| საზედამხედველო საქმიანობა |
|
კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა
კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუდმივად ახორციელებს პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლს. 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში და 2013 წლის მარტსა და აპრილში კომიტეტის ინიციატივით, მოქალაქეთა საჩივარ-განცხადებების საფუძველზე, ჩატარდა რამოდენიმე შეხვედრა სამსახურიდან გათავისუფლებულ მედპერსონალთან, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტი აგრძელებს მუშაობას. 2013 წლის 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ჩატარდა საკომიტეტო სხდომა შემდეგ საკითხებზე: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიის „შევაჩეროთ ტუბერკულოზი საქართველოში რეალიზაციის 15 წლიანი გამოცდილება“; განხილულ იქნა სამოქალაქო ჯანდაცვასა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ტუბერკულოზთან ბრძოლის პროგრამა, ეპიდემიოლოგიური ტენდენციები, ამჟამინდელი ვითარება, ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის ძლიერი და სუსტი მხარეები, პრიორიტეტები, ქვეყანაში ტუბერკულოზთან ბრძოლის გაუმჯობესების გზები. კომიტეტთან შეიქმნა ტუბერკულოზის კონტროლის სამუშაო ჯგუფი, რომელის შემადგენლობა განისაზღვრა დარგის სპეციალისტებითა და ექსპერტებით. სხდომაზე შემუშავებული რეკომენდაციები და კომიტეტის გადაწყვეტილება გადაეგზავნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. 2013 წლის 7 მარტს ჩატარდა ფსიქიატრიის დარგში არსებული პრობლემების განხილვა. საკომიტეტო სხდომაზე განხილულ იქნა ფჯდ საერთაშორისო მიმართულებები და სისტემები, საქართველოს მოდელი, ჰოსპიტალური და ჰოსპიტალგარეშე სერვისები, თემზე დაფუძნებული სამსახურები. კომიტეტმა, დარგის ექსპერტებთან ერთად, მიზანშეწონილად ჩათვალა ფჯდ პოლიტიკის დოკუმენტისა და 2014-2017 წლების დარგის განვითარების სტრატეგიული გეგმის შექმნა; ზემოაღნიშნული დოკუმენტები საშემოდგომი სესიაზე წარედგინება საქართველოს პარლამენტს. 2013 წლის 19 მარტს კომიტეტმა მოისმინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინფორმაცია მიმდინარე რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. აღნიშნულ სხდომაზე კომიტეტმა დეტალურად განიხილა ახალი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ამოქმედდა 2013 წლის 28 თებერვლიდან. 2013 წლის 30 აპრილს კომიტეტმა მოისმინა „სამედიცინო მედიაციის სამსახური“-ს 2012 წლის ანგარიში. სსიპ „სამედიცინო მედიაციის სამსახური“ წარმოადგენს დავების რეგულირების ალტერნატიულ ორგანოს, რომლის ფუნქციებია: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სამედიცინო მედიაციის სამსახურისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ქონებრივი დავების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების/რეკომენდაციის მიღება ისეთი სახის ურთიერთობებში, რომელიც წარმოიშობა: ა) პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის; ბ) სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის; გ) პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის;
2013 წლის 13 ივნისს კომიტეტმა მოისმინა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ინფორმაცია შესრულებული სამუშაოსა და სამომავლო გეგმების თაობაზე. სხდომაზე დეტალურად იყო წარმოდგენილი ინფორმაცია სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის, სოციალური პაკეტის, საარსებო შემწეობის, დევნილთა შემწეობის, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო დახმარების და ა.შ. შესახებ.
|






