| იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა | | ბეჭდვა | |
| ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2013 16:14 |
|
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებები განიხილეს პირველი მოსმენით დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე. კანონპროექტი ითვალისწინებს კოდექსის მთელი რიგი მუხლებით დაწესებული პასუხისმგებლობის გადახედვას, ზოგ შემთხვევაში მათ გამკაცრებას, ზოგიერთ შემთხვევაში კი შემსუბუქებას. კერძოდ, ნასვამ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში მკაცრდება ზომები. ასევე 50 ლარით ჯარიმდება იმ სატრანსპორტო საშუალების მძღოლი, რომელსაც მინები დამუქებული აქვს შსს-ს საპატრულო დეპატრამენტის თანხმობის გარეშე, იმავე დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა იზრდება 100 ლარამდე, ხოლო წლის განმავლობაში მესამე შემთხვევაში მართვის უფლება ჩამოერთმევა 6 თვის ვადით. ადმინისტრაციული სასჯელი მკაცრდება მთვრალ მდგომარეობაში მანქანის მართვისა და სხვადასხვა საგზაო დარღვევების შემთხვევებში. მკაცრი ადმინისტრაციული სახდელები დაწესდა ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის წესების დარღვევისათვის. პასუხისმგებლობა მკაცრდება საზოგადოებრივ ადგილებში ადამიანის ღირსებისა და საზოგადოების ზნეობის შეურაცხმყოფელი ქმედების შემთხვევაში, რაც თავის მხრივ ისეთ ქცევას გულისხმობს, რომელიც ადამიანის უპატივცემულობას გამოხატავს და მის შეურაცხმყოფელ გარემოში ჩაგდებას განაპირობებს. ამაში კი იგულისხმება: სექსუალური ხასიათის ქცევა, საზოგადოებრივ ადგილებში სრული ან ნაწილობრივი უხამსი გაშიშვლება, ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ახალ რედაქციაში აისახა ასევე არასრულწლოვანის მიერ განხორციელებულ ცრუ შეტყობინებასთან დაკავშირებით მშობლის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საკითხი, რაც კოდექსის იმ მუხლში გაიწერება, რომელიც არასრულწლოვანის აღზრდისა და სწავლების მოვალეობის შეუსრულებლობაზე სწორედ მშობლის პასუხისმგებლობას აყენებს. თუმცა ტერორიზმთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინებაზე პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებით პარლამენტში ცალკე კანონპროექტია ინიცირებული. კომიტეტმა ხანგრძლივი განხილვის შემდეგ მხარი დაუჭირა გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კანონპროექტის უახლოეს პლენარულ სხდომაზე გატანას. |
| ბოლოს განახლდა პარასკევი, 20 სექტემბერი 2013 10:02 |






