|
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის
ინფორმაცია გაწეული საქმიანობის შესახებ
(2012 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის 2 სექტემბრამდე მდგომარეობით)
საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, პარლამენტის რეგლამენტით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საკანონმდებლო საკითხების წინასწარ მომზადებას, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლს.
- 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს ჩატარებული აქვს კომიტეტის 27 სხდომა.
- მათ შორის საზედამხედველო - 7.
- საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულია 13 კანონი, აქედან
ა) კომიტეტი განისაზღვრა წამყვან კომიტეტად 6 კანონპროექტზე;
ბ) კომიტეტმა შეიმუშავა სავალდებულო დასკვნა 7 კანონპროექტზე;
- განხილვის პროცესშია 14 კანონპროექტი, აქედან
ა) კომიტეტი წამყვანია 6 კანონპროექტზე;
ბ) სავალდებულო დასკვნა შემუშავებულია 8 კანონპროექტებზე;
- საერთაშორისო სარატიფიკაციო დოკუმენტზე კომიტეტის მიერ შემუშავებულია 5 სავალდებულო დასკვნა. განხილვის პროცესშია 1 კონვენცია.
- კომიტეტის მიერ განხილული და რეაგირებულია 1522 საჩივარი და განცხადება.
I.კომიტეტის პრიორიტეტული მიმართულებები
- მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელშეწყობა;
- პაციენტზე ორიენტირებული ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შექმნა;
- სამედიცინო სერვისებზე გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობა.
- საპენსიო და სოციალური დახმარების სისტემის უზრუნველყოფა;
- შეზღუდული შესაძლებლობების პირთა (მათ შორის ბავშვთა), ხანდაზმულთა და ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, ძალადობის მსხვერპლ და მიუსაფარ ბავშვთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაცია.
II.კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა
1.მიღებული კანონები, რომელზეც კომიტეტი იყო წამყვანი:
- „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-3/11, 20.11.12).
- (კანონი არეგულირებს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და სოციალური პარტნიორობის პრინციპებს შრომით კანონმდებლობაში)
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- (პროექტით ახლებურად რეგულირდება სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან განთავისუფლებულ პირთათვის, ასევე სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ძალოვანი სტრუქტურების მოსამსახურეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესი) „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/24, 03.01.2013.)
- „საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/48, 11.03.13.)
- (პროექტი ერთი მხრივ, დასაქმებულის ინტერესების დაცვის გაზრდის მიზნით, გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებს აწესებს; თუმცა, მეორეს მხრივ, იგი გაუმართლებლად არ ზღუდავს დამსაქმებლის უფლებებსა და ინტერესებს. შესაბამისად, ცვლილებების ძირითადი არსი მდგომარეობს დასაქმებულის უფლებების გაზრდის ფონზე დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესების დარეგულირებაში).
- „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/110, 13.06.13.)
(პროექტის მიხედვით ერთჯერადი დახმარების მიღების უფლება ეძლევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ”საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის გარდაცვლილი ან მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურის ოჯახი 100 000 ლარის ოდენობით. საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას გარდაცვლილი ან ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო გარდაცვლილი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, აგრეთვე 1998 წლის მაისსა და 2004 წლის 22–24 აგვისტოს მოვლენებისას დაღუპულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრების დამატებითი სოციალური უზრუნველყოფის გარანტიების განსაზღვრა).
- „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/115 20.06.2013.)
- (კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შევიდა „ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის N2 დანართში და უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდ და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნუსხას დაემატა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები, განისაზღვრა მათი უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები).
- „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/121, 04.07.13.)
(კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება შევიდა „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ნაწილში, რაც ითვალისწინებს ე.წ. „სააფთიაქო“ ნარკოტიკების უკონტროლო რეალიზაციაზე მკაცრი ზომების მიღებას კანონდამრღვევთა მიმართ.
პროექტის მიხედვით, ასევე იკრძალება „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 112 მუხლის მიხედვით პირველი და მეორე ჯგუფისთვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის არასრულწლოვანთათვის მიყიდვა და შესაბამის სამართალდარღვევაზე დაწესდა ადმინისტრაციული სასჯელი).
2.მიღებული საერთაშორისო სარატიფიკაციო დოკუმენტები, რომელზეც კომიტეტის მიერ გაცემულია სავალდებულო დასკვნა:
- კონვენცია
- „საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენციის რატიფიცირების თაობაზე“ (512-რს 04.04.13.);
- ხელშეკრულება და შეთანხმება
1) 2011 წლის 1 მარტის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის დაფინანსების ჩარჩო ხელშეკრულების (გეო: ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა)“ ცვლილების“ რატიფიცირების თაობაზე“ (197-რს 28.12.12);
2) „საქართველოსა და სლოვენიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“ (239-II ს 20.02.13.);
3) „საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“ (370-II ს 20.03.13.);
4) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ევროპაში მეკავშირე ძალების უმაღლეს შტაბბინას შორის ავღანეთში NATO-ს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების (ISAF) ოპერაციებში საქართველოს შეიარაღებული ძალების მონაწილეობის შესახებ“ ტექნიკური შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე“ (869-რს 27.07.13.).
3.განხილვის პროცესში მყოფი სარატიფიკაციო კონვენციები, ხელშეკრულებები და შეთანხმებები
ბ) „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენცია და კონვენციის ფაკულტატური ოქმი“ (07-1/54 13.05.2013);
გ) „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების დაფინანსება)“ და „საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის დაფინანსების ხელშეკრულება (კონკურენტუნარიანობისა და ზრდის განვითარების პოლიტიკის მეორე ღონისძიების დაფინანსება)“ (07-1/72 02.08.2013).
4.საკანონმდებლო წინადადებები
- კომიტეტში შემოსულია 7 საკანონმდებლო წინადადება.
- მათ შორის 5 საკანონმდებლო წინადადებაზე კომიტეტი განსაზღვრულია წამყვან კომიტეტად.
- ერთი საკანონმდებლო წინადადების (კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელმომწერ პირთა სტატუსისა და მათი სამართლებრივი და სოციალური გარანტიების შესახებ“ N28640; 14.06.13.) განხილვის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი.
III.კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობა
კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მუდმივად ახორციელებს პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობის კონტროლს.
2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში და 2013 წლის მარტსა და აპრილში კომიტეტის ინიციატივით, მოქალაქეთა საჩივარ-განცხადებების საფუძველზე, ჩატარდა რამოდენიმე შეხვედრა სამსახურიდან გათავისუფლებულ მედპერსონალთან, სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებთან და სამედიცინო დაწესებულებებთან. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტი აგრძელებს მუშაობას.
2013 წლის 21 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ჩატარდა საკომიტეტო სხდომა შემდეგ საკითხებზე: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტრატეგიის „შევაჩეროთ ტუბერკულოზი საქართველოში რეალიზაციის 15 წლიანი გამოცდილება“; განხილულ იქნა სამოქალაქო ჯანდაცვასა და თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ტუბერკულოზთან ბრძოლის პროგრამა, ეპიდემიოლოგიური ტენდენციები, ამჟამინდელი ვითარება, ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის ძლიერი და სუსტი მხარეები, პრიორიტეტები, ქვეყანაში ტუბერკულოზთან ბრძოლის გაუმჯობესების გზები. კომიტეტთან შეიქმნა ტუბერკულოზის კონტროლის სამუშაო ჯგუფი, რომელის შემადგენლობა განისაზღვრა დარგის სპეციალისტებითა და ექსპერტებით. სხდომაზე შემუშავებული რეკომენდაციები და კომიტეტის გადაწყვეტილება გადაეგზავნა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.
2013 წლის 7 მარტს ჩატარდა ფსიქიატრიის დარგში არსებული პრობლემების განხილვა. საკომიტეტო სხდომაზე განხილულ იქნა ფჯდ საერთაშორისო მიმართულებები და სისტემები, საქართველოს მოდელი, ჰოსპიტალური და ჰოსპიტალგარეშე სერვისები, თემზე დაფუძნებული სამსახურები. კომიტეტმა, დარგის ექსპერტებთან ერთად, მიზანშეწონილად ჩათვალა ფჯდ პოლიტიკის დოკუმენტისა და 2014-2017 წლების დარგის განვითარების სტრატეგიული გეგმის შექმნა; ზემოაღნიშნული დოკუმენტები საშემოდგომი სესიაზე წარედგინება საქართველოს პარლამენტს.
2013 წლის 19 მარტს კომიტეტმა მოისმინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინფორმაცია მიმდინარე რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. აღნიშნულ სხდომაზე კომიტეტმა დეტალურად განიხილა ახალი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ამოქმედდა 2013 წლის 28 თებერვლიდან.
2013 წლის 30 აპრილს კომიტეტმა მოისმინა „სამედიცინო მედიაციის სამსახური“-ს 2012 წლის ანგარიში. სსიპ „სამედიცინო მედიაციის სამსახური“ წარმოადგენს დავების რეგულირების ალტერნატიულ ორგანოს, რომლის ფუნქციებია: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სამედიცინო მედიაციის სამსახურისათვის განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში ქონებრივი დავების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების/რეკომენდაციის მიღება ისეთი სახის ურთიერთობებში, რომელიც წარმოიშობა:
ა) პაციენტსა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის;
ბ) სადაზღვევო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის;
გ) პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის;
2013 წლის 13 ივნისს კომიტეტმა მოისმინა სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ინფორმაცია შესრულებული სამუშაოსა და სამომავლო გეგმების თაობაზე. სხდომაზე დეტალურად იყო წარმოდგენილი ინფორმაცია სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის, სოციალური პაკეტის, საარსებო შემწეობის, დევნილთა შემწეობის, ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო დახმარების და ა.შ. შესახებ.
IV.კომიტეტთან არსებული მრჩეველთა საბჭოები
არსებული პრობლემების შესწავლის, ნაკლოვანებების გაანალიზებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სისტემის დანერგვის, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის რეკომენდაციების შემუშავებისა და საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანი განხორციელების მიზნით, კომიტეტთან შექმნილია 5 მრჩეველთა საბჭო:
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხთა მრჩეველთა საბჭო;
- ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში მრჩეველთა საბჭო;
- ჯანმრთელობის დაცვის სისტემის რეფორმის საკითხებში მრჩეველთა საბჭო;
- ნევროლოგიის საკითხებში მრჩეველთა საბჭო;
- ანტინარკოტიკული პოლიტიკის მრჩეველთა საბჭო;
საბჭოების მუშაობის ფორმატში ჩატარებულია 11 სხდომა. შემუშავებული რეკომენდაციების უმეტესი ნაწილი გაზიარებულია დარგობრივი სამინისტროს მიერ, ან/და ასახულია საკანონმდებლო ინიციატივებში.
V.თანამშრომლობა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და ერთობლივად
მიღწეული შედეგები
ჯანდაცვა
- კომტეტმა დარგობრივ სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობით ხელი შეუწყო 2013 წლის 28 თებერვალს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის I ეტაპის ამოქმედებას. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელებაში ჩაერთო ქვეყნის მასშტაბით მოქმედი კლინიკების უმრავლესობა (>80%). პირველ ეტაპზე, თებერვლიდან ივნისის პერიოდის ჩათვლით სტატისტიკური მონაცემები ასეთია:
- გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება მიიღო - 29, 231 მოქალაქემ;
- გადაუდებელი სტაციონარული დახმარება - 6, 363 მოქალაქემ;
- გეგმიურ ამბულატორიულ და პოლიკლინიკურ სერვისებზე დარეგისტრირდა 1,468,450 პირი.
- საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის II ეტაპი 1 ივლისიდან ამოქმედდა. მანამდე კი კომიტეტისა და დარგობრივი სამინისტროს მიერ ჩატარებულია ათობით ერთობვლივი შეხვედრა-დისკუსია. პროგრამა ჯანდაცვის სერვისების 6 ძირითად ბლოკს მოიცავს:(1) პირველადი ჯანდაცვის გაფართოვებულ მომსახურებას; (2) გადაუდებელ ამბულატორიულ დახმარებას; (3) გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას; (4) გეგმიურ ქირურგიულ ოპერაციებს; (5) ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობასა და (6) მშობიარობას. ამასთანავე მნიშვნელოვნად გაფართოვდა პირველადი ჯანდაცვისა და გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების მოცულობა. მაგალითად, ოჯახის/უბნის ექიმის ვიზიტებს დაემატა 7 ექიმ-სპეციალისტის კონსულტაციები და გაიზარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩამონათვალი.
- კომიტეტისათვის უმნიშვნელოვანესია ის სტატისტიკური მაჩვენებლები, რაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის II ეტაპის ფარგლებში 2 თვის განმავლობაში (1 ივლისიდან 1 სექტემრამდე) გამოიკვეთა;
სამედიცინო მომსახურება მიეწოდა - 47, 935 მოქალაქეს, მათ შორის:
- გადაუდებელი ამბულატორიული - 32,750 შემთხვევა;
- გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება - 7,235 შემთხვევა;
- გეგმიური ქირურგიული მომსახურება (გარდა კარდიოქირურგიისა) – 866 შემთხვევა;
- კარდიოქირურიული 143 შემთხვევა;
- ონკოლოგია - ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია - 1, 033 შემთხვევა;
- მშობიარობა და საკესრო კვეთა - 5, 908 შემთხვევა.
- კომიტეტის მიერ მოსმენილ იქნა სადაზღვევო სექტორში შექმნილი მდგომარეობა; სამინისტროსა და დარგის ექსპერტებთან ერთად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კერძო სადაზღვევო კომპანიების მიერ განხორციელებული ჯანდაცვის პროგრამების ეტაპობრივი გადმობარების თაობაზე. 2009 წლიდან კომპანია „ალფა“ თბილისში, შიდა ქართლსა (გორი, კასპი) და გურიაში (ლანჩხუთი, ოზურგეთი, ჩოხატაური) ახორციელებდა ჯანდაცვის სადაზღვევო პროგრამებს სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის („უმწეოთა პროგრამა“). მ/წ 19 მაისიდან „ალფას“ პროგრამებს უკვე სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს, პროგრამის უწყვეტობისათვის კი კომპანიას „ალფასთან“ ერთად შემუშავებულია 1-თვიანი გარდამავალი პერიოდის გეგმა.
- ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურების შეფასება და მომზადდა 2-წლიანი სამოქმედო გეგმა, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს სასწრაფოს გამოძახებებზე დროული რეაგირება. თბილისისა და 62 რაიონული ცენტრის მასშტაბით განისაზღვრა სისტემის საჭიროებები ავტოპარკის, აპარატურის, საკომუნიკაციო (სადისპეჩერო, რადიო გადამცემები) და საკადრო სისტემის კუთხით. სამოქმედო გეგმის განხორციელება დაიწყო თბილისში მერიასთან, 033-ის და 112-ის სამსახურებთან ერთად.
- 2012 წლის ბოლოსათვის დაუზუსტებელი იყო ქვეყანაში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების როგორც რაოდენობრივი, ასევე ხარისხობრივი მახასიათებლები. 2013 წლის იანვარში ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების პასპორტიზაცია. განისაზღვრა 1,563 დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურული, საკადრო და ადმინისტრაციული რესურსების მოცულობა. აღნიშნული ინფორმაცია უმნიშვნელოვანესია ჯანდაცვის სისტემის ეფექტური მოწყობის, რეგულაციებისა და ანგარიშგების მექანიზმების შემუშავებისა და ამოქმედებისათვის.
- კომიტეტი აქტიურად არის ჩართული პირველადი ჯანდაცვის პრობლემების მოგვარების პროცესში. კომიტეტის წევრები სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობენ მ/წ აგვისტოში ახალი ფორმატით ამოქმედებულ პირველადი ჯანდაცვის საბჭოს მუშაობაში. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის I ფაზის მიმოხილვამ და სხვადასხვა რაიონში ჩატარებულმა ვიზიტებმა მნიშვნელოვანი პრობლემები გამოავლინა „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის განხორციელების, მონიტორინგისა და დაფინანსების კუთხით. საბჭოს დაევალა პირველადი ჯანდაცვის ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება 2013 წლის ბოლომდე.
- თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო კომისიის მუშაობაში ჩართულია საპარლამენტო კომიტეტი. სამინისტროსთან ერთად მუშავდება საქართველოში თამბაქოს კონტროლის გაძლიერების მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებთან მჭიდრო თანამშრომლობით მუშავდება. იგეგმება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ჩარჩო-კონვენციით გათვალისწინებული საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარება მოსახლეობაში თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის ტვირთის შესამცირებლად.
- კომიტეტის წევრები მონაწილეობენ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (საბჭო) მუშაობის პროცესში; დაინერგა დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის სავალდებული 24 საათიანი შეტყობინების სისტემა. შემუშავდა ქვეყნის მასშტაბით მოქმედი სამშობიარო სახლების რეგიონალიზაციის - დონეებად დაყოფის გეგმა, ამასთანავე, დედათა და ჩვილ ბავშვთა ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირების მიზნით, საერთაშორისო ორგანიზაციებთან (UNICEF, JSI, UNFPA) თანამშრომლობით მუშავდება მაღალი რისკის ორსულთა და ახალშობილთა რეფერალის (გადაყვანის) სისტემის მკაფიო კრიტერიუმები და იგეგმება სამედიცინო კადრების სწავლება.
- კომიტეტთან არსებული „ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში მრჩეველთა საბჭოს ფარგლებში „ფონდი ღია საზოგადოება-საქართველოსთან“, გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და ევროკავშირთან (EU) თანამშრომლობით დაწყებულია მუშაობა ფსიქიკური ჯანდაცვის განვითარების პოლიტიკის დოკუმენტზე, რომელიც სექტემბრის თვეში წარედგინება საქართველოს პარლამენტს. ევროკავშირთან (EU) თანამშრომლობით დაწყებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული სერვისების დეტალური შეფასება. ასევე წლის ბოლოსათვის დასრულდება 2014-2017 წლების დარგის განვითარების სამოქმედო გეგმის შემუშავება.
სოციალური დაცვა
- 2013 წლის ბიუჯეტით განხორციელდა პენსიებისა და სოციალური გასაცემლების ეტაპობრივი ზრდა.
- პირველი ეტაპი დაიწყო აპრილის თვეში. 681 392 პენსიონერს პენსია 110 ლარიდან გაეზარდა 125 ლარამდე, ხოლო სექტემბერში - 150 ლარამდე;
- 21 892 მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სოციალური პაკეტი 100 ლარიდან გაეზარდა 125 ლარამდე, ხოლო სექტემბრიდან - 150 ლარამდე;
- 72 200 მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სოციალური პაკეტი 70 ლარიდან გაეზარდათ 100 ლარამდე; (მათ შორის ბავშვები);
- 4 340 ბავშვობიდან შშმპ პირებს, რომელთაც 18 წლის ასაკის მიღწევისას დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შშმპ სტატუსი, სოციალური პაკეტი 70 ლარიდან გაეზარდათ 100 ლარამდე;
- 8 581 შშმპ სტატუსის მქონე ბავშვი 70 ლარიდან 100 ლარამდე;
- 26 700 პირს, მარჩენალდაკარგულ ოჯახის წევრებს, 55 ლარიდან 100 ლარამდე;
- 1350 პირს, პოლიტიკური რეპრესიების მხსვერპლად აღიარებული 62 ლარიდან 107 ლარამდე;
- 9 პირს, პოლიტ. რეპრესიების მსხვერპლად აღიარებულს, რომლებიც ამავდროულად არის ომის მონაწილე 77 ლარიდან 122 ლარამდე;
- „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებული ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დაფინანსების და გაცემის წესის შესახებ“ 2013 წლის 1 მარტის 45-ე დადგენილების თანახმად, დაიწყო ეგრეთ წოდებული რეგრესის პენსიის გაცემა. პენსიას იღებს 534 ბენეფიციარი - 138 ლარამდე (საშუალო). ამასთან გასტუმრებულია 2007 წლიდან რიცხული გასაცემელი;
- 2013 წლის 1 აპრილიდან დაიწყო ძალოვანი უწყებების პენსიონერებისათვის კომპენსაციების ხელახალი გადაანგარიშება. გადაანგარიშება შეეხო 17 121 მოქალაქეს. საშუალო გასაცემელი:
- 1 აპრილამდე - 168 ლარი;
- 1 აპრილიდან - 272 ლარი;
- 1 სექტემბრიდან 292 ლარი.
- 2013 წლის 1 ივლისიდან 439 152 სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ პირთათვის (141 218 ოჯახი) გაორმაგდა სოციალური დახმარება და ოჯახის უფროსი წევრი, ნაცვლად 30 ლარისა, ღებულობს 60 ლარს, ხოლო ყოველი მომდევნო წევრი ნაცვლად 24 ლარისა, მიიღებს 48 ლარს.
სოციალური მიზნით გასაცემლის ოდენობა:
2012 წლის სექტემბერში - 110 მლნ 922 825 ლარი;
2013 წლის სექტემბრიდან - 145 მლნ. 529 303 ლარი.
აქედან საარსებო შემწეობის ოდენობა:
2012 წლის სექტემბერში - 12 მლნ. 047 184 ლარი; საშუალოდ 1 ოჯახზე 79 ლარი;
2013 წლის სექტემბრიდან - 22 მლნ. 996 359 ლარი; საშუალოდ 1 ოჯახზე 158 ლარი;
VI.მნიშვნელოვანი ღონისძიებები
2012 წლის 20 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა-დისკუსია „მხარი დაუჭირე თამბაქოსგან თავისუფალ გარემოს“, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ექსპერტები. ორგანიზებული იყო ფოტოგამოფენა.
2013 წლის 7 მარტს კომიტეტის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია-გამოფენა: „უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობა - თანამედროვე მოდელები, პრობლემები, საჭიროებები, გადაჭრის გზები“. საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა ფსიქიკურად დაავადებულ პირთა გამოფენა-გაყიდვას და შემოსული თანხები მოხმარდა სარეაბილიტაციო ცენტრს.
2013 წლის 1 ივნისს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით კომიტეტმა ორგანიზება გაუწია აზერბაიჯანისა და საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოლიდარობის აქცია-ესტაფეტას საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც ეტლით მოსარგებლე შშმ პირებთან ერთად ესტაფეტაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის წევრებმაც.
აქციის მიზანი იყო კანონმდებლებისთვის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების უკეთ გაცნობა და მათი მდგომარეობის გათვალისწინება გადაწყვეტილების მიღების დროს.
2013 წლის 19 ივნისს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა ჩაატარა UNDP-ისა და საქართველოს პარლამენტის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა თემაზე: „საქართველოს მთავრობის 2014 წლის პრიორიტეტები და პროგრამები სოციალური დაცვის სფეროში“.
შეხვედრის მიზანი იყო იმ პრიორიტეტებსა და პროგრამების დეტალურად განხილვა, რომელსაც 2014 წლისთვის გეგმავს საქართველოს მთავრობა სოციალური დაცვის სფეროში.
VII.კომიტეტის კვლევითი საქმიანობა
საკანონმდებლო გარემოს შემდგომი სრულყოფისათვის, საერთაშორისო სტანდარტების გაცნობისა და შესაძლო გაზიარების მიზნით, პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტიდან მიღებულ იქნა შემდეგი ანალიზური მასალა:
1.საერთაშორისო გამოცდილება ფსიქიკურად დაავადებულ პირთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ;
2.თამბაქოს ნაწარმის შეზღუდვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში;
3.ტუბერკულოზით დაავადებულ პირთა მკურნალობის დამყოლობისა და არანებაყოფლობითი იზოლაციის სამართლებრივი მექანიზმები;
4.მარტოხელა და მრავალშვილიანი დედის მიმართ გათვალისწინებული შეღავათები და სტატუსის განსაზღვრის წესი საერთაშორისო პრაქტიკაში;
5.შრომითი კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტები;
6.ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო კონვენციები;
VIII.თანამშრომლობა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან
კომიტეტთან არსებულ მრჩეველთა საბჭოებში გაერთიანებულია საქართველოში მოქმედი 26 არასამთავრობო და 8 საერთაშორისო ორგანიზაცია.
კომიტეტი აქტიურედ თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა: UNDP; UNICEF; UNFPA; Save the children, ევრო კავშირი(EU), გლობალური ფონდი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო. კომიტეტს მათთან ერთობლივი ღონისძიებების სახით ჩატარებული აქვს კონფერენციები, სემინარები, სამუშაო შეხვედრები და ფორუმები.
მიმდინარე პერიოდში კომიტეტი 4 საერთაშორისო ორგანიზაციის (UNDP; ევრო კავშირი(EU), ღია საზოგადოება - საქართველო, GIP-თბილისი) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს 3 მნიშვნელოვან პროექტს.
|