|
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა |
| ბეჭდვა | |
|
სამშაბათი, 24 სექტემბერი 2013 22:13 |
|
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, როგორც ანაზღაურების გარეშე, ასევე ანაზღაურებადი შვებულების დღეების რაოდენობა იზრდება. ასევე, იზრდება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე გასაცემი ფულადი დახმარების ოდენობა. აღნიშნული ცვლილება შედის „საქართველოს შრომის კოდექსში“, რომელიც დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს.
პროექტის თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, შვებულება იზრდება 477-დან 730 კალენდარულ დღემდე. 126 დღის ნაცვლად ანაზღაურებადი ხდება 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების ან ტყუპის შობის შემთხვევაში 140 დღის ნაცვლად 200 დღე. 2013 წლის 1 სექტემბრამდე ზედმეტად (არასწორად) გაცემული პენსიის (მათ შორის დანამატის) ლეგალიზაცია ხდება. აღნიშნული ცვლილება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონპროექტებში შედის, რომელიც კომიტეტის სხდომაზე დღეს მეორე მოსმენით განიხილეს და რომლის მიზანია საჯარო საქმიანობის პარალელურად პენსიის მიმღებთა საპენსიო უზრუნველყოფის ადმინისტრირების პროცესი. კომიტეტის სხდომაზე „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი განიხილეს, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციაში 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან ასამოქმედებელ ცვლილებებთან აღნიშნული კანონის შესაბამისობაში მოყვანა. კომიტეტის წევრებმა სხდომაზე განხილული საკითხები მომზადებულად მიიჩნიეს და მათ პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს. |
|
ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2013 10:50 |