერ, მაგრამ ბოდიშის მოხდას ნამდვილად მოვითხოვდი ჩვენი კოლეგის, ირინა იმერლიშვილის მისამართით გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო. ვითხოვ, რომ მან ბოდიში მოიხადოს და ეს არის მინიმუმი, რაც ამ სიტუაციაში უნდა გააკეთოს", - განაცხადა ეკა ბესელიამ. იგი თავის გამოსვლაში ასევე გამოეხმაურა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას, სადაც რამდენიმე ადამიანი შიმშილობს. ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს აღსრულების საკითხებზე. დეპუტატმა მოუწოდა ამ საკითხებზე მომუშავე როგორც სამუშაო ჯგუფს, ასევე კოლეგებსა და მთავრობას დააჩქარონ ამ ცვლილებებზე მუშაობა, რათა ნაპოვნი იყოს გამოსავალი ძალიან რთული მდგომარეობიდან. ,,ამ საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა და ნამდვილად არ ვართ გულგრილი ამ პრობლემისადმი, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო და რომლის მოგვარებსა და გამოსწორებაზე მართლაც ყველაფერს აკეთებს მთავრობაც და ხელისუფლებაც“,-აღნიშნა ეკა ბესელიამ.
პლენარულმა სხდომამ პირველი მოსმენით განიხილა კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტის 82 წევრის ინიციატივაა, რომლითაც კონსტიტუციის იმ ნორმის ამოღება ხდება, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის მიერ ინცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის დასმის საკითხს და ასევე კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საქართველოს პარლამენტის ორ თანმიმდევრულ სესიაზე მიღების საკითხს. კონსტიტუციური კანონის პროექტის თანახმად, პარლამენტის მიერ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტის მიუღებლობა ჩაითვლება უნდობლობის გამოცხადებად. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მიუხედავა იმისა, რომ წარმოდგენილ ცვლილებს არ მიიჩნევენ სრულყოფილად და აქვთ გარკვეულ შენიშვნები, ისინი აღნიშნულ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ. პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტის ინიციატორთა მხრიდან შემოვიდა წინადადება საკითხის კენჭისყრის პარასკევისთვის გადადების თაობაზე. ,,ამ თემაზე იყო საინტერესო დისკუსიები, რომელშიც უმცირესობის წარმომადგენლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ. მისასალმებელია, რომ ჩვენ მოვახერხეთ კიდევ ერთ კონსტიტუციურ საკითხზე პოლიტიკური კონსენსუსის მიღწევა მიუხედავად იმისა, მომავალში შევთანხმდებით, თუ ვერ შევთანხმდებით სხვა საკითხებზე. საქართველოს კონსტიტუცია არის ის დოკუმნეტი, რომლის გაუმჯობესებისთვის არავინ არ უნდა დავიშუროთ ჩვენი შესაძლებლობები, მათ შორის პოლიტიკური შეთანხმებების მიღწევის შესაძლებლობები“,-აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისი განცხადებით, აღნიშნულ საკითხი საყოველთოა მოსაზრებით, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების დასკვნითაც არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი პარლამენტის უფლებამოსილებისა და იმ საკითხების უკეთ დასარეგულირებლად, რომელიც პარლამენტსა და მთავრობას შორის შეიძლება წამოიჭრას.
დეპუტატებმა პირველი მოსმენით, 89 ხმით მხარი დაუჭირეს კანონპროექტს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლითაც მძიმდება იურიდიული პასუხისმგებლობის ზომა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისათვის. სხდომაზე ასევე პირველი მოსმენით იქნა მიღებული კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პროექტით, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა დგინდება საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სამნიშნა ნომრის - „112“-ის არამიზნობრივი გამოყენებისათვის. აღნიშნულ სამართალდარღვევათა საქმეებს განიხილავენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოები, განმეორების შემთხვევაში - სასამართლო.
პლენარულ სხდომაზე განხილული და მხარდაჭერილი იყო სამოცზე მეტი კანონპროექტი. პროექტები გამომდინარეობს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებიდან, რომელიც 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება. ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ პრეზიდენტის გარკვეული უფლებამოსილებები მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის კომპენტენციაში გადავა. პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა პარასკევს, 20 სექტემბერს გაიმართება. |