|
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა |
| Print | |
|
Wednesday, 18 September 2013 23:23 |
|
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომლითაც მძიმდება იურიდიული პასუხისმგებლობის ზომა ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისათვის. ცვლილებების თანახმად, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინებისთვის 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სანქცია 2-დან 5-წლამდე იზრდება, ხოლო იმ შემთხვევავში, როდესაც იგივე ქმედება ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად სანქცია 5-დან 7 წლამდე იზრდება. კომიტეტმა ასევე მეორე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლითაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა დგინდება საგანგებო (ექსტრემალური) სამსახურების გამოძახების ერთიანი სამნიშნა ნომრის - „112“-ის არამიზნობრივი გამოყენებისათვის. კანონპროექტით, ,,112“-ის გამოყენება შეტყობინების მიმღები პირისთვის შეურაცხყოფის მიყენების მიზნით ან სხვა შეურაცხმყოფელი განცხადებების გასაკეთებლად, ასევე, აღნიშნული ნომრის არამიზნობრივი სისტემატური გამოყენება გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. აღნიშნული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით. ცვლილებების თანახმად, თუ ,,112“-ის გამოყენება მოხდა გადაუდებელი დახმარების მოთხოვნის მიზნით ცრუ შეტყობინების განსახორციელებლად, რომელსაც შედეგად მოჰყვა შესაბამისი საგანგებო სამსახურის შემთხვევის ადგილზე გასვლა, პირი დაჯარიმდება 500 ლარის ოდენობით. იგივე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით ან ადმინისტაციულ პატიმრობას 15 დღე-ღამემდე ვადით. კანონპროექტში მითითებული სისტემატური გამოყენება გულისხმობს ერთი და იმავე პირის მიერ აღნიშნულ ნომერზე ნებისმიერი უწყვეტი ერთი საათის განმავლობაში 3 ან მეტი არამიზნობრივი შეტყობინების განხორციელება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე ასევე განიხილა ოცამდე კანონპროექტი. პროექტები გამომდინარეობს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებიდან, რომელიც 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ამოქმედდება. ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ პრეზიდენტის გარკვეული უფლებამოსილებები მთავრობისა და პრემიერ-მინისტრის კომპენტენციაში გადავა.
|
|
Last Updated on Tuesday, 24 September 2013 16:23 |