|
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2013 21:46 |
|
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა დღეს მეორე მოსმენით განიხილა კანონპროექტები რომლებშიც ცვლილებების განხორციელება იმ საკონსტიტუციო ცვლილებებიდან გამომდინარე გახდა საჭირო, რომლებიც 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს.
კანონპროექტი "სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესახებ ითვალისწინებს, რომ დაზვევრვის საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურების კოორდინაციაზე პასუხისმგებელი იქნება საქართველოს პრემიერ-მინისტრი. კანონპროექტი "საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დაზვერვის სამსახურის საქართველოს პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარების ქვეშ გადატანას გულისხმობს. "სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით უქმდება საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სპეციალური სამსახური და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვრება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური. ამ კანონს ასევე ემატება პუნქტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტს და მისი ოჯახის წევრებს არჩევის დღიდან სიცოცხლის ბოლომდე ენიშნებათ პერსონალური დაცვა სამუშაო, მუდმივ და დროებით ადგილსამყოფელში და იგი უნარჩუნდებათ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგაც, მისი სიცოცხლის ბოლომდე. "ნდობის ჯგუფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, თუ ნდობის ჯგუფი წარმოდგენილი საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოები ან მათი ხელმძღვანელები არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას, იგი წერილობით პრეზიდენტის ნაცვლად მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს ამ ინფომაციისათვის საიდუმლოების გრიფის მოხსნის მოთხოვნით. კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ოთხივე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა და კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილი კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას. |
|
ბოლოს განახლდა პარასკევი, 20 სექტემბერი 2013 10:25 |