კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა | ბეჭდვა |
ორშაბათი, 23 სექტემბერი 2013 22:03

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია საჯარო სხდომების ფორმატში საჩივრების განხილვას განაგრძობს. კომისიის დღევანდელი სხდომა სხვადასხვა საკაბელო კომპანიების და გლობალ მედია ჯგუფის (GMG) ურთიერთობებს და ამ საკითხში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ჩართულობას შეეხო. 
საკაბელო კომპანია „მადის“ დამფუძნებლის, ავთანდილ დევიძის ინფორმაციით, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან გარკვეული ზეწოლები 2007 წლიდან დაიწყო, რასაც თან ერთოდა არაერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმის აღძვრა და სანქციების დაკისრება. მისი განცხადებით, კომისიის ხელმძღვანელობის დავალებით ძალოვანი სტრუქტურები მასზე მუდმივ ზეწოლებს ახდენდნენ და მისგან სიხშირის წილის დათმობას ითხოვდნენ. 2010 წელს 17 ათასი ლარის გადაუხდელობის გამო იგი დააპატიმრეს, თუმცა როგორც თავად განმარტა, ეს პატიმრობაც უკანონოდ განხორციელდა. ავთანდილ დევიძის ინფორმაციით, პატიმრობის პერიოდში მისგან ისევ ითხოვდნენ წილის დათმობას, რაზეც ის უარს აცხადებდა. 7,5 თვის პატიმრობის შემდეგ მისგან მოულოდნელად სასამართლომ იგი გირაოთი გაათავისუფლა, რომლის შემდეგაც ცოტა ხანში მას დაუკავშირდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანამშრომელი, გიორგი რატიშვილი და გლობალ მედია ჯგუფის დამფუძნებელ, მამუკა გამყრელიძესთან ერთად შეხვედრა თხოვა. აღნიშნულ შეხვედრაზე ავთანდილ დევიძემ გამყრელიძესთვის მაუწყებლობის ლიცენზიის გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან როგორც იგი განმარტავს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ისევ პატიმრობა და გარკვეული ზეწოლა ელოდა. 2010 წლის დეკემბერში იგი დაიბარეს კომისიაში და ხელი მოაწერინეს ლიცენზიის დათმობაზე.
კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან არსებულ დაპირისპირებაზე სააქციო საზოგადოება “GNN” დირექტორმა, მირიან კიკნაძემაც ისაუბრა. მისი განცხადებით, კომისიასთან ურთიერთობების დაძაბვა 2010 წელს დაიწყო, მაშინ როდესაც საკაბელო ოპერატორებზე კომისიის მხრიდან დაიწყო მითითებები თუ რომელი არხები უნდა გამორთულიყო. „ერთ-ერთ სხდომაზე კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ჩიქოვანმა რამდენიმე სპორტული არხის გათიშვა მოგვთხოვა. შეხვედრაზე ჩვენ დრო ვითხოვეთ, რათა სხვა არხებით ჩანაცვლება მომხდარიყო, რა დროსაც ჩიქოვანმა პირდაპირ GMG-ზე მიგვითითა. როდესაც რამდენიმე ოპერატორი შევხვდით GMG-ის წარმომადგენლებს, მათ 1 აბონენტზე 9 ლარი მოითხოვეს, მაშინ როცა ჩვენ თითო აბონენტისგან 7 ლარს ვიღებდით. ჩვენი უარის შემდეგ კომისიიდან დაიწყო წერილების გამოგზავნა და სხვადასხვა ვალდებულებების დაკისრება, რომლის შემდეგაც ისევ შევხვდით ირაკლი ჩიქოვანს და მან სააბონენტო გადასახადის 25-35 ლარით გაზრდა შემოგვთავაზა, რომელზეც ჩვენ უარი განვაცხადეთ“, - განაცხადა მირიან კიკნაძემ. მისივე ინფორმაციით, საკაბელო კომპანიამ ტესტურ რეჟიმში მაინც ჩართო GMG, თუმცა ვადის გასვლის შემდეგ იგი გამორთეს ქსელიდან. ამის შემდეგ ისევ გაგრძელდა კომუნიკაციების კომისიის ზეწოლა, რასაც 2011 წელს შემცირებული, 6-ლარიანი ტარიფით საკაბელო ქსელში GMG-ს ჩართვა მოყვა და კომისიიდანაც ყოველგავრი ზეწოლა შეწყდა. “GNN” და “GMG” თანამშრომლობა მხოლოდ ერთი წელი გაგრძელდა და 2012 წლის ოქტომბერში იგი ისევ გამოირთო ქსელიდან.
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ირაკლი ჩიქოვანი საკაბელო კომპანიის „სუპერ ტვ“-ის წართმევის მცდელობაში დაადანაშაულა კომპანიის დამფუძნებელმა, ზურაბ ჩიგოგიძემ. მისი ინფორმაციით, ჩიქოვანი პირადი გამდიდრების მიზნით ბოროტად იყენებდა დაკავებულ თანამდებობას, რათა წაერთმია ეს კომპანია. „2011 წლის თებერვალში ირაკლი ჩიქოვანმა დამიბარა თავის კაბინეტში და მკითხა თუ რამდენად ვიყავი დაინტერესებული საკუთარი კომპანიის გასხვისებით. უარის მიღების შემდეგ მან საკაბელო ქსელიდან რუსული არხების გამორთვა მომთხოვა და მათ ნაცვლად სხვა არხების ჩართვა შემომთავაზა. აღნიშნულთან დაკავშირებით წინააღმდეგობა არ გამომითქვამს და ტარიფების გასარკვევად მამუკა გამყრელიძეს შევხვდი. შეხვედრაზე მან 4 არხში 9 ლარის გადახდა მომთხოვა, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო, რომლის შემდეგაც ისევ მომიწია ჩიქოვანთან შეხვედრა. აღნიშნულ შეხვედრაზე მან სააბონენტო გადასახადის 25 ლარამდე გაზრდა შემომთავაზა, რაც შეუძლებელი იყო, რადგან მომხმარებელს დავკარგავდი. მოლაპარაკებების შემდეგ იძულებული გავხდი დამედო GMG-თან ხელშეკრულება 4-ლარიან ტარიფზე, თუმცა 2 თვის შემდეგ კომპანია მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან შემოსავლის ნახევარი GMG-ს მიჰქონდა“, - განმარტა ზურაბ ჩიგოგიძემ. მისივე განცხადებით, მან 1- წლიანი ხელშეკრულება მაინც გააფორმა GMG-თან, თუმცა ფინანსური ზარალის გამო იგი იძულებული გახდა შეეწყვიტა ხელშეკრულება. ამის შემდეგ მის კომპანიას კომისიის მხრიდან არაერთი ფინანსური სანქცია დაედო, რასაც GMG-ის სარჩელიც დაემატა, რომელიც ხელშეკრულების გაწყვეტისთვის 360 ათას ლარს ითხოვდა. „სუპერ ტვმ“ ყველა სასამართლო პროცესი წააგო, რომლის შემდეგაც ზურაბ ჩიგოგიძემ საქართველოს პრეზიდენტს 3 წერილი მისწერა, სადაც დეტალურად უხსნიდა შექმნილ ვითარებას, თუმცა არცერთ მათგანზე პასუხი არ მიუღია.

„2012 წლის აპრილში დამიბარეს უშიშროების სამსახურში და მითხრეს, რომ არსებობს ინფორმაცია ჩემ ჯაშუშობასთან დაკავშირებით. უშიშროების წარმომადგენელმა კომპანიის ირაკლი ჩიქოვანისთვის გადაცემა მირჩია, იგივე წინადადებით კომისიის იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმაც მომმართა. თავიდან დავთანხმდი შემოთავაზებულ წინადადებას, მაგრამ ბოლო მომენტში, როცა ჩიქოვანის მიერ შერჩეულ ერთ-ერთ პიროვნებაზე უნდა გადამეფორმებინა კომპანია, უარი განვაცხადე, იმ დღესვე დავტოვე საქართველო და მხოლოდ არჩევნების შემდეგ დავბრუნდი უკან“, - განაცხადა ზურაბ ჩიგოგიძემ.
დღევანდელ სხდომაზე დროებითი კომისიის წევრების შეკითხვებს GMG-ის დამფუძნებლებმა მამუკა გამყრელიძემ და ლევან ყუბანეიშვილმაც უპასუხეს. კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ხიდაშელის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა კომპანიამ იმ დროს საქმიანობის დაწყება და საკმაოდ დიდი ინვესტიციის ჩადება, როდესაც ლიცენზიის მოპოვების სამართლებრივი პერსექტივა არ არსებობდა, კომისიის წევრებმა GMG-ის წარმომადგენლებისგან სრული პასუხი ვერ მიიღეს.
დროებითი კომისიის სხდომაზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ყოფილ თანამშრომელს, გიორგი რატიშვილსაც მოუსმინეს. მას 2000 წლიდან 2012 წლის 20 სექტემბრამდე კომისიაში მაუწყებლობის რეგულირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა და კომისიის საქმიანობის შესახებ არაერთი საინტერესო ინფორმაცია წარმოადგინა. მან დაადასტურა ის ფაქტი, რომ ირაკლი ჩიქოვანი სხვადასხვა საკაბელო კომპანიის მიმართ მიზანმიმართულ დევნას ახორციელებდა და მისი მისამართით არაერთი ბრალდებაც გამოთქვა.
კომისიის დღევანდელ სხდომაზე „სტერეო+“ და „პირველი სტერეოს“ დამფუძნებელს, დავით ზილფილიანს, შპს „ნორმას“ დირექტორს, ნუგზარ მაჭარაშვილს და კომუნიკაციების ექსპერტს, თემურ ბერიანიძესაც მოუსმინეს. სხდომის დასასრულს კომისიის წევრები კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ხარჯების და ინფორმაციული თავისუფლების შესახებ კვლევასაც გაეცნენ, რომელიც გიორგი კლდიაშვილმა წარმოადგინა.
დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა ხვალ, 10 საათზე გაიმართება.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 23 სექტემბერი 2013 22:45