პარლამენტის ბიუროს სხდომა | ბეჭდვა |
პარასკევი, 20 სექტემბერი 2013 13:38

პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომის დღის წესრიგზე იმჯელეს ბიუროს სხდომაზე, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი უძღვებოდა. 

კანონმდებლები პლენარულ სხდომაზე ასზე მეტი საკითხის განხილვას გეგმავენ. კანონპროექტთა უმრავლესობა უფრო ტექნიკური ხასიათისაა და ისინი 2010 წლის 15 ოქტომბრის კონსტიტუციური კანონის ამოქმედებას უკავშირდება. პარლამენტი აღნიშნულ კანონპროექტებს დაჩქარებული წესით განიხილავს.
ბიურომ საორგანიზაციო საკითხებზეც იმსჯელა. ბიურომ დაამტკიცა ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებები.
ბიუროს გადაწყვეტილებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრობისა და საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატთა სია სათანადო საბუთებთან ერთად გადაეცემათ საპარლამენტო ფრაქციებს, რომლებსაც სურვილის შემთხვევაში შეუძლიათ ერთი კვირის ვადაში შეხვდნენ კანდიდატებს. ამის შემდეგ კი საკითხს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
ბიუროს წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების შესახებ, რომელიც „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანას ეხება. საკანონმდებლო წინადადების განსახილველად წამყვან კომიტეტად ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 23 სექტემბერი 2013 11:15